1-2 მაისის ღამით, თბილისში პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან 15 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ნაწილმა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, კლინიკები დატოვეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არიან სამართალდამცველები.
„აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვასა და მიღებას, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის გარშემო მოქალაქეთა მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.
პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. პოლიცია ასევე პარლამენტის ეზოდან ქუჩის მიმართულებით იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ბარიკადები ააგეს ხის და რკინის ჯებირებით, ასევე - ნაგვის ურნებით და ჩახერგეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ჩიტაძის ქუჩიდან.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც ასევე სცადეს ჩაეხერგათ შენობის ჭიშკარი. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ისევ გამოიყენა წყლის ჭავლი, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
ამის შემდეგ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები მთლიანად საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს. მათ დემონსტრანტებს შესთავაზეს, აქცია პარლამენტის წინ გაეგრძელებინათ, რათა შესაძლებელი გამხდარიყო გზის სავალი ნაწილის გახსნა.
რუსთაველზე აქციის დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო - 1 მაისს, 22:30 საათისთვის, სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდათ სპეციალური საპოლიციო საშუალებები.
თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა - "ტვ პირველის" კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. დაზიანება მას, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით მიაყენეს ჩიტაძის ქუჩაზე.
ფორუმი