Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის საპატრიარქო ტაძრიდან ხალხმა გაუშვა - კენჭისყრა და ლოცვა უკრაინულად


რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჯილდოს გადასცემს კიევ-პეჩორის ლავრის აწ უკვე ყოფილ წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლეს. ღონისძიებას ესწრება რუსეთის პატრიარქი კირილე. 27 ივლისი, 2013 წელი.
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჯილდოს გადასცემს კიევ-პეჩორის ლავრის აწ უკვე ყოფილ წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლეს. ღონისძიებას ესწრება რუსეთის პატრიარქი კირილე. 27 ივლისი, 2013 წელი.

უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ) კიევ-პეჩორის ლავრის გარდა პრობლემები ქვეყნის სხვა ეკლესიებშიც აქვს. УПЦ-ს მრევლი უპირისპირდება. ქალაქ ხმელნიცკის ტაძრის გასაღები სასულიერო პირებს 2 აპრილს ხალხმა ჩამოართვა, ეკლესიაში უკრაინელი ჯარისკაცის ცემის შემდეგ.

ხმელნიცკის მერმა, ოლექსანდრ სიმჩიშინმა, 3 აპრილს, ტელეგრამარხზე დაწერა, რომ სვიატო-პოკროვსკის საკათედრო ტაძარში, ათწლეულების შემდეგ, ლოცვა უკრაინულ ენაზე პირველად შესრულდა. ხალხის გააქტიურება უკრაინელ ექსპერტებს გარდამტეხ ეტაპზე მიუთითებს.

პარალელურად, УПЦ კიევ-პეჩორის ლავრას არ ტოვებს. მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული ეკლესიის წარმომადგენლებს სახელმწიფო ნაკრძალმა სასამართლოში უჩივლა მის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის გამო.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პავლე ლებედი შინაპატიმრობის ორ თვეს გაატარებს არა თავის მდიდრულ სახლში, სადაც ამ უქმეებზე ჩხრეკა ჩატარდა, არამედ რეგისტრაციის მისამართზე - სოფელში, რითაც ის უკმაყოფილოა.

ჯარისკაცის ცემა, ხალხის გამიჯვნა

2 აპრილს, ხმელნიცკის სვიატო-პოკროვსკის ტაძრის წინ შეკრებილმა აღელვებულმა ხალხმა, გავრცელებული ცნობებით, სახელდახელო კენჭისყრა ჩაატარა და ასე გადაწყვიტა ტაძრის უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის (ПЦУ) გადაცემა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, კენჭისყრაში მონაწილეობდა 1200-ზე მეტი ადამიანი. ხმათა უმრავლესობით, მათ ტაძრის გასაღები ჩამოართვეს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ სასულიერო პირებს და ტერიტორიის დატოვებაც მოსთხოვეს, რაც შესრულდა.

„სიკვდილი მტრებს“, „დიდება უკრაინას“, „უკრაინა გაიმარჯვებს“, - ყვიროდნენ ტაძართან შეკრებილი ადამიანები.

ხალხის აღელვება გამოიწვია იმავე დღეს, დილით მომხდარმა ფაქტმა, როცა სასულიერო და გაურკვეველი სამოქალაქო პირები ეკლესიაში შესულ უკრაინელ სამხედროს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ მას ურტყამენ წიხლებს, ურტყამენ თავშიც და მის ძირს დაგდებას ცდილობენ; ამის შემდეგ - სამხედრო წარმოთქვამს სიტყვებს - „კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, თქვენ რომ მოსკოვის საპატრიარქოში სიარული შეწყვიტოთ?“

ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ხმელნიცკის საოლქო საბჭოს დეპუტატმა, ვიქტორ ბურლიკმა გამოაქვეყნა. როდესაც ძირს დაგდებული ჯარისკაცი ეკლესიის გასასვლელ კართან ფეხზე დგება, კადრებში მკაფიოდ ჩანს ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სისხლის კვალი მის სახეზე.

უკრაინული წყაროების თანახმად, სამხედრო პირი შეიარაღებული ძალების მე-19 ბატალიონის მებრძოლი - არტურ ანანიევია, რომელიც ომის დაწყების დღიდან მოხალისედ წავიდა ფრონტზე და ქალა-ტვინის ტრავმა აქვს მიღებული.

