"ბოლტის" აპლიკაციაზე მომუშავე მძღოლები ასევე ითხოვენ საქართველოში ოფისის გახსნას, 24-საათიანი ქოლცენტრის ამოქმედებას, შორ მანძილზე ფასის კომპენსაციასა და ლოდინის ღილაკის დამატებას.
რა შეიცვალა?
2022 წლის გაზაფხულზე "ბოლტმა" მგზავრობის საფასური დაახლოებით 10%-ით გაზარდა. თუმცა, მძღოლები ამბობენ, რომ კონკურენციის გამო, 2023 წლიდან კომპანიამ ისევ ძველი, იაფი ტარიფი დააბრუნა, მძღოლებისთვის საკომისიო კი გაზარდა. თუ ადრე გამომუშავებული თანხის 20 პროცენტი მიჰქონდა კომპანიას, ახლა 23,6% მიაქვს.
"ტარიფები ყოველთვის ცვალებადია, მაგრამ საკომისიოს ცვლილება მძღოლების შემოსავალზე პირდაპირპროპორციულად აისახება. პირადად მე მინიმუმ 20%-ით შემიმცირდა შემოსავალი", - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯარჯი ხმალაძემ, რომელიც "ბოლტის" მძღოლად თითქმის 1 წელია მუშაობს.
"ბოლტმა" მძღოლებს საკომისიო მას შემდეგ გაუზარდა, რაც სახელმწიფომ ტაქსის საკომისიო მომსახურების დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) დააწესა.
"ბოლტის" მძღოლები ამბობენ, რომ ცვლილება მომსახურების ხარისხზე აისახება, მანქანის მოვლა ძვირდება, მათი შემოსავალი კი მცირდება.
"ამას ემატება ისიც, რომ ძალიან დიდი საცობებია და ფიზიკურად ვეღარ ვასწრებთ შეკვეთებს და გამომუშავებულ თანხას დაეტყო ეს ყველაფერი. ასევე, გაუმართავია ტაქსის გამოძახების აპლიკაციაც, ხშირად იჭედება და ასე შემდეგ", - ეუბნება "ბოლტის" კიდევ ერთი მძღოლი უტა შინჯიკაშვილი რადიო თავისუფლებას.
წერილს მოთხოვნებით, რომელიც კომპანიას ელექტრონული ფოსტით იანვრის შუა რიცხვებში გაეგზავნა, "ბოლტის" პარტნიორი 260 მძღოლი აწერს ხელს.
რას ნიშნავს პარტნიორი მძღოლი?
"ბოლტის" და მსგავს პლატფორმაზე დასაქმებულ ადამიანებს, იქნება ეს Bolt Food, Wolt, Yandex, Glovo თუ სხვა, კომპანიები არა შრომით ხელშეკრულებას, არამედ პარტნიორულ ან მომსახურების ხელშეკრულებებს უფორმებენ.
რატომ ხდება ეს?
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ პარტნიორულ ან მომსახურების ხელშეკრულებას შრომითი კანონმდებლობა ნაკლებად არეგულირებს და კომპანიებიც ხარჯებს ზოგავენ. ამ ხელშეკრულებებით დასაქმებულებს, რომლებსაც კანონი დასაქმებულადაც არ აღიქვამს, არ აქვთ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი მინიმალური გარანტიებიც კი, როგორიცაა შვებულება, ბიულეტენი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ხელშეკრულების პირობების დაცულობა და ასე შემდეგ.
"პლატფორმული დასაქმება არის თუ არა შრომითი ურთიერთობა - ამ საკითხზე ბევრ ქვეყანაშია დავა და ბევრი ქვეყანა ასეთ ურთიერთობას შრომით ურთიერთობად მიიჩნევს, იმიტომ რომ სახეზეა, ფაქტობრივად, ყველა ის ელემენტი, რომელიც შრომით ურთიერთობას უნდა ჰქონდეს: დაქვემდებარებულობა, კომპანიის მიერ დაწესებული წესები, სანქციები და სხვა", - ამბობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, იურისტი თამარ სურმავა და განმარტავს, რომ "ბოლტის" მძღოლების მოთხოვნები შეეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც შრომითი ურთიერთობის პირობებში, დამსაქმებლის ცალმხრივი გადასაწყვეტი არაა. მაგალითად, აკრძალულია დამსაქმებლის მიერ ხელფასების ცალმხრივად შემცირება, პირობების შეცვლა და ასე შემდეგ.
