Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მედიაომბუდსმენის“ ცნობით, ოთხ დღეში სპეცრაზმელების სამიზნედ ათი ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა


„პუბლიკის" ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი აქციაზე. 30 აპრილი, 2024 წელი
„პუბლიკის" ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი აქციაზე. 30 აპრილი, 2024 წელი

არასამთავრობო ორგანიზაციის, „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ ათი ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა.

ორგანიზაციის ცნობით, 28 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში:

  • სპეცრაზმელმა წიწაკის სპრეი შეასხა „TV პირველის“ ოპერატორს, ნიკო კოკაიას;
  • სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს, ლიკა ზაკაშვილს და ბასტი მგალობლიშვილს;
  • სპეცრაზმმა საქმიანობაში ხელი შეუშალა „TV პირველის“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს: ნანუკა ქაჯაიას და დავით ბერაძეს, ასევე - გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს.
  • სპეცრაზმელებმა სცემეს ონლაინგამოცემა „აი, ფაქტის“ ჟურნალისტს, რობი ზარიძეს;
  • თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა CNews Exclusive-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიიძე.

„მედიაომბუდსმენი“ აცხადებს, რომ ჟურნალისტების და ოპერატორების ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.

2024 წელს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო პროტესტის გაშუქებისას, ორგანიზაციამ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის 14 შემთხვევის შესახებ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას.

30 აპრილის და 1 მაისის ღამით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქცია პოლიციამ ცრემლმდენი გაზით დაარბია, გამოიყენა წყლის ჭავლი და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა.

აქციაზე დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სასტიკადაა ნაცემი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ნაცემია კიდევ ერთი პარლამენტარი - „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

საპროტესტო აქციაზე გამოიკვეთა ნიღბიანი ადამიანი, რომელიც სპეცრაზმელების მხარეს იდგა და დემონსტრანტებს სახეში მუშტს ურტყამდა.

აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა კლინიკაში სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს 11 მოქალაქე - მათგან ექვსი პოლიციელი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დააკავა 63 მოქალაქე და დაშავდა ექვსი სამართალდამცველი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG