Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა დაადგინა, რომ გაფიცვის გამო "ბოლტი" კურიერებს დისკრიმინაციულად ექცეოდა


სახალხო დამცველმა შეისწავლა "ბოლტის" კურიერების მიმართვა და დაადგინა, რომ მათ კომპანია განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციულად ექცეოდა. დასკვნა დღეს, 15 ივნისს გახდა ცნობილი.

"კომპანიის მიერ განმცხადებლებისთვის აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, რისი საფუძველიც კურიერების მიერ გამოხატული პროტესტი გახდა", - აღნიშნავს სახალხო დამცველის აპარატი.

მათივე ინფორმაციით, მათ კომპანია "ბოლტმა" აცნობა, რომ კურიერებთან სამართლებრივი ურთიერთობა არა შრომითი, არამედ საპარტნიორო ხელშეკრულებით რეგულირდებოდა და "პარტნიორი კურიერები პლატფორმიდან დაიბლოკნენ არა პროტესტის გამოხატვის, არამედ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობის გამო, რითიც ხელი შეუშალეს Bolt Food-ის და პარტნიორი რესტორნების საქმიანობას".

სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, რომ იხელმძღვანელეს საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა იურისდიქციის მიერ დადგენილ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით და დაადგინეს, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირები, მათ შორის, „ბოლტის“ კურიერები, კომპანიასთან არიან შრომით ურთიერთობაში და, შესაბამისად, შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე, გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

სახალხო დამცველმა „ბოლტს“ მიმართა რეკომენდაციით:

  • დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა;
  • რეკომენდაციით დადგენილი სტანდარტი გავრცელდეს ყველა იმ კურიერის მიმართ, რომელსაც, პროტესტის გამოხატვის გამო, ასევე შეუჩერდა აპლიკაციაზე წვდომა, სურს წვდომის აღდგენა, თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველისთვის არ მოუმართავს;
  • მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით, მათ შორის, უზრუნველყოს შიდა ორგანიზაციული აქტებისა და პოლიტიკის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობა.

Bolt Food-ის რამდენიმე კურიერმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია 24 მარტს გამართა. ისინი ითხოვდნენ, კომპანიას მათთვის ბლოკი მოეხსნა და ძველი პირობებით მუშაობა განეახლებინათ.

XS
SM
MD
LG