19 წლის ლუკამ ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ის დიაგნოზით 17 დღე გაატარა. ის ესპანეთში დაინფიცირდა. დაბალი ტემპერატურა საზღვარზე დაუფიქსირდა, საიდანაც პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ ლუკა ფიზიკურად თავს კარგად გრძნობდა და გამოკვეთილი სიმპტომები არ აწუხებდა, მას ექიმებმა სუსტი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც ლუკას დედას, ანა გრემელაშვილს, ექიმებმა აუხსნეს, „24-ბალიან შკალაზე, მისი პნევმონია ერთი ქულით შეფასდა“.
ლუკას დაახლოებით ერთკვირიანი მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდა. ამის შემდეგ, მას კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღარ ჰქონია, თუმცა, ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსი საბოლოოდ 17 დღის შემდეგ გაქრა და ბინაზე, თვითიზოლაციის პირობით გაეწერა.
ლუკას დედა, ანა თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილის მდგომარეობა არ შეფასებულა მძიმედ და დიდი ალბათობით, ის გამოჯანმრთელებას სახლის პირობებში, ოჯახის ექიმის დახმარებითაც შეძლებდა, მას, როგორც მშობელს, ერჩივნა, ლუკას კლინიკაში გაეგრძელებინა მკურნალობა:
„ექიმს პირდაპირ უთქვამს ლუკასთვის, როგორც კი რაიმე გაგიჭირდება, რა დროც არ უნდა იყოს, იმ წამსვე დამიძახე და მომეცი 15 წუთი, რომ სკაფანდრი ჩავიცვა და თუ ძალიან ცუდად იქნები, არც სკაფანდრს ჩავიცვამ, ისე შემოვალ, მთავარია, დაგვიძახეო. მაქსიმალურად ედგნენ გვერდში და მეც იმედიანად ვიყავი. 17 დღე გაატარა ლუკამ ბოქსირებულ პალატაში. ერთი კვირის თავზე, ფაქტობრივად, აღარანაირი მკურნალობა აღარ სჭირდებოდა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა. ვეღარ ძლებდა გამოკეტილი პატარა ოთახში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლაც ვფიქრობ, რომ მერჩივნა, ლუკა კლინიკაში ყოფილიყო. თუმცა, როგორც ვიცი, საზღვარგარეთ ჩემი შვილის მსგავს პაციენტებს, სახლში მკურნალობენ და ექიმები მათ მდგომარეობას დისტანციურად მართავენ“.
ერთადერთი პრეცედენტი ბინაზე მკურნალობისა
საქართველოში, ყველა პაციენტს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება, კლინიკაში მკურნალობენ. არ აქვს მნიშვნელობა მისი მდგომარეობა მსუბუქია, ე.წ. უსიმპტომო თუ საშუალო სიმძიმის.
დღეს, ქვეყანაში მხოლოდ ერთადერთი პაციენტია, რომელიც ბინაზე მკურნალობს. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რამდენიმე დღის წინ განმარტა, პაციენტი შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვს. სხვა დეტალები, როგორ იქნა პაციენტის ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიღებული, ვის მიერ და რა კრიტერიუმებით, ამ კითხვებზე პასუხს იმ მოტივით არ გვაძლევენ, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობს, არც დაავადებათა კონტროლის ცენტრში და არც ჯანდაცვის სამინისტროში, არ აქვთ მკაფიო პასუხი კითხვაზე, შეუძლია თუ არა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მოითხოვოს სახლში მკურნალობა და არ დაწვეს სტაციონარში.
რადიო თავისუფლების ამ კითხვაზე, პაატა იმნაძე გვპასუხობს: „ამას პაციენტი არ წყვეტს. წყვეტს ჯანდაცვის სამინისტრო“.
ჯანდაცვის სამინისტრო რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუკი პაციენტი მოისურვებს, რომ სახლში იმკურნალოს, როგორ და რა კრიტერიუმებით აძლევთ (ან მისცემს) დასტურს? - უწყება მხოლოდ ზოგადი პასუხით შემოიფარგლება:
„ჯერჯერობით ქვეყანას აქვს რესურსი და შესაბამისად, მსუბუქ ფორმებსაც სტაციონარში ვმკურნალობთ“.
რა გაუგებრობა შეიძლება გამოიწვიოს ყველა პაციენტის სტაციონარში მკურნალობამ?
