“შეუძლებელია რაიმე რეგულირება არსებობდეს, რომელიც ერთნაირად მოაქცევს საკანონდებლო სივრცეში ისეთი ფართო გამოხატვის ფორმებს, როგორიცაა დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა... “ - უთხრა რადიო თავისუფლებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელმა ნატა ძველიშვილმა პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაჟღერებული ინიციატივის პასუხად. ინიციატივა საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებული პროცესების “ცივილურ ჩარჩოებში” მოქცევას შეეხებოდა.
“ჩვენს ქვეყანაში, და არა მხოლოდ ჩვენთან, პოლარიზაციამ უკიდურესი ხასიათი მიიღო.ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს.
საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრობას. მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება. ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს, - დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ.
როდესაც მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად საზოგადოება ინფორმაციის მიღმა შეიძლება დარჩეს, რაც მას ართმევს ანალიზის საშუალებას, გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს. დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება.” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტრის რანგში პარლამენტში პირველად სიტყვით გამოსვლისას.
“როგორც ჩანს, მას ერთნაირად აწუხებს სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაში გამოხატული უარყოფითი მოსაზრებები და ამ ყველაფრისსაკანონმდებლო სივრცეში ერთად მოქცევა ისე, რომ გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს, ფაქტობრივად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი ეს განცხადებები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. “ - გვითხრა ნატა ძველიშვილმა, რომელიც თვლის, რომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებადა დეზინფორმაცია იმდენად სხვადასხვა რამეა, რომ მათი ერთ ჭრილში განხილვა და ერთ განცხადებაში მოქცევაც კი წარმოუდგენელია.
“ძალიან თვალსაჩინოა ისიც, რომ თუკი სხვა საკითხებზე იძახის, რომ მისი კომპტენცია არ არის, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ცალსახად და ხშირად ამბობს, რომ რეგულირება აუცილებელია. თანამედროვე სამყაროში, სოციალური ქსელების პირობებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ისე, რომ რაღაც არ დაზიანდეს, სრულიად წამოუდგენელია. ეს ნიშნავს იმას, რომ მთლიანი პლატფორმები უნდა გააუქმო და გავხდეთ ისეთი ქვეყანა, სადაც გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკიც არ არის. “ - ამბობს ნატა ძველიშვილი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ცილისწამებისგან დასაცავად თავისუფალი სიტყვის რეგულირების ინიციატივას აყენებს.
სალომე ზურაბიშვილმა პირველად 2018 წლის 31 დეკემბერს, საახალწლო მიმართვისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეიძლება კანონით ერთდროულად იყოს დაცული სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაშინ ამ ინიციატივაში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე დაინახეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს, თავის პირველივე პრესკონფერენციაზე, მოკლე შესავალ სიტყვაში ისევ ახსენა „კანონი ცილისწამების“ შესახებ. სამოქალაქო საზოგადოებამ მისი სიტყვები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დასაწყისად აღიქვა.