მსგავს პლატფორმებზე მომუშავე მძღოლებისა და კურიერების უფლებების დასაცავად პროფკავშირების გაერთიანებას თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელიც ჰქონდა შეტანილი.
სხვა მოთხოვნებთან ერთად, კურიერმა, რომელიც კომპანია "ვოლტში" 2020 წლის ნოემბრამდე მუშაობდა, სასამართლოს მოსთხოვა განესაზღვრა, მისი ხელშეკრულება შრომითი იყო თუ მომსახურების.
პროფკავშირების გაერთიანებაში ახლა უზენაესი სასამართლოს საბოლოო დასკვნას ელოდებიან, რომელმაც მძღოლებთან თუ კურიერებთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირებაზე გავლენა უნდა იქონიოს.
კიდევ რას ითხოვენ მძღოლები?
"ბოლტის" პარტნიორი მძღოლები კომპანიის მხრიდან უყურადღებობასა და სხვადასხვა პრობლემის დროს კომუნიკაციის ნაკლებობაზეც ჩივიან. მათი თქმით, ადამიანების ნაცვლად, ჩეთბოტებთან უწევთ ურთიერთობა, რომელიც მათ შაბლონებით პასუხობს.
"ბოლტს" საქართველოში წარმომადგენლობა არ ჰყავს. კომპანიის ცენტრალური ოფისი ესტონეთშია და აქ მხოლოდ ე.წ. ელჩი რიგითი მძღოლები ჰყავთ, რომლებიც ხელმძღვანელობასა და მძღოლებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებენ.
"ძალიან ვართ ნაწყენები. ფეისბუკში ასპონსორებენ რეკლამებს: "გახდი ბოლტის მძღოლი საკუთარი ავტომობილით და გამოიმუშავე 1500 ლარი კვირაში", ამ გაზრდილი საკომისიოთი, სამწუხაროდ, იმის ნახევარსაც ვერ იშოვის ვერავინ, სულ რომ 10-12 საათი იმუშაოს, დადგენილი 8 საათის ნაცვლად. ბევრმა მძღოლმა ბანკიდან ავიღეთ სესხი, ვიყიდეთ ძვირად ღირებული ავტომობილები, რადგან მაღალი მოთხოვნები აქვთ. ითხოვენ 2010 წელზე ზევით ავტომობილს, რათა შევცვალოთ გადაადგილების კულტურაო. ჩვენ ბანკის ვალები ავიღეთ, ბანკი ორმაგს გვახდევინებს, ვიდრე მანქანის თვითღირებულებაა, იმიტომ, რომ პროცენტი ბევრწლიანია და აღმოვჩნდით ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში", - ჰყვება გიორგი ჟამურელი.
ის მე-7 წელია "ბოლტში" მუშაობს და ამბობს, რომ ყველაზე მტკივნეული მისთვის კომპანიის მიერ შექმნილ ფეისბუკჯგუფში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა აღმოჩნდა.
"გული დაგვწყვიტეს ძალიან. მტკივნეულია, როცა არაფრად არ გვთვლიან ადამიანებს, რომლებიც რეალურად ვქმნით „ბოლტს“. პროტესტი, რაც გაგვაჩნია მძღოლებს, დაკლებული ტარიფის, გაზრდილი საკომისიოს და სხვა ყოფითი პრობლემების გამოხატვის შესაძლებლობა აღარ გვეძლევა „ბოლტის“ ფეისბუკჯგუფშიც. ერთი მძღოლი სამაგალითოდ დაბლოკეს კიდეც", - ამბობს გიორგი ჟამურელი.
მძღოლების მოთხოვნებსა და ბრალდებებზე კომენტარისთვის რადიო თავისუფლებამ "ბოლტს" 31 იანვარს მისწერა. კომპანიაში იმავე დღეს გვიპასუხეს, რომ ჩვენი წერილი შესაბამის გუნდს გადაეცა და რომ დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად დაგვიკავშირდებიან.
მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსაც, სადაც გვითხრეს, რომ "ბოლტში" დასაქმებულ მძღოლებს მათთვის ჯერ არ მიუმართავთ. მიმართვის შემთხვევაში შრომის ინსპექციას კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიატორის დანიშვნის მანდატი აქვს.
"ბოლტი" ესტონური კომპანიაა, რომელიც მსურველებს ასევე სთავაზობს მანქანების გაქირავებას, საკვების მიწოდებისა და სხვა სერვისებს, ევროპისა და აფრიკის, დასავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში.