კორონავირუსის გავრცელება საქართველოსა და მსოფლიოში
დადასტურებული შემთხვევა - 496
გარდაცვლილი - 6
გამოჯანმრთელებული - 149
კარანტინში - 4932
სტაციონარში - 568
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 500-ს უახლოვდება. გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი. ახალ ინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთი თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელია. თეთრიწყარო უკვე მეორე დღეა იმ მუნიციპალიტეტებს შეუერთდა, სადაც ვირუსის გავრცელების გამო მკაცრი კარანტინი ამოქმედდა.
ქვეყნის მასშტაბით კი აკრძალვების ნაწილი გუშინ მოიხსნა. უკვე შესაძლებელია ავტომობილებით გადაადგილება და გაიხსნა ღია ტიპის ბაზრებიც, თუმცა არა ყველგან. მაგალითად, თელავის აგრარულ ბაზარს რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, ისევ დაკეტვა მოსთხოვეს. მიზეზად დასახელდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ნორმების დარღვევა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრის ადმინისტრაცია 3 ათასი ლარით დააჯარიმა.
აკრძალვების ნაწილის გაუქმების ფონზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას შეახსენებს, რომ შთაბეჭდილება არავის უნდა დარჩეს, თითქოს ვირუსი საქართველომ უკვე დაამარცხა. მისი თქმით, ადამიანებმა COVID-19-თან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ.
მსოფლიოში კი კორონავირუსის რეგისტრირებულმა შემთხვევებმა ერთ თვეში თითქმის მილიონით იმატა და უკვე 3 მილიონს გადააჭარბა.
ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კვლავ უცვლელია პირველი სამეული - აშშ-ში უკვე თითქმის მილიონი ადამიანი დაავადდა, ესპანეთში - 236 ათასზე მეტი, იტალიაში კი 197 ათასზე მეტი.
გარდაცვალების მიხედვითაც პირველი სამეულიც უცვლელია - აშშ (55,4 ათასი), ესპანეთი (23,5 ათასი) და იტალია (26,6 ათასი).
სახელმწიფოს მიერ კერძო კლინიკებისთვის PCR ტესტის ფასი სავარაუდოდ დღეს დადგინდება
სახელმწიფოს მიერ კერძო კლინიკებისთვის დადგენილი PCR ტესტის ფასი, დაახლოებით, 150 ლარის ფარგლებში იქნება.
ამის შესახებ გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. თუმცა, თანხა ჯერ მიახლოებითია და ის საბოლოოდ დღეს უნდა დადგინდეს.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ კერძო კლინიკას ტესტს სახელმწიფო მისცემს, მაშინ ამ თანხას 100 ლარი გამოაკლდება და მომსახურებისთვის გადასახდელი თანხა პაციენტისთვის 50 ლარი გახდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმით PCR ტესტირების მეთოდი განიხილება, როგორც ოქროს სტანდარტი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში.
ცხინვალს ეწოდოს „ქალაქი სტალინირიც“ - ბრძანება ბიბილოვმა გამოსცა
სამხეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალთან ერთად ქალაქ „სტალინირის“ გამოყენების ბრძანებას მოაწერა ხელი, - იტყობინება დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რესი.
განკარგულება ბიბილოვმა „ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით“ გამოსცა.
ამ ფაქტს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მალევე გამოეხმაურა. „ადამიანები აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლნი არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს“, - აცხადებს ციხელაშვილი.
მისი თქმით, არსებული ვითარება განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვების გამო, რომელთაც პიონერების ყელსახვევებში ლენინისა და სტალინის დიდი პოსტერების ფონზე საბჭოთა დიდების სიმღერებს ამღერებენ.
არის თუ არა WHO ის, ვისაც უნდა მივმართოთ COVID-19-ის შესაჩერებლად
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) მწვავე კრიტიკა დაატყდა თავს მისი რეაქციის გამო კორონავირუსის პანდემიაზე, რომელსაც მსოფლიოში 190 ათასამდე ადამიანი შეეწირა.
იმ დროს, როდესაც ერთნი მას ადანაშაულებენ ჩინეთში 2019 წლის ბოლოს წარმოშობილ დაავადებაზე არასწორი რეაქციისათვის, სხვებმა თავი გამოიდეს WHO-ს დასაცავად და ცდილობენ დაასაბუთონ, რომ მას არასოდეს ჰქონია ისეთი დანიშნულება და აღჭურვილობა, რომ ყოფილიყო ან გამჭვირვალე დამკვირვებელი, ან აღმასრულებელი ძალის მქონე საგანგებო საველე ქვედანაყოფი, როგორც ზოგიერთს ჰგონია.
მაგრამ როდესაც სამყარო აღმოჩნდება კორონავირუსით გამოწვეული COVID-19-ის მსგავსი დაავადების ეპიდემიის წინაშე, არის თუ არა WHO ნამდვილად ის ორგანიზაცია, რომელსაც საშველად უნდა მივმართოთ?
ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკას სათავეში უდგას აშშ, ქვეყანა, რომელსაც, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 26 აპრილის ანგარიშით, კორონავირუსით ოთხჯერ მეტი - დაახლოებით, 940,000 - დაინფიცირებული და ორჯერ მეტი, 54 ათასი, გარდაცვლილი ჰყავს, ვიდრე ამ მაჩვენებლის მხრივ მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს.
მართლა დაუმზადეს მარშალ ჟუკოვს გამჭვირვალე „კოკა-კოლა“, რომელსაც ის ჩუმად სვამდა და სხვებს ატყუებდა - არაყიაო? რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ალბათ - კი!