Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა სალია “რუსთავი 2“-ში მიმდინარე და დაგეგმილ სიახლეებზე


პაატა სალია
პაატა სალია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას, განცხადებით, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

მე ვერ ვიხელმძღვანელებ „ფეისბუკზე“ განთავსებული პოსტებით. განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ ძალიან ბევრ ადამიანს არ დაუწერია.
პაატა სალია

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, რომ 16 სექტემბრამდე, ვიდრე დილისა და შუადღის გადაცემების სეზონი დაიწყება, „კურიერი“ ეკრანზე დაბრუნდება, თუმცა ის არ ასახელებს საინფორმაციო გამოშვების წამყვანთა ვინაობას:

„თავს შევიკავებ იმ ადამიანების დასახელებისგან, რომლებიც წავიდნენ და სურთ დაბრუნება, ასევე არ მინდა დავასახელო სხვა არხიდან გადმოსული ჟურნალისტები და პროდიუსერები, სანამ არ გავაფორმებთ კონტრაქტებს, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც ცხადდება ამ ადამიანების კანდიდატურა, იწყება მათი ბულინგი მედიაში და გვინდა დავიცვათ ისინი ამ ზეწოლისგან. აუცილებლად იხილავთ ამ სახეებს „კურიერის“ ეთერიდან“.

რაც შეეხება ირაკლი იმნაიშვილს, მასთან კვლავაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. სალია ამბობს, რომ იმნაიშვილს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია საქმიანობა თავის სამუშაო ადგილას და, როგორც კი მოგვარდება გარკვეული საკითხები, გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ.

„რუსთავი 2“-ის არაერთმა თანამშრომელმა „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ ტოვებს არხს, თუმცა, პაატა სალიას თქმით, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არხის თანამშრომელია.

„მე ვერ ვიხელმძღვანელებ „ფეისბუკზე“ განთავსებული პოსტებით. განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ ძალიან ბევრ ადამიანს არ დაუწერია. შესაბამისად, დაველოდოთ, ჩამოვიდეს ყველა შვებულებიდან“.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი კიდევ ერთ სიახლეს აღნიშნავს:

„დღეს დავიბრუნეთ „კომედი არხი“, აღვადგინეთ „კომედი არხის“ ლოგო და უკვე განთავსებულია შესაბამისი გადაცემები“.

სალია განმარტავს, რომ, კომპანია „კომედი არხი“ შეიძინა გვარამიამ და იმ სიხშირეზე გავა „მთავარი“, „კომედი ჯგუფის“ გადაცემები კი ახლა არხ „მესამის“ სიხშირეზე გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ არხი „მესამე“ „ფორმულა კრეატივს“ ეკუთვნოდა, თუმცა მათ ახალი არხის გახსნა გადაწყვიტეს.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG