სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის, ალან ტადტაევის, ბრძანებით, ოპოზიციონერი ე.წ. დეპუტატების ხელფასების გაცემა შეაჩერეს, ვიდრე ინალ ჯაბიევის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო სესიების ბოიკოტს არ შეწყვეტენ და 2021 წლის ბიუჯეტს არ მიიღებენ. ცნობა ამის შესახებ ჟურნალისტებს დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პიოტრ გასიევმა, მიაწოდა. ოპოზიციონერი დეპუტატები ამ ბრძანებას უკანონოდ და დე ფაქტი პრეზიდენტის გუნდის მხრიდან შანტაჟის მცდელობად მიიჩნევენ.
ალან ტადტაევის ბრძანებაში ნათქვამია:
რა სინდისით შეგიძლიათ მიიღოთ ხელფასი, თუ სხვები არ მიიღებენ მას თქვენ გამო? დეპუტატის ძირითადი სამუშაოა კანონშემოქმედება...პიოტრ გასიევი
„საპარლამენტო სესიებში არმონაწილეობისთვის და" სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ "კანონის ჩაგდებასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპენსიო ფონდის ბიუჯეტის არმიღებისა და ზოგიერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ხელფასის გადაუხდელობის გამო, არ გაიცეს დეპუტატებისთვის ხელფასები, საპარლამენტო დანამატები, ასევე ფულადი რესურსები მობილური კომუნიკაციების, მანქანების გასარეცხად და საწვავისა და საპოხი მასალებისთვის".
ტადტაევის ბრძანება ჟურნალისტებთან დე ფაქტო ვიცე-სპიკერმა პიოტრ გასიევმა გაახმაურა.
„ოპოზიციონერი დეპუტატები იბრძვიან ხელისუფლებისთვის და ეს ნორმალურია, მაგრამ ეს უნდა განხორციელდეს არა სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე. რა სინდისით შეგიძლიათ მიიღოთ ხელფასი, თუ სხვები არ მიიღებენ მას თქვენ გამო? დეპუტატის ძირითადი სამუშაოა კანონშემოქმედება, ხოლო პარლამენტის საქმიანობის ერთადერთი პროდუქტი არის კანონები - როგორც მიღებული, ისე მიუღებული. თუ ეს პროდუქტი არ არის ხელმისაწვდომი, თქვენ მინიმუმ პარლამენტშიც რომ დასახლდეთ, ამ პარლამენტში ყოველდღე ათჯერ შეხვდეთ თქვენს ამომრჩეველს, ამას არანაირი სარგებელი არ აქვს რესპუბლიკისთვის ”, - ციტირებს პიოტრ გასიევს სააგენტო „რესი“.
ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ე.წ. დეპუტატი, ზიტა ბესაევა, აღნიშნავს, რომ ალან ტადტაევმა დაარღვია კანონი და გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას, რადგან პარლამენტის სპიკერს დეპუტატების მიმართ არ აქვს ადმინისტრაციული უფლებამოსილებები და ხალხის წარმომადგენლები მასთან არ დებენ შრომით ხელშეკრულებას. ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული და არა ტადტაევის ბრძანებით.
„მისი (ტადტაევის) ფუნქციები საკმარისად არის გაწერილი რეგლამენტში. ამ შემთხვევაში გამოიკვეთა მისი არაპროფესიონალიზმი და, უპირველეს ყოვლისა, კოლეგების უპატივცემულობა. გამოდის, რომ სპიკერმა ულტიმატუმი წამოგვიყენა: სანამ სხდომისთვის არ მოემზადებით, არ მიიღებთ ბიუჯეტს და არ გაითვალისწინებთ ჩვენთვის საინტერესო სხვა საკითხებს, თქვენ ხელფასს არ მოგცემთ. აქ კომენტარი ზედმეტია. მე ყოველთვის ამას ვამბობ: ეს ის სახეა, ვინც ჩვენ გვებრძვის. ეს ის ხალხია, ვინც დღეს ხელისუფლებაშია. მათ არაფრად უღირთ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა. სამწუხაროდ, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ასეთი პრეცედენტების გამო, ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ საპარლამენტო სესიებს. ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ როგორ მოქმედებენ ისინი და ეს არ არის პირველი შემთხვევა”, - ამბობს ზიტა ბესაევა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში.
ჩვენ უარი ვთქვით სხდომებზე დასწრებაზე უკანონობისა და იმის გამო, რომ პრეზიდენტმა არ გამოუგზავნა პარლამენტს წინადადება გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ...ალექსანდრ პლიევი
დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "სახალხო პარტიის" დეპუტატი ალექსანდრ პლიევი მიიჩნევს, რომ სპიკერის ან მისი პირველი მოადგილის საქმე არ არის მათი მუშაობის შეფასება. დეპუტატები რეგულარულად დადიან სამსახურში, ხვდებიან მოსახლეობას, ყოველდღიურად იღებენ მოქალაქეებს, გზავნიან საპარლამენტო მოთხოვნებს.
