Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოკლე მანძილი აზრიდან ჩახმახამდე“. 100 წლის წინ რომანოვები დახოცეს


ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები
ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები

“ცნობის გამოქვეყნების დღეს ორჯერ მომიწია ქუჩაში ყოფნა, ვიმგზავრე ტრამვაით და არსად შემინიშნავს თანაგრძნობისა და სიბრალულის ოდნავი გამოკრთომაც კი. ცნობას კითხულობდნენ ხმამაღლა, ჩაცინებით, აბუჩად აგდებითა და უსულგულო კომენტარებით... რაღაც უაზრო გულქვაობა იყო, ტრაბახი სისხლისმსმელობით“.

ასე იხსენებდა 1918 წლის ივლისის დღეებს პეტერბურგში ვლადიმირ კოკოვცოვი - მეფის ყოფილი თვალსაჩინო მრჩეველი, სტოლიპინის მკვლელობის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში რუსეთის იმპერიის მთავრობის მეთაური (მოგვიანებით, 1918 წლის ბოლოს, ფინეთის გავლით გაიქცა დასავლეთში). „ცნობა“, რომელზეც საუბარია, მოვიდა ეკატერინბურგიდან და შეეხებოდა ბოლშევიკების მიერ 17 ივლისის ღამით ვაჭარ იპატიევის სახლში ყოფილი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაახლოებული რამდენიმე პირის დახვრეტას.

მაშინ რუსეთი, მთლიანობაში, გულგრილად თუ არა, ნიშნის მოგებით გამოეხმაურა უკანასკნელი მეფის დაღუპვას (მისი ოჯახის, უწინარეს ყოვლისა, ბავშვების ხვედრზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში დადიოდა სხვადასხვა ჭორი და, კიდევ, 20-იანი წლების დასაწყისში ლენინი და ზინოვიევი არწმუნებდნენ დასავლელ ჟურნალისტებს, რომ მათთვის არაფერი იყო ცნობილი იმაზე, თუ რა დაემართათ უფლისწულ ალექსეის და მის დებს). ასი წლის შემდეგ გლოვა მეფის მკვლელობის გამო არათუ არ არის სახიფათო, როგორც იყო 1918 წელს, არამედ, პირიქით, ის იქცა რუსეთის იდეოლოგიური მეინსტრიმის ნაწილად, მით უფრო, რომ 2000 წელს ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები მიაკუთვნეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს - ეწოდათ „წმიდა ტანჯვადამთმენელი სამეფო ოჯახი“. მათთვის პატივის მისაგებად ითხზვება ლექსები - მაგალთად, ასეთი:

გავიხსენოთ მოვლენათა ქრონიკა, რომელიც წინ უძღოდა იპატიევის სახლის სარდაფში დატრიალებულ ტრაგედიას.

