1 და 2 მაისის აქციის არაერთ მონაწილეს სხეულზე რეზინის ტყვიებისთვის დამახასიათებელი ჭრილობები ემჩნევათ, ერთ-ერთმა თავისი თვალით დაინახა - როგორ ამოუღო მას ექიმმა ჭრილობიდან პატარა რეზინის ბურთი. სავარაუდოდ, სწორედ რეზინის ტყვია მოხვდა ერთ-ერთ დემონსტრანტს თვალის არეში.
შს სამინისტრომ რეზინის ტყვიების გამოყენება უარყო.
ვიდეომასალები ადასტურებს, რომ სამართალდამცველები და განსაკუთრებით სპეცრაზმელები - აქციის მონაწილეებს დაუნდობლად უსწორდებოდნენ.
სროლა თვალში
24 წლის ნიკა დემურიშვილი, თვალის დაზიანებით, 1 მაისს, საპროტესტო აქციიდან კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა. „ნიუ ჰოსპიტალში“ მას ტვინის მსუბუქი შერყევაც დაუდასტურდა.
„მხედველობა თვითონ დაზიანებული არ არისო, მაგრამ ძლიერი სისხლჩაქცევები აქვს და ექოსკოპიაზე მთლიანი სურათი ჯერჯერობით არ ჩანს. გადამოწმების დროს, მერე ვნახავთ ზუსტად რა არის... კიდევ წარბი აქვს გახეთქილი - 8 ნაკერი დასჭირდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა დემურიშვილის მეუღლე, მარი ჯოხაძე.
თავად ნიკა დემურიშვილი ვარაუდობს, ტვინის შერყევა [რეზინის ტყვიის] დარტყმის გამო მიიღო. „დავბარბაცდიო, ისეთი ძალით მომხვდაო. მერე იქ ხალხს დაუჭერია“, - გვიყვება მისი მეუღლე.
„ყველას ასე გვგონია, რომ რეზინის ტყვია ესროლეს. პირდაპირ თვალის არეში აქვს მოხვედრილი. ნიღაბი [აირწინაღი - რ.თ.] ეკეთა და დარტყმის დროს სათვალის შუშა ჩატყდა. ამ შუშამ დაიცვა მაინც - ტყვია პირდაპირ თვალში რომ არ შევარდა“, - მარი ჯოხაძის მონათხრობით - როცა გაზი გაუშვეს, ნიკამ დახუთულების დახმარება დაიწყო - „გამოჰყავდა ხალხი და მერე ბრუნდებოდა უკან. ერთ-ერთი გამოყვანის დროს ესროლეს [რეზინის ტყვია]“.
მეუღლის ამბავი მარიმ ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში შეიტყო. დროც ახსოვს - 23:15 საათი.
ნიკა უკვე სახლშია - კლინიკაში დარჩენას ურჩევდნენ, მაგრამ 2 მაისს, დილით, თავად სახლში დაბრუნება არჩია.
მკლავისა და ნეკნის არეში, სავარაუდოდ, სწორედ რეზინის ტყვიები მოხვდა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთ ლიდერს - ცოტნე კობერიძესაც.
„ვერ მივხვდი უცებ, რა მოხდა - ორი [რეზინის ტყვია] ერთად როგორ მომარტყეს. სისხლი წამომივიდა. ვიღაც ბიჭმა მითხრა - იქით სასწრაფო იქნებაო. ჩავედი. ექიმმა ხელი რომ მომიჭირა [მკლავზე], ჭრილობიდან ამოვარდა პატარა რეზინის ბურთი.
სიმბოლურად გამატანე-მეთქი, სამახსოვროდ და უფლება არ მაქვსო. ფოტოს მაინც გადავუღებ-მეთქი და არაო. მათი განცხადებების მერე კი მივხვდი, რომ ალბათ არ უნდოდათ გამოჩენა, მაგრამ ახლა იმ ექიმს არ დავუწყე ჩხუბი, უხერხული იყო - ადამიანი მეხმარებოდა მაინც და თან, ხალხი გველოდებოდა“, - უთხრა კობერიძემ რადიო თავისუფლებას.
როგორც კობერიძე იხსენებს, რეზინის ტყვიები მას პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე მოხვდა. იმ ადგილას კი, „ძალიან კარგი აირწინაღის“ იმედით, ხალხის დასახმარებლად მივიდა, მას შემდეგ, რაც გაზის გაშვების ამბავი გაიგო.
