Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორმხრივი ცეცხლი სამხრეთ კავკასიაში და საქართველო - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 სექტემბერს


მთიანი ყარაბაღი: საომარი მდგომარეობა საქართველოსთან ახლოს

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული დაპირისპირება უპრეცედენტოდ სახიფათო სახეს იღებს. გახსნილია ორმხრივი ცეცხლი და არიან გარდაცვლილები, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

მოვლენებში საერთაშორისო აქტორებიც ერთვებიან, მაგალითად თურქეთი მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს. 28 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ სომხეთმა უნდა დატოვოს აზერბაიჯანის ტერიტორიები და ეს იქნება რეგიონის გზა მშვიდობისა და სტაბილურობისკენ.

ამ დრომდე წამოსული მესიჯებით, რუსეთი მხარეებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს - "დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი და ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკება დაიწყონ". თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, სწორედ რუსეთი შეეცდება, რომ კავკასიაში გაჩაღებული კონფლიქტი სათავისოდ გამოიყენოს.

ვითარების გამწვავებსი ფონზე მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა საქართველოს საგარეო უწყებამ. თუმცა ოფიციალური განცხადებების კვალდაკვალ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ საჯაროდ აკრძალავს მის ტერიტორიაზე სამხედრო ტრანზიტს.

რა საფრთხეები და გამოწვევები დგას საქართველოს წინაშე? - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

გუშინ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 298 ახალი შემთხვევა. 28 სექტემბერს ვირუსის შედეგად 4 პაციენტი გარდაიცვალა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა.

გუშინ წნორში მოხუცებულთა თავშესაფრის ერთ-ერთ მობინადრეს ვირუსი დაუდგინდა. ახლა თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული.

Stopcov.ge-ს ინფორმაციით თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში 5552 შემთხვევა გამოვლინდა და 2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

წაიკითხე განახლებული ინფორმაცია ვირუსის გავრცელების შესახებ.

ტრამპი vs ბაიდენი - დღეს პირველი საპრეზიდენტო დებატები გაიმართება

29 სექტემბერს კლივლენდში, ოჰაიოს შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი დებატები გაიმართება. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დემოკრატების კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთმანეთს არჩევნებამდე ხუთი კვირით ადრე დაუპირისპირდებიან.

ჯო ბაიდენი მოელის, რომ დებატები რთული იქნება. MSNBC-თვის ვიცემულ ინტერვიუში მან თქვა რომ მოქმედი პრეზიდენტისგან „პირადულ თავდასხმებს“ მოელის.

დებატები არ იქნება იოლი დონალდ ტრამპისთვისაც. ბაიდენთან დაპირისპირებამდე ორი დღით ადრე ნიუ-იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა მონაცემბი, რომლის მიხედვითად პრეზიდენტს ჯამში ათი წელია არ გადაუხდია ფედერალური საშემოსავლო გადასახადი. გამოცემის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში კი მან მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა.

წაიკითხე მეტი.

„ევროპული საქართველო"-ს განცხადებით, მათ აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს

მარნეულსა და გარდაბანში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატის აჰმედ იმამკულიევის ბანერის გაკვრისას აქტივისტის დაზიანების შესახებ იტყობინება პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე. კაპანაძის თქმით, მარნეულში „ევროპული საქართველოს" აქტივისტს რამინ აბდულაევს ტირის თოფიდან ესროლეს. როგორც პარტიაში ამბობენ, მას ტყვია ფეხზე მოხვდა. აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

წაიკითხე მეტი.

5 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა ეკონომიკისა და განათლების სფეროს რეფორმების შესახებ

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა ეკონომიკისა და განათლების სფეროების რეფორმირების პრინციპებზე შეთანხმებას. შეთანხმებაში კერძოდ ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან გამოყვანის მიზნით და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად ეკონომიკისა და განათლების სფეროებში ექსტრაორდინარული რეფორმები განხორციელდება.

შეთანხმება 7 პუნქტს მოიცავს და ის გულისხმობსმოქალაქეებისათვის კერძო საკუთრებაში სახელმწიფო ქონების დაბრუნებას, მთავრობის ბიუროკრატიის შემცირებასა და საჯარო სკოლების ავტონომიას.

წაიკითხე მეტი.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 10 დღეში იწყება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ. 28 სექტემბერს, არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა, უარი თქვეს საქმის ნაფიც მსაჯულთათვის გადაცემაზე, შესაბამისად, 8 ოქტომბრიდან, საქმის არსებით განხილვას მცხეთის რაიონული სასამართლო დაიწყებს.

ბრალდებულების ადვოკატები თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა ნაკლებია, უმჯობესია, საქმეზე განაჩენი მოსამართლემ გამოიტანოს, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, პროცესის გარშემო, თვეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, საზოგადოებაში გარკვეული აზრი შექმნა და არ არის გამორიცხული, რომ ამ აზრმა ზემოქმედება მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე და ისინი არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს.

როგორ წარიმართა სასამართლო პროცეს? რას ამბობენ ბრალდებულები და ბრალმდებლები? - წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

გინესის რეკორდების წიგნი 1927 წლის ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებს ყველა დროის ყველაზე გაყალბებული უწოდებს? რატომ? აი, რატომ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG