Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფორმულამ“ მაუწყებლობის ავტორიზაცია მიიღო


კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა. „ფორმულა“ მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს დაიწყებს, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

მანამდე, როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავდა, კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება 5 დღის ვადაში მოსთხოვა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომისიამ კომპანიას მაუწყებელობის ავტორიზაცია მიანიჭა.

შპს „ფორმულამ" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 13 აგვისტოს შეიტანა მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ფორმულას“ ოთხი მესაკუთრე ჰყავს. ისინი კომპანიას თანაბრად ინაწილებენ: მიშა მშვილდაძე - 25%; ირაკლი საღინაძე - 25%; გიორგი ლიფონავა - 25%; ზუკა გუმბარიძე - 25%.

„ფორმულას“ დირექტორი, ზუკა გუმბარიძე, რადიო თავისუფლებასთან აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი არ არის კომპანიის დამფუძნებელი. თუმცა ადასტურებდა, რომ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები არხზე მეწილედ და ინვესტორად შემოსვლის მიზნით.

1 აგვისტოს დავით კეზერაშვილმა ახალი არხის შექმნის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა. ის მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაციას უკიდურესად დიდ საფრთხედ მიიჩნევდა.

XS
SM
MD
LG