2 აპრილს ეკლესიის ეზოში შეკრებილი ადამიანები აღაშფოთა იმ ფაქტმაც, რომ ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა დაზარალებული სამხედრო და არა მოძალადეები. ადგილობრივი პორტალი - vsim.ua საპატრულო პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო პირმა ეკლესიაში მაგიდიდან სახარება გადმოაგდო და სიტყვიერად დაუპირისპირდა მღვდლებს. საპატრულო პოლიციაში მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება; ხოლო ცემაში ეჭვმიტანილი სასულიერო პირის მიმართ, როგორც იუწყებიან, გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

ხმელნიცკის მერმა, ოლექსანდრ სიმჩიშინმა 3 აპრილს ტელეგრამარხზე დაწერა, რომ სვიატო-პოკროვსკის საკათედრო ტაძარში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - პირველად, ლოცვა უკრაინულ ენაზე აღევლინა. „პირველი ლოცვა უკრაინულ ენაზე, უკრაინისთვის, უკრაინელი სამხედროებისთვის. პირველი ათეულობით და ათეულობით წლის შემდეგ!“, - წერს მერი.

მანამდე, 2 აპრილს, სიმჩიშინი თავის ტელეგრამარხზე წერდა, რომ საჭიროა, საპატრულო პოლიციიდან დაითხოვონ ის პირები, რომლებმაც ეკლესიაში ნაცემი სამხედრო პირის წინააღმდეგ ოქმი შეადგინეს; ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიაში მოქმედი „აგენტურა“, რომელსაც მერი „ФСБ-ს ბუდესაც“ უწოდებს, უნდა აიკრძალოს მთელი უკრაინის მასშტაბით. სიმჩიშინის ინფორმაციით, ხმელნიცკის ადგილობრივ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს - УПЦ-სთვის გადაცემული მიწების ჩამორთმევა.

თავის მხრივ, ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებს ხმელნიცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია. თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სერგეი ტიურინმა განაცხადა, რომ - უკრაინელები „მოსკოვიტები არ არიან“ და უნდა დააცადონ გამოძიებას, დაადგინოს სიმართლე, „როგორც ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ“.

გარდამტეხი ეტაპი?

უკრაინელი პროფესორი, პეტრ კრალიუკი თავის ბლოგში შენიშნავს, რომ ქალაქ ხმელნიცკისა და მთლიანად - ხმელნიცკის ოლქში მოსკოვის საპატრიარქოს გავლენა ტრადიციულად ძლიერი იყო და კიევ-პეჩორის ლავრის მოვლენებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სიგნალია, როცა ასეთ რეგიონში УПЦ-ს ეკლესია ჩამოერთვა და ეს ამჯერად, არა სახელმწიფოს, არამედ - ხალხის ინიციატივით მოხდა.

კრალიუკის შეფასებით, უკრაინაში УПЦ-ს ჩამოშლის ეტაპი დაიწყო და კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტ პავლესთვის შეფარდებული შინაპატიმრობა ამ პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს (УПЦ МП) სახელით ცნობილმა ორგანიზაციამ თავისი სახელწოდებიდან „მოსკოვის საპატრიარქო“ 2022 წლის მაისში ამოიღო. უკრაინის ხელისუფლება მას ჯერ ისევ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედად თვლის, რადგან არ გაუწყვეტია კანონიკური კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ლოცვებში კვლავაც მოიხსენიებს რუსეთის პატრიარქ კირილეს.
უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ) თვლის, რომ სახელწოდებიდან „მოსკოვის საპატრიარქოს“ ამოღება მრევლის დასაბნევად და შესანარჩუნებლად გადადგმული ნაბიჯი იყო და არა რეალური გამიჯვნა.
УПЦ უარზეა, შეასრულოს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 27 დეკემბრის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთთან დაკავშირებულ ორგანიზაციას ამ ფაქტის სახელწოდებაში ასახვას ავალდებულებს.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიისგან (УПЦ) სასულიერო პირებისა და მათი სამრევლოების გამიჯვნა იშვიათი მოვლენა არ არის. მანამდე, 28 მარტს, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა შობის სახელობის ტაძარი და ამ რეგიონში УПЦ-ს ტაძარი აღარ დარჩა.

როგორც ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) სასულიერო პირები აცხადებენ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პროცესი ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური გახდა და ტომოსის მიღების შემდეგ, იანვრისთვის სამრევლოთა ¾ უკვე ПЦУ-ს დაქვემდებარებაშია.

უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) სასულიერო პირების ინფორმაციით, რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მათ მხარეს უკვე გადავიდა მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული 1000-მდე სამრევლო.

