სტატია განახლებულია 3 ივნისს. მასალას დაემატა ინფორმაცია ბიზნესმენ ბაკურ კიღურაძის გამამართლებელი განაჩენის შესახებ.
„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის 17 თებერვლიდან 15 მაისამდე 2 მილიონ ლარზე მეტის შემოწირულება მიიღო. 90 შემომწირველს შორის არიან ისეთები, ვინც მმართველი პარტიისთვის პირველად გაიღო ფულადი რესურსი, ისეთები, ვინც უკვე წლებია მას სოლიდურ თანხებს სწირავს და ისეთებიც, ვინც წლების წინ სხვა მმართველ პარტიას სწირავდა და ახლა „ქართულ ოცნებას“ სწირავს. შემომწირველები, როგორც წესი, სხვადასხვა ბიზნესის მფლობელები არიან, იკვეთება მათ შორის კავშირები და ასევე კავშირები სახელმწიფო ტენდერებთან, „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებულ პროექტებსა და სხვა სახელმწიფო პროგრამებთან. შემომწირველებს შორის არიან ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული, პოლიტპატიმრების სტატუსით განთავისუფლებული და პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ გამართლებული ბიზნესმენები, ფონდ ქართუს თანამშრომლები, სპორტული კლუბების ხელმძღვანელები, ჰესების მშენებლები და ისეთებიც, ვინც ბიზნესრეესტრში საერთოდ არ იძებნება.
წლების მიხედვით შედარებისას ირკვევა, რომ „ქართულ ოცნებას“ არასაარჩევნო პერიოდშიც ჰყავს მსხვილი და ერთგული შემომწირველები. 2019 წლის იანვარ-მაისის დროს მიღებული შემოწირულებები და შემომწირველების რაოდენობა მსგავსია 2020 წლის იმავე პერიოდის - 2019 წელს 99 შემომწირველმა 2 710 500 ლარი შესწირა მმართველ პარტიას.
5 მაისს 50 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას ბაკურ კიღურაძემ, შპს უტას ხელმძღვანელმა, რომელიც 2010 წელს ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. სასამართლოს 2011 წლის განაჩენის მიხედვით, კიღურაძე „ინტერნეტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და გამოძიებისთვის დაუდგენელი სხვა არხების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის დაზვერვას გადასცემდა“. კიღურაძე მის დაკავებას ბიზნესსაქმიანობას, კერძოდ, შპს „ნიბა-ინვესტს“ უკავშირებდა. 2012 წელს მან ციხიდან წერილიც გამოაგზავნა, სადაც ვლადიმერ ბედუკაძეს „ღირსეულ პიროვნებას“, „ვაჟკაცს“ და „გმირს“ უწოდებდა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული კიღურაძე 2016 წელს შეჩერებული პროექტების გაგრძელებაზე საუბრობდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი მომდევნო წლებშიც. 2018 წელს პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლომ 2011 წელს გამოტანილი განაჩენი გააუქმა და მის მიმართ ახალი, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
50 000 ლარი შესწირა 2 აპრილს საფეხბურთო კლუბ საჩხერის ჩიხურის გამგეობის წევრმა, ლერი კაპანაძემ მმართველ პარტიას. ეს პარტიისთვის გადარიცხული მერვე თანხაა. პარტიის არსებობის განმავლობაში ლერი კაპანაძეს 250 000 ლარზე მეტი აქვს შეწირული და ის არ არის ერთადერთი ამ საფეხბურთო კლუბიდან, რომელიც სისტემატურად სწირავს ფულს „ქართულ ოცნებას“. შედარებით მოკრძალებული თანხა, მაგრამ 3-ჯერ გაკეთებული შემოწირულება აქვს კლუბის პრეზიდენტს, ნუგზარ დეკანოიძეს. მას 55 000 ლარი აქვს პარტიის სასარგებლოდ გაღებული.
შემომწირველებს შორის ერთ-ერთი მსხვილი ჯგუფია შპს ლილო მოლთან დაკავშირებული ბიზნესმენები: დავით გაგუა, გიორგი კვარაცხელია, თენგიზ გავაშელი, ლევან გაგუა, ვაჟა უსანეთაშვილი, დავით კაპანაძე, გია ანღულაძე, გიორგი გაგუა და ბაჩო კაპანაძე. ისინი „ქართულ ოცნებას“ წინა წლებშიც სწირავდნენ მსხვილ თანხებს. შპს „ლილო მოლის“ გარდა, რამდენიმე მათგანს კიდევ ერთი ორგანიზაცია, შპს „დოლაბაური“ აერთიანებს. „ლილო მოლთან“ დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა პანდემიის დროს პარტიას 395 000 ლარი შესწირეს, ჯამში კი პარტიის არსებობის განმავლობაში მის სასარგებლოდ მილიონ ლარზე მეტი აქვთ გაღებული.
ერთგულ შემომწირველთაგან ერთ-ერთი, გიორგი გაგუა ფლობს შპს „სევსამორას“, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი სასტუმროს ასაშენებლად საგურამოში 2019 წელს თითქმის 4 მილიონი ლარი მიიღო. გიორგი გაგუა ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია.
„ლილო მოლთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, ვაჟა უსანეთაშვილი შპს „არსაკიძე-2000“-ის 33%-ის მფლობელია. ამ კომპანიას 2020 წლის იანვარში მილიონ-ნახევრის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული, რომელიც ქალაქმა კრწანისის რაიონში გზების მოწყობის სამუშაოების შესასყიდად გამოაცხადა.
„არსაკიძე -2000“-მა მხოლოდ 2019 წელს 3 მილიონზე მეტი ლარის საგზაო სამუშაოების შესასყიდად გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა ისანის, სამგორისა და კრწანისის რაიონებში. ამ კომპანიის მაღალ წილზე სახელმწიფო შესყიდვებში ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2014-2019 წლებში თბილისის მერიის სისტემაში გამოცხადებულ ტენდერში ყველაზე ხშირად სწორედ შპს „არსაკიძე-2000” იმარჯვებდა.
2020 წლის 15 მაისს პირველად გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ 15 000 ლარი ზურაბ სამსონაძემ, ის „ჯონოული 1”, „ჯონოული 2” და შპს „ჯეენ გეორგიასთან“ დაკავშირებული პირია. „ჯონოული 1“ ცაგერში მდებარე მცირე ჰესია, რომლის გახსნასაც 2019 წელს ეკონომიკის მინისტრი ესწრებოდა. ჰესების, „ჯონოული 1“-ისა და „ჯონოული 2“-ის მშენებლობისთვის ინტერესი სახელმწიფომ თავად გამოხატა 2014 წელს და მათი ჯამური საინვესტიციო თანხა 17 მილიონ ლარს შეადგენდა.
24 აპრილს 60 000 ლარი შესწირა პარტიას გიორგი აბრამიშვილმა, მის რამდენიმე კომპანიას შორის ერთ-ერთია შპს „ნიუ მოტორსი“. კომპანიას 2018 წელს ორი სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული, 300 000 ლარამდე ღირებულების. მათგან ერთის უკონკურენტო მონაწილე იყო. პირველი პოლიტიკური შემოწირულება მან სწორედ ამ წელს გაიღო - 60 000 ლარი შესწირა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. მას შემდეგ აბრამიშვილი ყოველ წელს რიცხავს პარტიის სასარგებლოდ ფიზიკური პირისთვის განკუთვნილ მაქსიმუმს, 60 000 ლარს.
მაისის თვეში ჯამში 50 000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორებმა, ზაალ და დავით დუგლაძეებმა. მათ საერთო ბიზნესი, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ აერთიანებთ. დავით დუგლაძე მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოწირულებას მაშინაც აკეთებდა, როცა ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკური ძალა იყო. 2012 წელს მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი შესწირა.
შემოწირულება ალექსანდრე ივანიშვილმაც გაიღო პანდემიისას პარტიის სასარგებლოდ, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე მისმა პარტნიორებმა - მან აპრილის თვეში „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა, შემოწირულებებს აკეთებდა წინა წლებშიც და არა მხოლოდ ძმის პარტიის, არამედ მასთან კოალიაციაში შემავალი პარტიებისთვისაც.
2020 წლის 16 მარტს 50 000 ლარი შეწირა ქართულ ოცნებას “ქართუ ფონდის” გენერალურმა დირექტორმა, ნატო ხაინდრავამ. 2012 წლიდან ამ დრომდე მას პარტიისთვის 300 000 ლარამდე აქვს შეწირული. ფონდ ქართუსთან დაკავშირებული პირები პარტიის მიმართ გულუხვობით ისტორიულად გამოირჩევიან და ამაზე ხშირად ვხვდებით მითითებებს არასამთავრობო ორგანიზაციების მომზადებულ შესაბამის ანგარიშებში.
ასე მაგალითად, წინა წლების მსგავსად, 2020 წლის გაზაფხულზე 2014 წლის შემდეგ მეექვსე შემოწირულება გააკეთა და 45 000 ლარი გადაურიცხა პარტიას ფონდ ქართუს ფინანსურმა დირექტორმა გივი ლებანიძემ. ამ დროის განმავლობაში მას „ქართული ოცნებისთვის“ 150 000 ლარზე მეტი აქვს შეწირული. 2012 წლის შემდეგ ასევე ყოველწლიურად რიცხავს მმართველი პარტიისთვის სოლიდურ თანხებს ფონდ ქართუს ოპერაციების დირექტორი, დავით გალუაშვილი. პანდემიისას მან 40 000 ლარის შემოწირულობა გაიღო ზუსტად ისე, როგორც 2019 წლის გაზაფხულზე. 45 000 ლარი შესწირა პარტიას ფონდის კიდევ ერთმა დირექტორმა, ზურაბ გოგუამ. ის პარტიის შემომწირველებს შორის 2014 წელსაც გვხვდება, ისევე როგორც ბექა კვარაცხელია, ფონდის რისკების დირექტორი. მან „ქართულ ოცნებას“ მარტში 40 000 ლარი შესწირა.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ შეიძლება იყოს 120 000 ლარზე მეტი.
პანდემიის პარალელურად, მმართველი პარტიის მსგავსად, შემოწირულებებს ოპოზიციური პარტიებიც იღებდნენ, თუმცა თანხებში მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მაგალითისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 100-ზე მეტი შემომწირველიდან ყველაზე მსხვილი თანხა ყოფილმა განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გაიღო და ის 25 000 ლარია, „ევროპული საქართველოს“ 24 შემომწირველიდან კი ყველაზე მსხვილი შემოწირულების გამღები პარტიის წევრი დავით ავალიანია, პარტიისთვის გაღებული 18 000 ლარით.