ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი უკვე გაწერეს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ამ პაციენტების დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სოფელ ღვანკითიდან პირველი პაციენტი, 65 წლის ქალი, ორი კვირის წინ მოათავსეს. მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა მისი ოჯახის წევრებს, 22 აპრილს კი სოფლის კიდევ ოთხ მცხოვრებს. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, 23 აპრილიდან ღვანკითი ჩაიკეტა და სრული კარანტინის ზონად გამოცხადდა. პირველ დღეს სოფელში თერმოსკრინინგი 700-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. საეჭვო სიმპტომების გამო, ტესტირება 18-ს ჩაუტარდა და ორ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს პაციენტები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 აპრილს გადაიყვანეს. ამ ეტაპზე კლინიკაში სოფელ ღვანკითის 5 მცხოვრებს მკურნალობენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგაძის, ინფორმაციით, ღვანკითში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება და სპეციალისტები დაავადებულთა კონტაქტებს იკვლევენ. გოჩა გიორგაძის განმარტებით, ინფიცირებული პირები შესაძლოა სხვადასხვა კლასტერს წარმოადგენდნენ:
„ვერ ვიტყვით, რომ ბოლოს გამოვლენილი პაციენტები წარმოადგენენ კონტაქტებს უკვე დადასტურებული შემთხვევების. მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, რაც საჭიროა ამ შემთხვევების წყაროების დასადგენად და თუ რამდენად არიან ისინი ერთმანეთთან კავშირში. შეიძლება უკავშირდებოდეს არა ერთ, არამედ რამდენიმე შემთხვევას“.
ღვანკითს, სადაც 2 500-მდე ადამიანი ცხოვრობს, პოლიციელები ხუთ ადგილზე განთავსებული ბლოკ-პოსტებიდან აკონტროლებენ. სოფლის მცხოვრებნი ამბობენ, რომ ორი კვირაა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, თვითიზოლაციაში არიან და სახლიდან არ გადიან:
ზოგს ფულიც არ აქვს სახლში. ამ მდგომარეობისთვის ვინ იყო მომზადებული?! სოფლის მდგომარეობა კი იცით, ზოგს ყველი უნდა გაეყიდა...ნანა სახელაშვილი
„ოჯახში ხუთნი ვართ, ვართ მშვიდად, იზოლაციაში. ჩაგვიტარდა თერმოსკრინინგი. არ გვაქვს რაიმე სიმპტომი. ანალიზებს უღებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი აღმოაჩნდება“, -ამბობს ღვანკითში მცხოვრები ელენე მახვილაძე.
ღვანკითის მცხოვრებთა ინფორმაციით, მათ პროდუქტის შეძენა შეუძლიათ, რადგან სოფელში სამი მაღაზიაა, რომელიც დღეს დამატებით მოამარაგეს, თუმცა სოფლის მცხოვრებთა ნაწილი ამას ვერ ახერხებს, რადგან საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი პროდუქცია ვერ გაყიდა, რომ იმ თანხით სხვა საჭირო საკვები მოემარაგებინა:
„ზოგს ფულიც არ აქვს სახლში. ამ მდგომარეობისთვის ვინ იყო მომზადებული?! სოფლის მდგომარეობა კი იცით, ზოგს ყველი უნდა გაეყიდა“, - ამბობს ნანა სახელაშვილი.
ცენტრალიზებულად მუშაობს ბევრი სტრუქტურა, იმისთვის რომ იყოს ოპტიმალური ვარიანტი პროდუქტის რეალიზაციის, რათა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მოსახლეობასაც ჰქონდეს საარსებო წყარო.ნინო ჯანელიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ღვანკითის მაჟორიტარი დეპუტატის, სოფიო ბუსკივაძის, განცხადებით, სოფელში ხელმისაწვდომია პირველადი საჭიროების პროდუქტები და მედიკამენტები. მისივე თქმით, თუ მოქალაქეებს დამატებით სჭირდებათ მედიკამენტები, რომლებიც ადგილზე არ იყიდება, თავად მიდის რაიონულ ცენტრში და იქ ყიდულობს:
„მოდიან ბლოკ-პოსტამდე, მაწვდიან რეცეპტს, მიმაქვს წამლები და აქედან ვაწოდებ“.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის, ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სპეციალური შტაბი, რომელიც მკაცრი კარანტინის პირობებში მყოფი მოსახლეობის საჭიროებებზე მსჯელობს. რამდენიმე დღეში გადაწყდება, თუ როგორ დაამუშავებს მოსახლეობა მიწის იმ ნაკვეთებს, რომლებიც საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით მდებარეობს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მსჯელობენ იმ პროდუქტების რეალიზაციაზეც, რომელიც მოსახლეობას გასაყიდად დაუგროვდა:
„ცენტრალიზებულად მუშაობს ბევრი სტრუქტურა, იმისთვის რომ იყოს ოპტიმალური ვარიანტი პროდუქტის რეალიზაციის, რათა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და მოსახლეობასაც ჰქონდეს საარსებო წყარო“.
რამდენ ხანს გასტანს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში სრული კარანტინის რეჟიმი, ჯერჯერობით უცნობია.