  • 1917 წლის 2 (ახალი სტილით 15) მარტი - პეტროგრადში, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში დაწყებული რევოლუციური გამოსვლების ფონზე, ნიკოლოზ II, თავისი და უწლოვანი უფლისწულის სახელით, ხელს აწერს ტახტიდან გადადგომას უმცროსი ძმის, დიდი თავადის მიხეილის, სასარგებლოდ. ამ უკანასკნელმა მიიღო გვირგვინი და განაცხადა, რუსეთის პოლიტიკური მოწყობის საკითხი უნდა განსაზღვროს დამფუძნებელმა კრებამო.
  • 14 (27) მარტი - გადამდგარი იმპერატორი უბრუნდება ოჯახს ცარსკოე სელოში, პეტროგრადის მახლობლად. 1917 წლის აგვისტომდე „პოლკოვნიკი რომანოვი“, მისი ცოლი და შვილები იმყოფებიან შინაპატიმრობაში ცარსკოე სელოს სასახლეში. დროებითი მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან (მეფე გეორგ V ნიკოლოზ II-ის ნათესავია, იერითაც კი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს) მეფის ოჯახის საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე. საბოლოოდ, ლონდონი უარს ამბობს გეგმაზე მიიღოს რომანოვები, ბრიტანეთის საზოგადოებაში გაზრდილი მემარცხენე განწყობების გამო.
  • 1 (14) აგვისტო - დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით, პეტროგრადში არასტაბილური ვითარებისა და მეფის ოჯახის მიმართ გახშირებული მუქარების გამო, პატიმრები გადაჰყავთ რუსეთის სიღრმეში, ტობოლსკში, სადაც განათავსეს ყოფილი გუბერნატორის სახლში, დაკავების შედარებით თავისუფალი პირობებით.
  • 1917 წლის 25 ოქტომბერი (7 ნოემბერი) - ბოლშევიკების მიერ მოწყობილი გადატრიალება პეტროგრადში.
  • 1918 წლის აპრილი - სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი (ფორმალურად ახალი რეჟიმის უმაღლესი სახელმწიფო ორგანო) იღებს დადგენილებას ყოფილი იმპერატორის გასამართლების თაობაზე, რის გამოც ნიკოლოზ II უნდა იქნეს გადაყვანილი მოსკოვში. თავდაპირველად რომანოვებს გზავნიან ეკატერინბურგში, სადაც, ტობოლსკისგან განსხვავებით, ადგილობრივ საბჭოებში ძალაუფლება ბოლშევიკ რადიკალებს უპყრიათ. სამეფო ოჯახს შეასახლებენ „განსაკუთრებული დანიშნულების სახლში“, რომელიც კონფისკაციით ჩამოერთვა ვაჭარ იპატიევს. შენახვის პირობები მკვეთრად უარესდება.
  • 1918 წლის ივნისი - ჩეხოსლოვაკიური კორპუსის გამოსვლა და ანტიბოლშევიკური აჯანყება მთელი რუსეთის მასშტაბით. ფაქტობრივი დაწყება სრულფასოვანი სამოქალაქო ომისა. ჩეხოსლოვაკიური და თეთრგვარდიელთა რაზმები მიიწევენ ეკატერინბურგისკენ.
  • 13 ივნისი - პერმში ბოლშევიკები კლავენ დიდ თავად მიხეილს, ნიკოლოზ II-ის უმცროს ძმას.
  • 16 ივლისი - ურალის საბჭოების პრეზიდიუმი სიკვდილს უსჯის „გვირგვინოსან ჯალათს, ნიკოლოზ რომანოვს“. ნიშანდობლივია, რომ მეფის ოჯახის წევრებზე სასჯელი არ ვრცელდებოდა. ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, იყო თუ არა რომანოვების დახვრეტის გადაწყვეტილება ბოლშევიკების ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული.
  • 17 ივლისის ღამე - ნიკოლოზ II, მისი მეუღლე ალექსანდრა თეოდორეს ასული, მათი შვილები ალექსეი, ანასტასია, მარია, ოლგა და ტატიანა, ექიმი ბოტკინი და სამეფო ოჯახის სამი მსახური (დემიდოვა, ტრუპპი, ხარიტონოვი) დახვრიტეს იპატიევის სახლის სარდაფში წითელარმიელებმა, კომენდანტ იაკოვ იუროვსკის მეთაურობით. მკვლელები ქალაქის შემოგარენში მალავენ გოგირდმჟავით ნაწილობრივ დამწვარსა და დასახიჩრებულ გვამებს.
  • 18 ივლისის ღამე - ურალში, ალაპაევსკთან, კლავენ (აგდებენ შახტში) უკანასკნელი დედოფლის დას, დიდ თავად ელიზავეტა თეოდორეს ასულს, და რომანოვების სახლის კიდევ ხუთ წევრს („ალაპაევსკელი წამებულები“).
ეკატერინბურგი. აღდგომის ეკლესია და დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად აღმართული ძეგლი იპატიევის სახლის ადგილზე.
ეკატერინბურგი. აღდგომის ეკლესია და დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად აღმართული ძეგლი იპატიევის სახლის ადგილზე.

უკანასკნელ მეფეზე, რომანოვების დახოცვასა და იმაზე, თუ როგორ აისახება ეს მოვლენა საზოგადოების ცნობიერებაზე ასი წლის შემდეგ, რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში ლაპარაკობს ბორის კოლონიცკი - რუსეთის ისტორიის რევოლუციური პერიოდის სპეციალისტი, სანკტ-პეტერბურგის ევროპული ინსტიტუტის პროფესორი.

  • როგორ იხსენიებოდა თვითონ მეფის მკვლელობა საბჭოთა ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში? მახსოვს, გვიანსაბჭოთა პერიოდშიც კი არ ხდებოდა ამ საკითხის პედალირება, მათ შორის სკოლებშიც. ყოველ შემთხვევაში, არ ყოფილა განსაკუთრებული სიამაყე, რის დემონსტრირებასაც ახდენდნენ, მაგალითად, ფრანგი რევოლუციონერები ლუდოვიკო XVI -ისა და მარი ანტუანეტას სიკვდილით დასჯის გამო. მართალია, საფრანგეთის სამეფო წყვილის შვილები, ნიკოლოზ II-ისა და ალექსანდრა თეოდორეს ასულის შვილებისგან განსხვავებით, არავის დაუხოცავს: ტახტის მემკვიდრე, ფაქტობრივად, შიმშილით მოკლეს ციხეში, მაგრამ მკვლელობა არ ყოფილა, ქალიშვილი კი გადარჩა.
  • საკვანძო საკითხი, რა თქმა უნდა, ბავშვებია. ეს მეტისმეტად უსიამოვნო ისტორიაა, რბილად რომ ვთქვათ, რევოლუციონერებისათვის. რომ არ დაგიმალოთ, აღარ მახსოვს, როგორ შუქდებოდა სასკოლო სახელმძღვანელოებში, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა, რომ მეფის მკვლელობის ფაქტი იჩქმალებოდა. საერთო ინტერპრეტაცია იყო ასეთი: რომანოვები შესაძლოა ქცეულიყვნენ კონტრრევოლუციის ნიშანსვეტად, თვითორგანიზების სიმბოლოდ, მონარქიული ძალისხმევის შემკვრელად საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში.
  • მაგრამ როგორ იყო სინამდვილეში, 1918 წლის ზაფხულის მდგომარეობით ნიკოლოზ II რამენაირად თუ იყო სახიფათო ბოლშევიკებისათვის? რამდენადაც მახსოვს, საკუთრივ მონარქისტულ მოძრაობას იმ მომენტში სულაც არ ეკავა პირველი ადგილი ანტიბოლშევიკურ ძალებს შორის.
  • ვითარება იყო მეტისმეტად არაპროგნოზირებადი, ჩვენ კი ვიცით, რომ სამოქალაქო ომის ეტაპზე ხანდახან მცირე ძალებიც კი საკმარისი იყო მოვლენებზე სერიოზული გავლენის მოსახდენად. რამდენიმე ათას ორგანიზებულ, დისციპლინირებულ ადამიანს ძალიან ბევრის გაკეთება შეეძლო.
ნიკოლოზ II (მარცხნივ) და გეორგ V, ბრიტანეთის დღევანდელი დედოფლის პაპა.
ნიკოლოზ II (მარცხნივ) და გეორგ V, ბრიტანეთის დღევანდელი დედოფლის პაპა.
  • მაგალითად, ჩეხოსლოვაკიური კორპუსი.
  • დიახ. თუმცა ჩეხოსლოვაკიური კორპუსის შემთხვევაში იყვნენ არა ათასები, არამედ ათობით ათასები - 60 ათასამდე ადამიანი, რომლებიც, მართალია, გაფანტული იყვნენ მთელ რუსეთში და ყოველ მოცემულ პუნქტში მათი რაოდენობა არ იყო დიდი. ავიღოთ, თუნდაც, მოხალისეთა არმია, რომლის შემადგენლობა 3 ათასს არ აღემატებოდა ე.წ. ყინულოვანი მარშის დაწყებისას. სხვა შემთხვევაში წითლების მცირე დისციპლინირებული რაზმები ასევე თამაშობდნენ მათი რიცხოვნებისთვის შეუსაბამო როლს. ასე რომ, თავად იმპერატორის არსებობის ფაქტი შეიძლებოდა ქცეულიყო თვითორგანიზების მნიშვნელოვან ფაქტორად. ეს ერთი ასპექტია და არ იქნება მართებული ის სათანადოდ არ შეფასდეს. მეორე: რა თქმა უნდა, ბოლშივიკების მოწინააღმდეგეთა რიგებში სჭარბობდნენ არამონარქისტული ძალები - მაგალითად, დამფუძნებელი კრების წევრთა კომიტეტი, შემდგარი ძირითადად მემარცხენე პარტიების წევრებისგან ანდა კიდევ უფრო რადიკალურები - იჟევსკში ბოლშევიკების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების მონაწილეები. იქ მუშები საკმაოდ დიდხანს განაგრძობდნენ ბრძოლას წითელი დროშის ქვეშ, ლამის დე ფაქტო კოლჩაკის არმიის შემადგენლობაში. ცხადია, მათ მონარქიზმში ვერანაირად ვერ დასდებ ბრალს, მაგრამ ადამიანები ხშირად ხდებიან თავიანთი იდეოლოგიისა და ვითარების ხედვის მძევლები. ბოლშევიკებსა და „ესერებს“ უყვარდათ ლაპარაკი „მონარქისტულ კონტრრევოლუციაზე“, ამასთან, მონარქისტებად სახელდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მონარქისტები არ იყვნენ.
  • თქვენ წარმოთქვით ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა: ადამიანები იქცევიან ხოლმე თავიანთი იდეოლოგიის მძევლებადო. ეს ფრაზა მიესადაგება იმათ, ვინც სისრულეში მოიყვანა ურალის საბჭოს განაჩენი. თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეოლოგია, გარკვეულ შემთხვევებში, ასევე უწყობს ხელს ადამიანის გამხეცებას? რადგანაც ნორმალური ადამიანის გონებას უჭირს ამის გაგება. კეთილი, დავუშვათ, მკვლელებს ყოფილი მეფისა და დედოფლის მიმართ ჰქონდათ „წმინდა კლასობრივი“ ზიზღი, მაგრამ ოთხი ყმაწვილი ქალი და ერთი ჰემოფილიით დაავადებული ბიჭი? არაფერი, ხელი არ აუკანკალდათ! ესეც იდეოლოგიზაციის შედეგია თუ, უბრალოდ, რაღაც სპეციფიკური ხალხი შეიყარა?
ნიკოლოზ II-ის ნეშტი, ნანახი გასული საუკუნის 90-იან წლებში, სანკტ-პეტერბურგში პეტრე-პავლეს ეკლესიაში გადასვენებამდე.
ნიკოლოზ II-ის ნეშტი, ნანახი გასული საუკუნის 90-იან წლებში, სანკტ-პეტერბურგში პეტრე-პავლეს ეკლესიაში გადასვენებამდე.
  • სათვალავიდან არ ჩამოვწერდი პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ეპოქის ზოგად სიმხეცეს. 1918 წლისათვის ბევრმა ადამიანმა უამრავი ბავშვის სიკვდილი ნახა, ასევე ნახა ძალადობა ქალებსა და გოგონებზე, მკვლელობები, რომლებიც ხდებოდა როგორც ფრონტზე, ასევე ზურგში. საკმარისია გავეცნოთ 1917 წლის გაზეთებს. იქ წააწყდებით მხეცობის უამრავ დამადასტურებელ მაგალითს, ვთქვათ, ეპიზოდს, რომელიც შემდეგ გამოიყენა პასტერნაკმა, ადამიანი რომ დააწვინეს რელსებზე და ორთქლმავლის გადატარებით დასაჯეს. ეს მოხდა 1917 წელს. უამრავი მხეცური მკვლელობა ხდებოდა. მეორე, განსხვავებული სახის ფაქტორი - მეფის ოჯახის დემონიზება, რომელიც ჯერ კიდევ თებერვლის რევოლუციამდე დაიწყო. მეფესა და დედოფალს მიიჩნევდნენ რუსეთის მოღალატეებად, თანაც, გარყვნილებად, რასპუტინთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორების გამო. მეფის ოჯახის მიმართ სიძულვილი ძალიან ძლიერი იყო და არამარტო ბოლშევიკებში. ...სამოქალაქო ომისა და მეფის მკვლელობისთვის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. შეიქმნა რევოლუციური ტერორის ეთიკა, დაიწერა არაერთი ძლიერი ტექსტი, რომლებიც ამართლებდნენ ტერორს, ახდენდნენ მის საკრალიზაციას.
  • რომ შევაფასოთ გასული 100 წელი, თქვენი აზრით, მთლიანობაში, როგორ შეიცვალა ზნეობა რუსეთში? ჩვენ ვსაუბრობდით გამხეცებაზე, რომელმაც, საკუთრივ, მიგვიყვანა იპატიევის სახლში მომხდარ ტრაგედიამდე. დღეისათვის ასეთი გავეშება შესაძლებელია თუ, მადლობა ღმერთს, ას წელს უქმად არ ჩაუვლია და რუს ხალხს გული მოულბა?
  • ხშირად დამისვამს ჩემი თავისთვის შეკითხვა, ასი წლის წინ მცხოვრებ ჩვენს წინაპრებზე უკეთესები ვართ თუ უარესები. გარკვეული პროგრესი გვაქვს. პირველ რიგში, უფრო განათლებულები ვართ. მართალია, ახლაც ბევრი სისულელე ვრცელდება ხალხში, მაგრამ ასი წლის წინ ფანტასტიკური რამეების სჯეროდათ. ბევრ რამეში გაუნათლებელი იყო ქვეყანა. რაც უნდა ვთქვათ, აქ აშკარა პროგრესია. და კიდევ, ჩვენს წინაპრებს მანძილი აზრიდან ჩახმახამდე ბევრად მოკლე ჰქონდათ. ყოფით ძალადობას ხალხი შეეჯახა პირველი მსოფლიო ომის დროს, ამაზე უკვე ვილაპარაკე. არაფერს ვამბობ ეთნიკურ შეტაკებებსა და დარბევებზე, რომელთა დროსაც ბევრი ქალი და ბავშვი იხოცებოდა. ავიღოთ, თვითნებური გასამართლებები მსხვილი ქალაქების ქუჩებში 1917 წელს: ბრბო უბრალოდ შეიკრიბებოდა და კლავდა ადამიანს, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ მიტანილი ხან საფუძვლიანად და ხანაც - უსაფუძვლოდ. არცთუ იშვიათად ცხელ გულზე ბავშვებსაც მიაყოლებდნენ ხოლმე. თუმცა არის რაღაც, რაშიც აშკარად ვდეგრადირდით ასი წლის წინ მცხოვრებ წინაპრებთან შედარებით - ესაა თვითორგანიზების უნარი. მათ როგორღაც შეეძლოთ უკეთესად ორგანიზება, ამოცანების ფორმულირება, სტრუქტურების შექმნა. ეს დიდი პრობლემაა და ეს ძალიან სამწუხაროა.

იპატიევის სახლის პატიმრებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი - უფლისწულ ალექსეის სპანიელი, სახელად ჯოი. ხანგრძლივი პერიპეტიების შემდეგ ის აღმოჩნდა თეთრგვარდიელ ოფიცერთან, რომელმაც სამოქალაქო ომის შემდეგ გაიყვანა დიდ ბრიტანეთში, სადაც საჩუქრად მიართვა სამეფო ოჯახს. ძნელი სათქმელია, იყო თუ არა გამოხატული ამ ჟესტით შეფარული საყვედური გეორგ მეხუთისადმი, რომელმაც ვერ შეძლო თავისი რუსი ნათესავების შველა.

XS
SM
MD
LG