Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებ ული ცხინვალის უზენაესმა სასამართლომ დე ფაქტო დეპუტატებს სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ოპოზიციონერი ე. წ. დეპუტატების სარჩელი დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოში რეგლამენტის დარღვევით კანონების მიღების შესახებ. სასამართლომ მათ სარჩელი უკან დაუბრუნა. ე.წ. დეპუტატები მეორე სარჩელს ამზადებენ.

16 თებერვალს დე ფაქტო პარლამენტი, კვორუმის არარსებობის მიუხედავად, შეიკრიბა და ბიუჯეტი დე ფაქტო პრეზიდენტის მომხრეთა უმრავლესობით მიიღო. დე ფაქტო პარლამენტის რეგლამენტის 51-ე მუხლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დეპუტატთა საერთო რაოდენობის 2/3, ხოლო 16 თებერვალს 34 ადამიანიდან 18-მა მიიღო სხდომაში მონაწილეობა. შესაბამისად, ბოიკოტის მომხრე 14 დეპუტატი პარლამენტის მიერ ამ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას არაკანონიერად მიიჩნევს.

დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ იხელმძღვანელა „რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით და უარი თქვა ადმინისტრაციული სასარჩელო განცხადების მიღებაზე. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებმა არ მიუთითეს მათი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტები.

დე ფაქტო პარლამენტში გაიმართა კომიტეტის სხდომა, სადაც რეგლამენტის საკითხი განიხილეს. ე. წ. დეპუტატ დავით სანაკოევის თქმით, შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ყველა პარტიის წარმომადგენლები და პარლამენტის ხელმძღვანელები. სანაკოევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტი ახლა საერთოდ რეგლამენტის გარეშე მუშაობს და ეს კანონდარღვევაა.

„შედგა კომისიის სხდომა. მოწვეული იყო ყველა დეპუტატი, მაგრამ „ერთიანი ოსეთიდან“ (”ედინაია ოსეტია“- მმართველი პარტია) არავინ იყო. ჩვენ, უბრალოდ, გვინდოდა მათთან ერთად კიდევ ერთხელ გველაპარაკა იმაზე, რაც მოხდა 16 რიცხვში და რამდენად მიიჩნევენ ისინი ლეგიტიმურად ამ ქმედებებს. ჩვენ თვითონ განვიხილეთ ეს საკითხები. იყო ასევე პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, მაგრამ მან ამ კითხვაზე მკაფიოდ ვერ გვიპასუხა. ანუ ჩვენ მას ვკითხეთ, რა დოკუმენტების საფუძველზე მოქმედებს დღეს პარლამენტი, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს“.

ოპოზიციონერი დეპუტატების აზრით, 2004 წელს მიღებული რეგლამენტი არავის გაუუქმებია და ამ დროისთვის ყველა სამუშაო ამ დოკუმენტის შესაბამისად არის შესრულებული.

„დღეს კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს საუბარი საინტერესო არ არის პარლამენტის ხელმძღვანელობისთვის, თუმცა მათ რეალურად დაარღვიეს კანონი”. - განმარტა სანაკოევმა. მისი აზრით, „მას, რაც 16 თებერვალს მოხდა, ეწოდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ზიტა ბესაევა, ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთს სამართლებრივი საფუძვლები გამოაცალეს.

„ჩვენ გარედან გულგრილად ვერ ვუყურებთ, თუ როგორ ანგრევენ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლებს. რა თქმა უნდა, იქნება რეაგირება ყველა გადაწყვეტილებაზე. სხვა საკითხია, გვექნება თუ არა დიალოგი ხელისუფლებასთან და ჩვენს კოლეგებთან. თუ არ არსებობს გაგება, რომ ისინი პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ თავიანთ ქმედებებზე, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს და, რა თქმა უნდა, მაშინ დიალოგიც არ იქნება. თუ არსებობს გაგება, რომ პროცედურები და კანონები, კონსტიტუცია არ შეიძლება დაირღვეს ნებისმიერი რანგის მოხელეების მიერ და რომ დღეს, კონსტიტუციის თანახმად, ჩვენ გვაქვს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევა არის სახელმწიფო სისტემის და, საერთოდ, სახელმწიფოებრიობის განადგურება ... და მე მჯერა, რომ თითოეულმა ჩვენმა კოლეგამ და თითოეულმა მათგანმა, ვინც დღეს გარკვეულ თანამდებობას იკავებს, უნდა იფიქროს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენ არ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ჩვენთან ძალაუფლების ცენტრალიზაცია მიმდინარეობს და, ფაქტობრივად, არ ხდება ხელისუფლების დანაწილება. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში არც ერთი ორგანო დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებებს. და მე არ მჯერა ამ საკითხის ობიექტური განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების”.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი გვეუბნება, რომ ახლა მათთან სამართლებრივი ქაოსია და არავინ იცის, მოვლენები მომავალში როგორ განვითარდება.

„მე არ მაქვს იმედი, რომ მეორე სარჩელის შეტანის შემდეგ სასამართლო საერთოდ დაიწყებს ამ საკითხის განხილვას. ახლა რესპუბლიკაში, სასამართლოც, პარლამენტის ნაწილიც და ყველა უწყება ბიბილოვს ემორჩილება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა. წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. კვორუმი არ ჰქონდათ და სხდომა ისე ჩაატარეს, ბიუჯეტიც მიიღეს, თავის გასამართლებლად კი ის თქვეს, რომ 2004 წელს მიღებული პარლამენტის რეგლამენტი პრესაში არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, უკანონოაო. ესე იგი, რა გამოდის, 16 წელი პარლამენტი უკანონოდ მუშაობდა და ყველა გადაწყვეტილებას უკანონოდ იღებდა? გამოდის, რომ ხელისუფლებამ ამ წლების ყველა გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ამით ხომ საკუთარი ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა? ოპოზიცია ქუჩაში უნდა გავიდეს. კრიზისია ქვეყანაში. ამის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება. ანგრევენ რესპუბლიკის სამართლებრივ საფუძვლებს და პასუხს არავინ სთხოვს“.

უახლოეს დღეებში 14 ე. წ. დეპუტატი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოს სასარჩელო განცხადებით კიდევ ერთხელ მიმართავს.

XS
SM
MD
LG