რა ხდება კიევ-პეჩორის ლავრაში?

1 აპრილს, კიევის სასამართლომ 2-თვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლე ლებედს (ზედმეტსახელად „პაშა მერსედესი“), რომელსაც ელექტრონული სამაჯური პირდაპირ სასამართლო დარბაზში გაუკეთეს.

„იქ არ არის დასაძინებელი ადგილი, არ არის სითბო, შუქი... პატარა სახლია, გაყიდვა მინდოდა ამ სახლის, მაგრამ არავინ იყიდა. იქიდან ყველაფერი გავეცი“, - თქვა მიტროპოლიტმა პავლემ სასამართლო სხდომაზე იმ სახლთან დაკავშირებით, სადაც რეგისტრირებულია და სადაც უნდა მოიხადოს შეფარდებული სასჯელის ვადა. უკრაინული წყაროების თანახმად, დაკავებული მიტროპოლიტი შინაპატიმრობის 2 თვეს კიევის ოლქის სოფელ ვორონკოვში გაატარებს.

მანამდე, ჩხრეკა ჩატარდა მის ფეშენებელურ სახლში, რომელიც, უკრაინული მედიის ცნობით, „რუსული სულით გაჟღენთილი“ აღმოჩნდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიტროპოლიტი პავლე ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: რელიგიათაშორისი უთანხმოების გაღვივება და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლება. მიტროპოლიტი პავლე უსაფრთხოების სამსახურის სანქცირებულთა სიაშია. უკრაინის ხელისუფლების მიერ კიევ-პეჩორის ლავრის დატოვების მოთხოვნის საპასუხოდ, მიტროპოლიტი „ღვთის სასჯელით“ დაემუქრა უკრაინის პრეზიდენტს.

10 მარტს გამოცხადდა გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ხელშეკრულებას აღარ უგრძელებს УПЦ-ს და 29 მარტიდან მან აღარ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ნაკრძალის „კიევ-პეჩორის ლავრის“ ტერიტორიაზე განთავსებული ნაგებობები. თუმცა УПЦ-ს წარმომადგენლებს ტერიტორია არც ამ დრომდე დაუტოვებიათ. კიევის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო მათი სარჩელი იჯარის საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტის შესახებ.

2 აპრილს, დილით, ლავრის მონასტერში კვლავ მივიდა УПЦ-ს მამამთავარი, მიტროპოლიტი ონოფრე და კვირის ღვთისმსახურებაც შეასრულა. მისთვის ხელი არავის შეუშლია. მანამდე, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ აპირებენ - სასულიერო პირების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. 2 აპრილს, ლავრის გარეთ შეკრებილი ადამიანების ნაწილი გულისწყრომას მედიასთან გამოხატავდა და კიევს რუსეთის საპატრიარქოსთან უფრო ხისტი დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა.

უკრაინის კულტურის სამინისტრო იუწყება, რომ სახელმწიფო ნაკრძალმა - „კიევ-პეჩორის ლავრამ“ სასამართლოში უჩივლა მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიას (УПЦ МП). როგორც კულტურის მინისტრი, ალექსანდრ ტკაჩენკო განმარტავს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს საკითხზე, „რათა მოიხსნას УПЦ МП-ს მიერ შექმნილი მრავალრიცხოვანი წინაღობა, ლავრის ქონების, კანონის მიხედვით, კანონიერი მფლობელისთვის - სახელმწიფოსთვის - გადაცემის გზაზე“.

მანამდე, ნაკრძალის ხელმძღვანელობამ პოლიციასაც მიმართა, როდესაც 31 მარტს ლავრის ტერიტორიაზე არ შეუშვეს სახელმწიფო კომისიის წარმომადგენლები.

რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში ტკაჩენკომ გამოთქვა იმედი, რომ УПЦ-ს წარმომადგენლები „გონს მოვლენ“ და ტერიტორიაზე შეუშვებენ სახელმწიფო კომისიას.

სანქტ-პეტერბურგში 2 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული რუსი პროპაგანდისტი, ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი 1 აპრილს ჩაწერილ თავის ბოლო ვიდეობლოგში უკრაინაში მოქმედ УПЦ-ს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ მღვდლებმა „ორ სკამზე ჯდომა“ განაგრძეს და დაემართათ ის, რასაც იმსახურებდნენ. ტატარსკი უკმაყოფილო იყო იმით, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, УПЦ-ს სასულიერო პირებმა სათანადოდ არ დაწყევლეს პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის ხელისუფლება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG