Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შემომხედეთ ერთ თვალში მაინც“ - აქციაზე ნაცემი ხაბეიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც “აგენტების კანონს” მეორე მოსმენით განიხილავენ, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მივიდა. სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა თქვა, რომ წუხელ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დახმარება სცადა, თუმცა სპეცრაზმის წევრებმა დაიჭირეს და სცემეს.

„არ გაინტერესებთ, რა მოხდა?! შემომხედეთ ერთ თვალში მაინც. მეორეში ვერ შემომხედავთ. კოლეგები ხართ და გეტყვით რაც მოხდა რეალურად. ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ „რობოკოპები“, როცა აქციაზე ინტერვიუს ვიძლეოდი. ეს პირდაპირ ეთერში იყო. როგორც კი დავინახე, რომ ეს ბავშვი შეჰყავდათ, გავემართე მისკენ, იქნებ არ წაიყვანოთ, ბავშვია და ასე არ მოექცეთ-მეთქი. ამის შემდეგ უკვე სპეცრაზმის, ხარებას დაჯგუფების ალყაში მოვხვდი. საათი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ… ჩემი კოლეგები ხართ და მინდა გითხრათ, რას ლაპარაკობდნენ, როცა მირტყამდნენ: მეუბნებოდნენ, რომ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებ და იქნებ გაჩერდე… იძახოდნენ, რომ მოკალით და თქვით, რომ მერე თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ უნდა მეთქვა, „ჩმორი“ ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი”, - განაცხადა ხაბეიშვილმა და დაამატა, რომ თუ იტყოდა, რომ “ჩმორია”, ცემას შეწყვეტდნენ.

“ეს არის რუსეთი, რასაც ხედავთ ჩემს ტანზე. ჩვენდა სამწუხაროდ, ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა. აღდგომის კვირაა და ღმერთმა შეუნდოს ყველას, ვინც ასე მოიქცა, მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვთ და დავტოვებ დარბაზს.. უბრალოდ, არ მაქვს შესაძლებლობა, კითხვები დავსვა.. ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ასე რომ უსწორდებიან, მაინცდამაინც დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის. გთხოვთ კიდევ ერთხელ, დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ იქნებ ეს კანონი გაიტანოთ. თუ ამას არ აკეთებთ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ: გამოდით ყველა გარეთ და დაიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები”, - თქვა ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

30 აპრილისა და 1 მაისის ღამეს საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართული აქციის დროს ძალის შესაძლო გადამატებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებაზე.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG