საჰაერო ან არტილერიული თავდასხმის შემთხვევაში ქალაქის მცხოვრებლებს შესაძლოა, თავშესაფრის პოვნა გაუჭირდეთ - იმის ფონზე, რომ უკრაინის საზღვართან 140 000-მდე რუსი სამხედროს მობილიზება ომის საფრთხეს რეალურს ხდის. 44-მილიონიანი ქვეყნის ქალაქებში დაიწყეს ბომბსაფრების შემოწმება, ან სულ მცირე, მოსახლეობისთვის ინფორმაციის გაცემა, თუ სად მდებარეობს ეს ცივი ომისდროინდელი თავშესაფრები.
ხერსონში, კიევიდან 545 კილომეტრის მოშორებით, თვის დასაწყისში ქალაქის საკრებულოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 139 ბომბსაფრიდან უმეტესობა ბიზნესის სფეროში „გადაკვალიფიცირდა“, სადალაქოებიდან დაწყებული, ტატუ-სალონებით დამთავრებული. ნაწილი კი იმდენად დაზიანებულია, რომ მათი გამოყენება შეუძლებელია.
ხერსონში სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სამხრეთით, სულ რაღაც 150 კილომეტრში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულია, სადაც, უკრაინული დაზვერვის ცნობებით, მოსკოვმა 33 000-კაციანი სამხედრო დანაყოფი განათავსა, აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო შეიარაღებით. სწორედ ხერსონი შეიძლება იქცეს რუსეთის სამიზნედ, თუ ის შეეცდება მიიტაცოს ტერიტორია რუსეთის საზღვარსა და ყირიმს შორის, რომელთანაც მას ახლა ერთადერთი ხიდი აკავშირებს.
ოლეჰ ჰოლოვატი, ხერსონის საკრებულოს სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, აცხადებს, რომ „ბევრი ბომბსაფარი ცუდ მდგომარეობაშია“.
ოფიციოზის განცხადებით, ნაწილობრივ ამის მიზეზია ის, რომ სახელმწიფოს მხოლოდ 17 თავშესაფარი ეკუთვნის. დანარჩენი ეკუთვნის ამხანაგობის ასოციაციებს ან კერძო საკუთრებაშია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ქალაქის ჩანაწერებში მფლობელი უბრალოდ არ იძებნება...
„ამიტომ, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მოსთხოვონ ამხანაგობების ან მომსახურების კომპანიების ხელმძღვანელებს სარდაფებში ასეთი თავშესაფრების დამონტაჟება“, - განაცხადა ჰოლოვატიმ. „ერთ-ერთ თავშესაფარში, „Naddnipryanska Pravda“-ს საგამომცემლო სახლის ქვეშ, წყალი ჩადის. სხვებში ან სივრცეა ცოტა, ან უბრალოდ ვერ ვაღებთ. ამიტომ, თუ ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობიანი მოსახლეობის თავშესაფრის საკითხზე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყველაზე მარტივი თავშესაფრების - ანუ სარდაფების სათანადო კონდიციებში მოყვანაზე“, - თქვა ჰოლოვატიმ.
სათანადოდ აღჭურვილი და ღია თავშესაფრების უმეტესობა ქალაქის საკუთრებაშია. ერთი მათგანი, ადგილობრივ საავადმყოფოში, 300-მდე ადამიანს იტევს და შეუძლია თავი მოიწონოს 300-ლიტრიანი წყლის ავზებით, კანალიზაციის სისტემით, საჰაერო გაყვანილობით, ელექტროენერგიის გენერატორითა და სათადარიგო შესასვლელით.
სარდაფ-თავშესაფრების უმეტესობის გამოყენება კი, მხოლოდ ერთიდან ოთხი საათის განმავლობაში შეიძლება.
თუ ომი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწევს, მათთვის სამოქალაქო თავდაცვის განგაში გაისმება. ეს სიგნალი ნიშნავს, რომ მათ თავიანთი რადიო და ტელევიზორები უნდა ჩართონ და შემდგომ ინსტრუქციებს დაელოდონ, ნათქვამია ბუკლეტში სათაურით „ომის, ანდაც საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში“, რომელიც 2021 წელს კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროებმა გამოაქვეყნეს.
თავშესაფარში თან უნდა წაიღოთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, წყალი, ფული, მედიკამენტები და გადაუდებელი საჭიროების ნივთები, წერია ბროშურაში.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, 21000 ბომბსაფრიდან მხოლოდ 11 პროცენტია მუშა მდგომარეობაში, - ნათქვამია გადაცემა Current Time-ის დეკემბრის გამოშვებაში (რუსულენოვან Current Time-ის ქსელს მართავს რადიო თავისუფლება ამერიკის ხმასთან თანამშრომლობით).
უფრო დიდ ქალაქებს, კიევს და ხარკოვს, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქი უკრაინაში, აქვთ მეტი მიწისქვეშა გადასასვლელი და ავტოსადგომები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, მათ შორის, მეტროს სისტემები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბომბსაფრად.
ხარკოვის რეგიონმა, რომლის დედაქალაქიც 40 კილომეტრითაა დაშორებული რუსეთის საზღვარს და რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ რუსების შეჭრის სავარაუდო სამიზნედ დაასახელა, იანვარში საკუთარი ბომბსაფრების აუდიტი გამოაქვეყნა. დაახლოებით 80 პროცენტი 300 ბომბსაფრიდან და 4000 სარდაფიდან გამოყენებისთვის მზადაა, განუცხადა ადგილობრივ მედიას რეგიონის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ივან სოკოლმა. პარალელურად, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ადგილობრივმა ერთეულმა პროვინციის დედაქალაქის 1,4 მილიონი მოსახლისთვის ბომბის თავშესაფრების ონლაინინტერაქციული რუკა შექმნა.
კიევში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაახლოებით 4 500 მიწისქვეშა თავშესაფრიდან 19 პროცენტი არ არის მზად გამოსაყენებლად. ხერსონის მსგავსად, აქაც ბევრი ფართობია გადაკეთებული კომერციულ ბიზნესსივრცედ, მათ შორის, სტრიპტიზ-კლუბადაც.
სხვადასხვა მედია იუწყება, რომ კლუბის მფლობელმა, რომელიც კიევის ცენტრალურ სტადიონთან მდებარეობს, პირობა დადო, რომ შეუშვებს ხალხს, თუ ქალაქს თავს დაესხმებიან.
„იმედია, ფეის-კონტროლი ძალიან მკაცრი არ იქნება“, - იხუმრა იქვე მცხოვრებმა უკრაინის რადის წევრმა ლესია ვასილენკომ ტვიტერზე.