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა სტაციონარში დაყოვნების საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით 16-18 დღეა. მაგალითად, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთ-ერთ პაციენტს გამოსაჯანმრთელებლად 31 დღე დასჭირდა.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ფიქრობს, რომ ამ ხანგრძლივობით მსუბუქი პაციენტების კლინიკებში მკურნალობა ერთი მხრივ, დიდი რესურსის ხარჯვაა, მეორე მხრივ კი დამთრგუნველია თავად პაციენტებისთვის. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მსუბუქი, პაციენტების მართვა ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმომადგენლებს, ოჯახის ექიმებს უნდა დაევალოთ, რაკიღა ჯანმრთელ, ახალგაზრდა პაციენტებში, გართულების რისკი „უკიდურესად მინიმალურია“ და ისინი არ საჭიროებენ სტაციონარში მკურნალობას. მისი სიტყვებით, ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი, რომ ჯერჯერობით ადგილები გვაქვს და ყველა პაციენტი კლინიკაში უნდა მკურნალობდეს, შესაძლოა მომავალში გაუგებრობის საგნად იქცეს:
„ჩვენ დიდია ხანია ვამბობთ, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არ იღებს. ოჯახის ექიმებმა გაიარეს სათანადო მომზადება და მსუბუქი პაციენტების მართვას ისინი სახლის პირობებშიც შეძლებენ. ხანდაზმული და სხვა, ფონური დაავადების მქონე პაციენტები, სტაციონარში უნდა გადიოდნენ მკურნალობას, მაგრამ არა ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანები. სხვა რესპირაციული დაავადებების დროს, მაგალითად, გრიპის დროს, უფრო მაღალია რისკი გართულებისა, ვიდრე კოვიდის დროს. გრიპის სამკურნალოდ ჩვენ არ ვაწვენთ საავადმყოფოში პაციენტებს და იგივე მოდელზე უნდა გადავიდეთ ამ შემთხვევაშიც. ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი, რომ არის ადგილები და ამიტომ მკურნალობენ ყველა პაციენტს კლინიკაში, შესაძლოა მომავალში პრობლემად გვექცეს. ზოგიერთ ქვეყანაში რამდენიმე დღეში მოხდა შემთხვევათა მატება, და თუკი ხალხი ახლავე არ შეეჩვია, რომ ამ ვირუსის სახლში მკურნალობაც შეიძლება, თუკი დადგება დრო, რომ მხოლოდ მძიმე პაციენტები უნდა მივიღოთ კლინიკებში, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ შფოთვას, რადგან ხალხი ჩათვლის, რომ ამის მიზეზი ადგილების არქონაა, თორემ რაკი აქამდე ყველა პაციენტს კლინიკებში მკურნალობდნენ, ე.ი. ასე იყო საჭიროო. ეს იქნება სერიოზული სტრესი პაციენტებისთვის, არადა, რეალურად, იმიტომ კი აღარ დააწვენენ მსუბუქ პაციენტებს კლინიკებში, რომ ადგილები აღარ ექნებათ, არამედ იმიტომ, რომ სინამდვილეში, მათ ეს არ სჭირდებათ“.
პროტოკოლი, რომელიც ინფიცირებულთა სახლში მკურნალობისთვის შეიქმნა
თამთა ბლიაძე „ევექსის კლინიკების“ ოჯახის ექიმი თვლის, რომ თუკი პაციენტის მდგომარეობა და გარემო ამის საშუალებას იძლევა, ბინაზე მკურნალობა გაცილებით კომფორტული შეიძლება იყოს თავად პაციენტისთვის. მისი თქმით, დღესდღეობით, ოჯახის ექიმებს ამის მზაობა უკვე აქვთ:
„მე ვფიქრობ, რომ მსუბუქი პაციენტების სახლში მკურნალობა დღეს საქართველოში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მუდმივად მიდის ოჯახის ექიმების გადამზადება, შეიქმნა ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი, ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ პაციენტები, რა სიხშირით შევამოწმოთ, რა სიმპტომებს მივაქციოთ ყურადღება. თუკი პაციენტი არ განეკუთვნება რისკ-ჯგუფს და მას მსუბუქად მიმდინარე ვირუსი აქვს, ის უნდა იმართოს ბინაზე“.
დღეის მდგომარეობით, ინფიცირებულ პაციენტს, ფაქტობრივად, არ ეძლევა არჩევანის საშუალება, იმკურნალოს კლინიკაში თუ დარჩეს სახლში და იქ გააგრძელოს მკურნალობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, აპრილის დასაწყისში, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა შინ მკურნალობის ოფიციალური პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ.
27 აპრილის 18 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 568 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 6 პაციენტი.