„დეპუტატს ორი ფუნქცია აქვს - წარმომადგენლობითი და კანონშემოქმედებითი. ჩვენ ვაწარმოებთ წარმომადგენლობით ფუნქციას სრულად. ჩვენ უარი ვთქვით სხდომებზე დასწრებაზე უკანონობისა და იმის გამო, რომ პრეზიდენტმა არ გამოუგზავნა პარლამენტს წინადადება გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ჩვენ გარკვევით ავუხსენით პრეზიდენტს და ახლახან რუს სენატორებს, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს, თუ რატომ ვამბობთ უარს სხდომებზე დასწრებაზე. ჩვენი მხრიდან ეს არის სასოწარკვეთილი ქმედება, უკანასკნელი შესაძლებლობა გავლენა მოვახდინოთ უკანონობაზე. ეჭვგარეშეა, რომ გენერალურმა პროკურორმა ჩაიდინა სრული სამართლებრივი განუკითხაობა. ჩვენ, ფაქტობრივად, დავამტკიცეთ, რაში არის ის დამნაშავე და სად დაუშვა შეცდომები, რის გამოც ადამიანი გარდაიცვალა (ინალ ჯაბიევი). პრეზიდენტთან ყველა შეხვედრაზე მე ნათქვამი მაქვს ეს არგუმენტები გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად. ანატოლი ბიბილოვმა ვერც ერთზე ვერ მიპასუხა. გამოდის, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ახირებაა. ხედავთ, მას არ სურს გენერალური პროკურორის გადაყენება”.
კიდევ ერთი ოპოზიციონერი ე.წ. დეპუტატი, დავით სანაკოევი, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებას დანაშაულებრივად და სულელურად მიიჩნევს:
ტადტაევის გადაწყვეტილება აქ როგორც შანტაჟი, ისე აღიქვეს. ყველას გვესმის, რომ ტადტაევის დასადგენი არ არის დეპუტატების ხელფასების საკითხი, მაგრამ ეს არის ბიბილოვისა და მისი გუნდის პოპულისტური გადაწყვეტილება...
„ეს არის შანტაჟის პოლიტიკის გაგრძელება. მისი მნიშვნელობა ასეთია: ან შენ უარს იტყვი შენს მოთხოვნებზე და გვემორჩილები, ან ჩვენ გავაუარესებთ რესპუბლიკაში ვითარებას და ყოველ ჯერზე დეპუტატებს დავადანაშაულებთ ამ გაუარესებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან დაარღვიონ კანონი, გააყალბონ სისხლის სამართლის საქმე, გაიტაცონ და აწამონ ადამიანები, აშიმშილონ პენსიონერები ... მათ წარმოდგენა არ აქვთ, რომ ამ გზით აჩვენებენ, თუ რამდენად გულგრილები არიან ისინი ჩვენი რესპუბლიკისა და ხალხის მიმართ”.
რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან გვაცნობებს, თუ რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ხელფასის შეწყვეტის თაობაზე.
„სამოქალაქო აქტივისტები მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დეტალებს კარგად იცნობენ. ტადტაევის გადაწყვეტილება აქ როგორც შანტაჟი, ისე აღიქვეს. ყველას გვესმის, რომ ტადტაევის დასადგენი არ არის დეპუტატების ხელფასების საკითხი, მაგრამ ეს არის ბიბილოვისა და მისი გუნდის პოპულისტური გადაწყვეტილება. ხალხს ეუბნებიან: აი, ხედავთ, დეპუტატების გამო თქვენ თუ ვერ იღებთ ხელფასს და პენსიას, ჩვენ მათ დავსჯით და არც ისინი მიიღებენ ხელფასს და დანამატებს. ამ დროს არ ჯობია იფიქრონ გამოსავალზე და იმაზე, რომ საკუთარი ანაზღაურება და პენსია ყველამ პატიოსნად აიღოს? ამას კი ერთი გენერალური პროკურორის გადაყენება სჭირდება და ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. დეპუტატებმა ხალხთან შეხვედრები დაიწყეს და მათთან უფრო მეტი ხალხი გამოდის, ვიდრე ბიბილოვის საზოგადოებასთან შეხვედრებზე. დეპუტატები ხალხს კრიზისის არსს უხსნიან, იმიტომ რომ ადგილობრივი ტელევიზია მათ ამის საშუალებას არ აძლევს და ხალხიც ხვდება, რაშია საქმე. რუსი დეპუტატებიც ეცადნენ გაფიცული დეპუტატების დაყოლიებას, ერთ სესიაზე ისინი შევიდნენ კიდეც, ეს აქაურმა მედიამაც აიტაცა, აი, ბოიკოტი დასრულდაო, რომ იქნებ ჯაბიევის ოჯახი დაებნიათ, მაგრამ დეპუტატებმა ბოიკოტი ისევ პრინციპულად გააგრძელეს“.
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის აგვისტოში დაიწყო. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.
თვე-ნახევრის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.