კობერიძის დაკვირვებით, დემონსტრანტები გამოწვევებთან სწრაფად ადაპტირდებიან და გაზის გაშვებისას „პანიკაში აღარავინ ვარდებიან“, ასევე - „კარგი აირწინაღები, დამცავი საშუალებები აქვს უმეტესობას“ და ამიტომ, ხელისუფლება მათ ახლა უკვე რეზინის ტყვიებით დაუპირისპირდა. „რეზინის ტყვიები მართლა ქმნის საფრთხეს - თვალში რომ არ მოგხვდეს. ბედნიერი ვიყავი, რომ არ მომხვდა“, - ამბობს ცოტნე კობერიძე.
შს სამინისტრომ რეზინის ტყვიების გამოყენება უარყო. დემონსტრანტების გამოცდილება კი საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
რეზინის ტყვიები მოხვდა კონსტანტინე ჩახუნაშვილსაც. კვალი ხელსა და ფეხზე აღენიშნება.
„9 აპრილის ქუჩაზე ვიდექი და ლაზერს ვანათებდი, ალბათ 11 საათი იქნებოდა დაწყებული. გაზი გაუშვეს და იმ დროს იქ ხალხი აღარ იდგა. მე აირწინაღით ვიყავი და დავრჩი. სროლის ხმა გავიგე და ხელიდან სისხლი რომ წამომივიდა, მივხვდი, რომ ტყვია მომხვდა. სიარულის დროს შევამჩნიე, რომ ფეხი მტკიოდა და შარვალი მქონდა გახეული. სახლში ვნახე, რომ ფეხზეც ჭრილობა მქონდა“, - უყვება კონსტანტინე ჩახუნაშვილი რადიო თავისუფლებას.
ჩახუნაშვილი გაოცებულია, რომ შს სამინისტრო რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფს.
„მასრებიც [სადაც რამდენიმე რეზინის ტყვია ჩადის] და რეზინის ტყვიებიც ბევრმა ადამიანმა ნახა [აქციაზე]. მაშინ ერთმანეთს ვესროდით - ამას მიაწვებიან საბოლოოდ?! რა ვიცი“, - კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაკვირვებით, ხელისუფლება „მუხტის დაგდებას სხვადასხვა გზით ცდილობს“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ძალოვანი უწყებები კვლავ განაგრძობენ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დაზიანებას დემონსტრაციის გაშუქებისას.
„30 აპრილს ღამით და პირველ მაისს გამთენიისას, საპოლიციო ძალებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, პირადად თუ სპეციალური საშუალებების გამოყენებით ფიზიკურად დააზიანეს სულ ცოტა 14 ჟურნალისტი“, - აღნიშნავს ქარტია.
ჟურნალისტი ვარ!
“აიფაქტის” ჟურნალისტს რობი ზარიძეს სპეცრაზმელებმა სცემეს, 1 მაისს, გამთენიის 4 საათისთვის - როცა აქცია უკვე არაერთხელ იყო დარბეული და ახალ შეტევას თითქმის აღარავინ მოელოდა.
ახსოვს, რომ ერთ-ერთმა "რობოკოპმა" სწრაფად სტაცა ხელი და "რობოკოპების" ჯგუფის შუაგულში შეათრია. შემდეგ მას ურტყამდნენ ფეხებსა და ხელებს - ძირითადად თავის არეში და „უსაზიზღრესი სიტყვებით“ აგინებდნენ. არ გაჭრა ყვირილმა - „ჟურნალისტი ვარ!“, „რატომ აკეთებთ ამას!“
„ცემის მერე ერთ-ერთმა წამომაყენა. მაგასაც ვკითხე - რატომ-მეთქი? რის გამო? არაფერს ვაშავებდი-მეთქი. მიპასუხა - მადლობა თქვი, სიკვდილს გადაგარჩინეო და მაგანაც დამარტყა, სადღაც თავის არეში. ყველაფერს ვერ ვიხსენებ - ყველა მხრიდან მაგინებდნენ და მირტყამდნენ. უდიდესი სიძულვილი იყო... რაღაცნაირად ამკენწლეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რობი ზარიძე.
ჟურნალისტი გვიყვება, რომ ცემისას არაერთი დაზიანება მიიღო თავის არეში, გაუსკდა ტუჩი, სისხლი სდიოდა ლოყის შიდა ნაწილიდან. ამ დრომდე სტკივა სხეულის არაერთი ნაწილი.
ცემის შემდეგ, რობი ზარიძე თითქოს გაუშვეს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრეს - „მოდი, დავაკავოთ, ამის დედაც ვატირეო“ და ხელებგადაგრეხილი იქვე მდგარ „ფურგონში“ შეაგდეს.
„ამ „ფურგონში“ სპონტანურად მოწყობილი დაკავების იზოლატორი დამხვდა - ნაცემი ადამიანები ჰყავდათ შეყრილი - მინიმუმ 7 ადამიანი იქნებოდა... მათთან ლაპარაკი ვერ მოვასწარი“, - ვიდრე ტელეფონს წაართმევდნენ, რობი ზარიძემ მანქანიდან ჟურნალისტ მეგობართან დარეკვა მოასწრო და ფიქრობს, რომ დიდწილად სწორედ ამ ზარმა გადაარჩინა. წართმეული ტელეფონი დაუბრუნეს, მაგრამ ცემის დროს გატეხილი აპარატი მალევე გაითიშა.
ზარიძე გვეუბნება, რომ მანამდე, ცემის შემდეგ, მას ტანზე შემოხვეული საქართველოს დროშაც ჩამოგლიჯეს, რომელიც სულ სისხლიანი იყო.
„ფურგონში“ ჟურნალისტმა რობოკოპებს, საკუთარი ინიციატივით, პრესბარათი აჩვენა. არავინ შეიმჩნია, მაგრამ მანქანიდან მაინც სწრაფად ჩამოიყვანეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინ და უკან ატარებდნენ.
პატრულისთვის უნდოდათ ჩემი გადაცემა, მაგრამ იმ ტერიტორიაზე პატრული არ იდგაო, - გვეუბნება დაშავებული ჟურნალისტი, რომელიც საბოლოოდ ქაშვეთის ეკლესიასთან გაუშვეს. ამ დროს პარლამენტის წინ, მხოლოდ შს სამინისტროს დანაყოფები იდგნენ.
ქუჩა რომ ჩაიარა, შემთხვევით გადააწყდა სასწრაფო დახმარების მანქანას - დახმარება ითხოვა. სისხლი მომწმინდეს, ჭრილობა დამიმუშავეს, სახელი, გვარი და ასაკი ჩაიწერეს და გამიშვესო, - გვიყვება ჟურნალისტი, რომელიც ახლა საგამოძიებო სტრუქტურიდან ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობას ელოდება. ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მისახედი აქვს - თავის კომპიუტერული ტომოგრაფია მისთვის არავის გადაუღია.
30 აპრილის აქციის დარბევისა და ცემის შედეგად დაშავებულ ადამიანებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ძებნა უწევდათ. ისინი ამბობენ, რომ მანქანები არასაკმარისი იყო. ვიდეომასალებში ისმის ყვირილი - „დაურეკეთ სასწრაფოს!“, „ვინმემ დაურეკოს სასწრაფოს!“, „გამოიძახეთ რუსთაველზე!“
ნაცემი, დაკავებული ყოფილი სამხედრო
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში გამოცდილი ყოფილი სამხედრო, 60 წლის გია კიკაჩეიშვილი რუსთაველის გამზირზე, 00:30 საათიდან 01:00 საათამდე შუალედში დააკავეს და თბილისიდან მცხეთის იზოლატორში აღმოჩნდა. ოჯახი მას მთელი ღამე უშედეგოდ ეძებდა.
დაკავებამდე, გია კიკაჩეიშვილს სპეცრაზმელების ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.
„იმყოფებოდა ლესია უკრაინკას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველ სკოლასთან. ხუთზე მეტმა [ნიღბიანმა] პირმა შეათრია სკვერში, სკოლის წინ და ახორციელებდნენ მასზე როგორც ფიზიკურ, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას - რატომ დგახარ აქო, ამ პიდ***სტებთანო. ბატონ გიას შეპასუხებაზე, რომ არავის საქმე არ არის - სად დადგება და აქციაზე ყოფნის უფლება აქვს - დაიწყეს ფიზიკური ძალადობა და ურტყამდნენ ეს პირები. როგორც მან მითხრა, ისინი იყვნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები [სპეცრაზმი]“, - „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატმა მარიამ პატარიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 1 მაისს, მცხეთის იზოლატორში მოინახულა. მანამდე, დაკავებული ჯერ ვარკეთილში, შს სამინისტროს „შუშებიან“ შენობაში ჰყოლიათ, შემდეგ ზაჰესში და ბოლოს - მცხეთაში.
„სახეზე ეტყობა დაზიანებები, ცხვირი აქვს შეშუპებული, თვალი ჩალურჯებული. ასევე სისხლჩაქცევები აქვს სხეულზე - მხრის და მკლავების მიდამოებში. აქვს ნაკაწრებიც ხელებზე... ოქმში მითითებულია, რომ თითქოს გზას კეტავდა, არადა, რუსთაველზე [მანქანების სავალ ნაწილზე] ის საერთოდ არც გადასულა“, - გვეუბნება ადვოკატი.
გია კიკაჩეიშვილს ბრალი ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლების (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) შესაბამისად, რაც მაქსიმალურ სასჯელად 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობს. დაკავებულების უმრავლესობას სწორედ ამ მუხლების დარღვევას ედავებიან.
სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გავრცელებული ვიდეომასალები ასახავს არაერთ ფაქტს, როცა სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ფიზიკური ძალით გამეტებით უპირისპირდებიან; ურტყამენ წიხლებს, მუშტებს, მათ შორის - გოგოებსაც, მისდევენ და თმებით ათრევენ დაკავებულებს.
გია კიკაჩეიშვილის შვილმა, ჟურნალისტმა თამარ კიკაჩეიშვილმა, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 1 მაისს დილით მის ფეისბუკში შეღწევა სცადეს: მიიღო ყალბი მესიჯი ნაცნობი ადამიანის სახელით მოქმედი ანგარიშიდან და უსაფრთხოების კოდის გაგზავნას სთხოვდნენ. თამარი არ გამორიცხავს, რომ ეს ფაქტიც მამის დაკავებას უკავშირდება. თამარ კიკაჩეიშვილი სამოქალაქო აქტივიზმშიც მონაწილეობს - გვეუბნება, რომ „რუსულ კანონს“ შარშან ბელგიაში - ევროსტრუქტურებთან აპროტესტებდა.
ვერ ვსუნთქავდი
30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
20 წლის მარიამ ზედგინიძე სპეცრაზმელებს 4 საათის განმავლობაში ემალებოდა. მანამდე, აქციაზე მყოფს, როცა პარლამენტის შენობიდან მოშორებით იდგა, შორიდან ნასროლი ცრემლსადენი გაზის ბალონი ფეხებთან ახლოს აუფეთქდა და თვალების წვასთან ერთად, სუნთქვაც შეეკრა.
„აქციაზე ჩემს მეგობართან ერთად ვიყავი. დაახლოებით ღამის ორი საათისთვის ძალიან მშვიდობიანად, წყნარად ვიდექით. უცბად ხალხმა გაქცევა დაიწყო. მე დავიბენი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა. გავრბოდი მეც, მაგრამ თვალებიდან ცრემლები ისე მომდიოდა, ვერ ვახელდი და სუნთქვაც აღარ შემეძლო. ჰაერის ჩასუნთქვას რომ ვცდილობდი, უფრო ვიხუთებოდი... ვიღაცამ გაზის ნიღაბი მომაწოდა, ვცდილობდი სახეზე მიმედო, მაგრამ დაგვიანებული იყო“, - მარიამ ზედგინიძეს სრულიად უცნობი ადამიანები მიეხმარნენ, ზედა ქუჩაზე, სარდაფის ტიპის პატარა სივრცეში [სავარაუდოდ - კაფე] შეიყვანეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.
მარიამ ზედგინიძე დაკავებული გია კიკაჩეიშვილის შვილიშვილია. აქციაზე მყოფმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ბაბუას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„პოლიცია ხალხს იწვევდა. ერთ ვიდეოში, რომელიც გადავიღე, ჩანს, რომ ხელს უქნევენ ხალხს, ანიშნებენ - მოდითო... თითქოს ძალას რომ მისცემ ადამიანს და ცუდად რომ იყენებს, რაღაც ასეთი იყო. შევესწარი, როგორ შემოახიეს პოლიციელმა მაისური კაცს, რომელმაც იქ უბრალოდ გაიარა.
დაჭერა უნდოდათ, მაგრამ ხალხი დაეხმარა და გამოიყვანეს ბოლოს. საშინელება იყო... სადღაც 6 საათზე ძლივს გადავწყვიტე იმ შენობიდან გამოსვლა და სახლში წასვლა, მეშინოდა“, - გვეუბნება მარიამი, რომელსაც სახლში ოჯახი და პატარა შვილი ელოდებოდა.
სცემეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც
აქციაზე სასტიკად სცემეს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც, როგორც ამბობს, სპეცრაზმელების მიერ მოულოდნელად დაკავებული ახალგაზრდის დახსნას ცდილობდა.
ოპოზიციონერ დეპუტატს სახის არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა 1 მაისს, პარლამენტში, „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვაზე მაინც მივიდა.
30 აპრილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე „მოქალაქეების“ ლიდერს, ალექსანდრე ელისაშვილს. ბოლო დღეებში მას უკვე მეორედ სცემეს. პირველად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან - ელისაშვილმა ნეკნის მოტეხილობა მიიღო.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მრავალათასიან აქციაზე აპროტესტებენ „აგენტების კანონს“, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და მედია - „რუსულ კანონს“, ხოლო „ქართული ოცნება“ - „გამჭვირვალობის“ კანონს უწოდებს.
საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად, რომ საქართველოს "აგენტების კანონი" ევროინტეგრაციის გზას დააშორებს - 17 აპრილს, „აგენტების კანონი“, პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ - პირველი მოსმენით, ხოლო 1 მაისს - უკვე მეორე მოსმენით დაამტკიცა. დარჩა მხოლოდ ერთი კენჭისყრა.
ფორუმი