Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ აქვს ანტიდასავლური, ხშირად კონსპიროლოგიური შეხედულებები”, - მსოფლიო მედია ყაველაშვილზე წერს


ფოტოილუსტრაცია: ყოფილი ფეხბურთელი, პრორუსი, ანტიდასავლელი, პოლიტიკოსი კონსპიროლოგიური შეხედულებებით - დასავლეთი „ქართული ოცნების“ მთავრობის პრეზიდენტს ეცნობა.
ფოტოილუსტრაცია: ყოფილი ფეხბურთელი, პრორუსი, ანტიდასავლელი, პოლიტიკოსი კონსპიროლოგიური შეხედულებებით - დასავლეთი „ქართული ოცნების“ მთავრობის პრეზიდენტს ეცნობა.

დასავლური მედია წერს, რომ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მორიგი დარტყმაა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.

პარლამენტში საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად აირჩია ერთადერთი კანდიდატი, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილი.

იგი იმეორებს კრემლისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდას, თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომში უპირებს ჩათრევას და ასევე ამტკიცებს, რომ 2008 წლის ომი არა რუსეთის აგრესია, არამედ აშშ-ის დაკვეთა იყო.

ყაველაშვილის ბიოგრაფიის ეს და სხვა დეტალები არ გამოჰპარვია დასავლურ მედიას.

გამოცემების ნაწილი ფრთხილობს ფორმულირებებში და 14 დეკემბრის არჩევნებს “სადავოს” და “საკამათოს” უწოდებს.

“საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად პრო-რუსი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია,” - წერს ფრანგული გამოცემა “ლე მონდე” და ხაზს უსვამს, რომ ამ პარლამენტს საქართველოში ბევრი “არალეგიტიმურს” უწოდებს.

საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, “ფრანს 24” კი ამბობს, რომ საქართველოში პრეზიდენტად აირჩიეს “მმართველი პარტიის ულტრა-მემარჯვენე ლოიალისტი”.

“კანონმდებლებმა საქართველოში ახალ პრეზიდენტად დასავლეთის მკაცრი კრიტიკოსი აირჩიეს,” - ეხმაურება არჩევნებს საინფორმაციო სააგენტო “როიტერსი”.

“ყაველაშვილი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელია. აქვს მკაცრად ანტიდასავლური, ხშირად კონსპიროლოგიური შეხედულებები” - წერია სტატიაში.

“პრემიერ-ლიგის ყოფილი ვარსკვლავი საკამათო გზით ხდება საქართველოს პრეზიდენტი” - ეს ბრიტანული ტაბლოიდი, “დეილი მეილია”.

ბრიტანეთის უმსხვილესი ტაბლოიდი “ზე სანი” კი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს “შეშლილი რუსი დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის გამარჯვებად” აფასებს.

საქართველოს პრეზიდენტი ხდება “ულტრამემარჯვენე, მკაცრად დასავლეთის მოწინააღმდეგე,” - წერს ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე სანდო გამოცემად აღიარებული “გარდიანი”.

“საქართველოში დაპირისპირება ღრმავდება, ყოფილი ფეხბურთელი პრეზიდენტად დასახელდა,” - წერს ბი-ბი-სი.

ავტორი აღნიშნავს, რომ ყაველაშვილი “სადაო” პარლამენტმა დანიშნა და ის იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელიც “მზარდად ავტორიტარულმა” მმართველმა პარტიამ წამოაყენა.

საქართველოში “პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებაზე” წერს ამერიკული “სი-ენ-ენიც”.

ყაველაშვილის დანიშვნა “ამწვავებს დაძაბულობას პრორუსულ მთავრობასა და პროდასავლურ ოპოზიციას შორის” - წერს “სიენენი”.

ყაველაშვილის გაპრეზიდენტება “დარტყმაა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე” - ტექსტს ამ სათაურით სააგენტო “ესოშიეთიდ პრესი” აქვეყნებს.

“მმართველი პარტიის ლოიალისტი არჩეულია პრეზიდენტად არეულობის დროს” - აჯამებს გერმანული “დოიჩე ველე” საქართველოში მიმდინარე ამბებს.

სრულიად საპირისპირო სურათს ხატავს პროკრემლისტური მედია.

“კოლეგიის 300 წევრიდან ყაველაშვილს ხმა 224-მა მისცა” - წერს საინფორმაციო სააგენტო “ტასი” და არაფერს ამბობს იმაზე, რომ ის ერთადერთი კანდიდატი იყო, ან რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG