Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესიჯები მოსკოვს: როდის უფრო დროულად და მკაცრად?


დაგვიანებული, არაპრინციპული და გულგრილი რეაქციები - ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა ბოლო პერიოდში დიდი უკმაყოფილება გამოიწვიეს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ღობეების აღმართვის პროცესი თბილისიდან მოსკოვისკენ გაგზავნილი მკაცრი და პრინციპული მესიჯების გარეშე მიმდინარეობს. ანალიტიკოსები ხელისუფლებას ვერ ატყობენ იმ ერთსულოვნებას, რომელიც მან, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში ვლადიმირ პუტინის გინების შემდეგ გამოამჟღავნა.

პრემიერი ამბობს, რომ ილუზიაა ბორდერიზაციის პროცესის უმოკლეს ვადებში შეჩერების იმედი, ხოლო პრეზიდენტი - ლოპოტის ტბაზე დასვენების შემდეგ აცხადებს, რომ - გუგუტიანთკარში ჩავა მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის.

პრეზიდენტის რეაქცია

„მე მგონი ვარ 7-ჯერ ჩასული საოკუპაციო ხაზზე - რუხიდან დაწყებული, ნიქოზი, გრემისხევი და ჩავდივარ მე, როცა ვთვლი, რომ უნდა ჩავიდე და არა სხვისი დღის წესრიგით“, - უთხრა „1 არხს“ ლიეტუვაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა არ დაუკონკრეტებია - ამჯერად რატომ არ ჩათვალა საჭიროდ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ჩასვლა, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა 7 აგვისტოდან დაიწყო გამყოფი ღობეების აღმართვა, ადგილობრივების სახლების მიტაცება და ჯერ არ დაუსრულებია.

  • მაშინ, როცა ხელისუფლებას გუგუტიანთკარელები შველას სთხოვდნენ მედიის საშუალებით, პრეზიდენტი ლოპოტის ტბაზე ისვენებდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად „Reginfo“-მ გაავრცელა;
  • „პრეზიდენტი თავის შვილებთან ერთად ქალაქგარეთ იყო გასული. ის, როგორც მისი კოლეგა პრეზიდენტები დასვენების ადგილიდან აგრძელებდა მუშაობას", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით;
  • 7 აგვისტოს შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა, მათ შორის ოკუპაციის თემაზეც, მაგრამ მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე არ იძებნება არცერთი საგანგებო განცხადება უშუალოდ გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით;
  • ასევე არ იძებნება პირდაპირი მოწოდებები რუსეთის მისამართით, რომ შეაჩეროს მცოცავი ოკუპაციის პროცესი გუგუტიანთკარში.

„ქართველებს უიმედობა არ გვახასიათებს, ამიტომ ისიც უნდა გვჯეროდეს, რომ მოვა დრო და რუსეთიც დარწმუნდება, რომ ომი, ოკუპაცია, სახელმწიფო საზღვრების უგულებელყოფა წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - ასეთია სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი იმ საჯარო გამოსვლის ამონარიდი, რომელიც აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს ეძღვნება.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ მოწოდებები და მკაცრი გზავნილები არც ლიეტუვაში გახმოვანებულა - სადაც სალომე ზურაბიშვილი 23 აგვისტოს სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტ ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციისა და მძიმე შედეგებისა, „საქართველომ უცვლელად შეძლო სვლა დემოკრატიისკენ, ეკონომიკური წინსვლისკენ და ევროპული ინტეგრაციისკენ“, რუსეთის შესაჩერებლად გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, უცვლელია საქართველოს საგარეო კურსი და ამ სარბიელზე „საქართველოს გზა უფრო ჰეტეროდოქსულია“.

პრემიერის რეაქცია

რუსეთის მისამართით შეჩერების მოწოდებები საზოგადოებამ ვერც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან მოისმინა. 22 აგვისტოს პრემიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბორდერიზაციის პროცესი უახლოეს მომავალში არ დასრულდება.

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში , ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას.

ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად“.

  • სოფელში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამყოფი ღობეების აღმართვა 7 აგვისტოს დაიწყეს, მამუკა ბახტაძე 20 აგვისტოს ჩავიდა;
  • მის ოფიციალურ გვერდებზე არ იძებნება საგანგებო ბრიფინგები და განცხადებები კონკრეტულად გუგუტიანთკარში მიმდინარე ბორდერიზაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით;
  • მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში ყოფნისას უთხრა, რომ ხელისუფლებას არაფერში დაუგვიანია.

სოფელ გუგუტიანთკარში პრემიერი 20 აგვისტოს მედიის გარეშე ჩავიდა.

  • „მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ“ - ადგილობრივებს პრემიერი პრობლემების გადაჭრას დაჰპირდა;
  • „ასეთი გამოწვევები და განსაცდელები ჩვენ გვქონია საუკუნეების განმავლობაში და ერთსულოვნებით გადაგვილახავს. ყველაზე მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია,"- განაცხადა მან.

ოფიციალური წყარო იტყობინება, რომ გუგუტიანთკარში პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.

სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის მისამართით საგანგებო გზავნილები არც არჩილ თალაკვაძეს გაუხმოვანებია. რაც შეეხება ქეთევან ციხელაშვილს ის ადგილზე 15 აგვისტოს ჩავიდა და შემდეგაც რამდენჯერმე, მათ შორის - უცხოელ დიპლომატებთან ერთად.

საგარეო საქმეთა მინისტრის რეაქცია

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საგანგებო ბრიფინგი 16 აგვისტოს გამართა და განაცხადა, რომ გუგუტიანთკარში ბორდერიზაცია შეჩერებულია. თუმცა მანამდეც და მას შემდეგაც პროცესი რამდენჯერმე შეჩერდა და მერე ისევ განახლდა.

საჯაროდ გამოჩენისა და გუგუტიანთკარში ჩასვლის დაგვიანების მიზეზები ჟურნალისტებს მან იმით აუხსნა, რომ:

  • 4 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა საქართველოში;
  • ყველაფერი კეთდებოდა "იმ ამოცანისა და დავალების“ შესასრულებლად, რაც საგარეო უწყებას აქვს და „ეს არის სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია“;
  • სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე.

„კავშირზე ვრჩებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო პოლიტიკა“, - განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტებმა დავით ზალკალიანს 16 აგვისტოს სთხოვეს დაკონკრეტება, თუ როდის აპირებდა ის გუგუტიანთკარში ჩასვლას. მინისტრმა თქვა, რომ ბრიფინგის შემდეგ გაემგზავრება სოფელ გუგუტიანთკარისკენ.

„ახლავე წავალ, აი, დღესვე წავალ, აქედანვე... თუ დამასრულებინებთ, დღესვე წავალ აქედან... კი ბატონო, აი, წავალ ახლა... კი ბატონო“.

საბოლოოდ, დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში 18 აგვისტოს ჩავიდა.

რას გვეუბნება ხელისუფლების რეაქციები?

ვინ, როდის და რა ვითარებაში ჩავიდა თუ არ ჩავიდა გუგუტიანთკარში, ეს საკითხი განხილვის საგნად მას შემდეგ იქცა, რაც საზოგადოებამ ვერ მოისმინა ხელისუფლების წარმომადგენლების დროული და პრინციპული განცხადებები, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეონა აქუბარდიამ, "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" თანადამფუძნებელმა.

მიზეზები კი რუსეთთან ურთიერთობის სპეციფიკას უკავშირდება:

  • „დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია - არ გავაღიზიანოთ რუსეთი, მაგრამ რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მიჰყვება თავის გეგმებს და არ შეჩერდება, ვიდრე არ მიაღწევს თავისას“;
  • „ქართული ოცნების“ გუნდს არა აქვს ერთიანი ხედვა - როგორ უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის არგაღიზიანებისა და გაჩუმების ფონზე“;
  • "ასეთ ფონზე რუსეთისთვის იოლია მისი მომხრე საქართველოში მოქმედი ჯგუფების მართვა".

თეონა აქუბარდია
თეონა აქუბარდია

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილისთვის, თეონა აქუბარდიასთვის ნათელია, რომ ხელისუფლება არ ხელმძღვანელობს უსაფრთხოების ერთიანი მიდგომებით და ქვეყანაში აშკარად დგას სტრატეგიული კომუნიკაციის პრობლემა.

„ქართულმა ოცნებამ“, სამწუხაროდ, მოშალა ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა, როდესაც ექსპერიმენტები ჩაატარა - გააუქმა უშიშროების საბჭო და შექმნა ისეთი უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს...

სხვა არაერთ საკითხთან ერთად, მცოცავი ოკუპაცია და ბორდერიზაცია არის სწორედ ის საკითხი, რომელზეც აუცილებელია ერთიანი, კოორდინირებული მიდგომა, მაგრამ ეს საკითხი არ განხილულა უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში. სულ რომ სრული მშვიდობა იყოს, ახალ უსაფრთხოების საბჭოს კანონმდებლობით ევალებოდა სხდომის მოწვევა 1 აგვისტოსთვის და კანონის ეს მოთხოვნა არ შესრულდა“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

ხელისუფლების რეაქციებზე ლაპარაკისას ანალიტიკოს კორნელი კაკაჩიას ახსენდება ახლო წარსულში მაღალჩინოსანთა მიერ ერთმანეთის მიყოლებითა და აღშფოთებული ტონალობით გაკეთებული განცხადებები.

ლაპარაკია ფაქტზე, როდესაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ პრეზიდენტ პუტინის გინებას ერთმანეთის მიყოლებით გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარ, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვები.

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

ხელისუფალთა რეაქციები სხადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირი რომ არის, ეს თვალშისაცემია არაერთი პოლიტიკოსისა თუ ანალიტიკოსისთვის საქართველოში. ფაქტორად აქაც რუსეთი სახელდება.

  • ხელისუფლებას ჰქონდა სწრაფი, ერთიანი, მკაცრი და პრინციპული პოზიცია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემის წამყვანის მიერ ვლადიმირ პუტინის მისამართით ბილწსიტყვაობის შემდეგ;
  • ხელისუფლებას არ ჰქონდა სწრაფი, ერთიანი, მკაცრი და პრინციპული პოზიცია სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ღობეების გავლების პროცესთან დაკავშირებით;
  • ხელისუფლებას არ ჰქონდა სწრაფი, ერთიანი, მკაცრი და პრინციპული პოზიცია, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ახლო წარსულში კიდევ ერთხელ სცადა საქართველოს ისტორიის გადაწერა.

კორნელი კაკაჩიასთვის ცხადია, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პოლიტიკამ არ გაამართლა და მეტიც, ამან საქართველოსთვის დამაზიანებელი შედეგები მოიტანა იმ თვალსაზრისით, რომ „რუსეთს გაუჩნდა ილუზია და იმედი - თავის ორბიტაზე საქართველოს დაბრუნებასთან დაკავშირებით" და შესაბამისად, "მას მიეცა უფრო მეტი მცდელობის სტიმულიც“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG