Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარადიული შვეიკი, ანუ იდიოტის ტრიუმფი - ასი წლის წინ გარდაიცვალა იაროსლავ ჰაშეკი 


იაროსლავ ჰაშეკი
იაროსლავ ჰაშეკი

​​​​​​​1923 წლის 3 იანვარს, ასი წლის წინ, ისე რომ 40 წელსაც ვერ მიაღწია, გარდაიცვალა იაროსლავ ჰაშეკი, ჩეხი მწერალი, ავტორი რომანისა „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი მსოფლიო ომის დროს.“  ამ რომანზე, ისევე, როგორც ავტორზე, თან უამრავი რამ ვიცით, თან პრაქტიკულად არაფერი.

ჰაშეკი გარდაიცვალა პატარა ქალაქ ლიპნიცე-ნად-საზავოუში, თავისი მშობლიური პრაღიდან ას კილომეტრში. იქ დაყო მან თავისი ცხოვრების ბოლო წელიწადნახევარი და ლიპნიცე იყო დედამიწაზე პირველი ადგილი, რომელსაც ამ „მომთაბარე კაცმა“ თავისი სრულყოფილი სახლი უწოდა. იქ დაიწერა, მაგრამ არ დასრულებულა „შვეიკი“.

ფაქტია, თუმცა ცოტა გასაკვირი, რომ უცნობილესმა იუმორისტებმა და სატირიკოსებმა სულაც არ განვლეს მხიარული ცხოვრება, ამის მაგალითად ასახელებენ ხოლმე არ მხოლოდ ო’ჰენრის, არამედ მათ რიგებშია და არ წარმოადგენს გამონაკლისს ჰაშეკიც.

მისი ბიოგრაფიის ფაქტებს თუ გაიხსენებთ, იმ მრავალ გრძნობას შორის რომელიც გაგიჩნდებათ, მხიარული ნამდვილად არ ჭარბობს.

ბავშვობა პირქუშ, ერთმანეთის არ მოყვარე მშობლებთან, მამის ადრე სიკვდილი, სიყმაწვილის პერიოდის მაწანწალობა, შემდეგ მწერით გადარევა, მუდამ დუქნებში ყოფნა, ვერ დალაგებული ოჯახური მდგომარეობა, თვითმკვლელობის მცდელობა, პირველი მსოფლიო ომის ფრონტი, ტყვეობა და თავგადასავლები რევოლუციურ რუსეთში.

მისი ერთ-ერთი პირველი ბიოგრაფი, ვაცლავ მენგერი წერდა: „მან ორმოცსაც ვერ მიაღწია, მაგრამ როგორი წლები იცხოვრა! სიღარიბეში იყო, არავინ აღიარებდა, ფიზიკურად და სულიერად იტანჯებოდა და ამაზე ამაღლება შეეძლო მხოლოდ მას, არაჩვეულებრივი შინაგანი სიძლიერის მქონე ნამდვილ ოპტიმისტს, ჯანსაღი იუმორით აღსავსე თითქმის არაბუნებრივად ქარაფშუტას, რომელიც, ამით, საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ საკუთარ სულს, არამედ ჯანმრთელობას და ყველაფერს მატერიალურს".

ჰაშეკს მისი ამგვარად აღწერა ალბათ არ მოეწონებოდა. ალბათ ზედმეტად პათეტიკურია, და ეს პათეტიკა მას არ უყვარდა და მთელი ცხოვრება დასცინოდა მას.

თუმცა ქარაფშუტობის გამო მენგერი მართალია: თვით ლიპნიცეში ის „ჰაშეკურად“ მოხვდა: პრაღაში გავიდა ქუჩაში ლუდის დასალევად, ლამის სახლის ხალათსა და ჩუსტებში და შეხვდა ერთ მეგობარს, რომელიც რაღაც საქმეზე მიდიოდა ამ ქალაქში, გაჰყვა მას და სამუდამოდ დარჩა ლიპნიცეში.

რომი, კონტუშოვკა, „ეშმაკი“, ანწლის არაყი, ოჟეხოვკა, ვიშნიოვკა და ვანილის არაყი.

იქ გადასავლის შესახებ ახლობლებს ასე, სამ კვირაში აცნობა. თუმცა, არაა ცხადი, მართლა ასე მოხდა თუ ჰაშეკმა მოიგონა, თუ გააზვიადა ეს ამბავი. და ასე იყო ყოველ ნაბიჯზე: იაროსლავ ჰაშეკის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ნიშანი ეს იყო: ვერ გაიგებდი, სად იწყებოდა დუქანში, ლუდის სმისას მოსმენილი და სად რეალობა, რომლებიც ერთმანეთთან იყო გადახლართული სრულ გაუგებრობამდე. მისი ცხოვრება სამი მთავარი ელემენტისგან შედგებოდა: ხეტიალისგან, სმისა და ლიტერატურისგან.

ყველას, ვინსაც ჰაშეკის ბიოგრაფიაზე უმუშავია შეუსწავლია, ასე თუ ისე რომელიმე ამათგანზე აკეთებდა აქცენტს. სმაზე - ყველაზე შეზღუდულები, რადგან მართლა ლოთი რომ ყოფილიყო, თუნდაც გენიალური, ჰაშეკი ვერ იქნებოდა ასეთი ნაყოფიერი მწერალი. ასეთი რაოდენობის ტექსტები შექმნას გარკვეული თვითდისციპლინა და ხანგამოშვებით მაინც - ფხიზელი თავი სჭირდება.

რომი, კონტუშოვკა, „ეშმაკი“, ანწლის არაყი, ოჟეხოვკა, ვიშნიოვკა და ვანილის არაყი.

სვამდა - და მაშინვე გახსენდება „შვეიკის“ ერთ-ერთ ეპიზოდში მოყვანილი სასმელების სია: რომი, კონტუშოვკა, „ეშმაკი“, ანწლის არაყი, ოჟეხოვკა, ვიშნიოვკა და ვანილის არაყი - მაგრამ ამავე დროს სულ წერდა და ამ წერისგან იღებდა დიდ სიამოვნებას, ვიდრე სმისგან. ამგვარი „დიახ, მაგრამ-ებისგან“ შედგება ჰაშეკი.

იყო თუ არა ჰაშეკი ურყევი ბოლშევიკი, დავა დღემდე გრძელდება. ერთი მხრივ, არაა სადავო, თუ გაიხსენებთ, რომ რუსეთის ტყვეობაში ყოფნისას ჯერ ჩაეწერა ის "ჩეხოსლოვაკიურ ლეგიონში," შემდეგ 1918 წლიდან დატოვა მისი რიგები და ჩაება ჩეხური და სერბული პრობოლშევიკური ნაწილების შექმნაში. „ძმებმა" როგორც ერთმანეთს უწოდებდნენ ლეგიონერები, ჰაშეკს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და მათ ის მორდოვეთის ერთ მიკარგულ სოფელში ემალებოდა.

ჩეხი მწერალი შემდეგ კვლავ ემსახურებოდა წითლებს, ცხოვრობდა თათრეთში, ბუგულმაში, სადაც რამდენიმე მოთხრობა დაწერა, იყო ურალში, ირკუსტკში, სადაც გამოსცემდა პროპაგანდისტულ გაზეთებს სხვადასხვა ენაზე; არის იმაზე ლაპარაკიც, რომ პირადად იცნობდა ლეო ტროცკის და პატივს სცემდა მას. სამშობლოშიც ისე უბრალოდ არ დაბრუნებულა: ჩეხოსლოვაკიაში ის ჩამოვიდა კომინტერნის დავალებით, მოეხდინა რევოლუცია ახლად დაბადებულ, ავსტრია-უნგრეთს გამოყოფილ „ბურჟუაზიულ“ ქვეყანაში. მაგრამ რაღაც ისე ვერ წარიმართა, როგორც საჭირო იყო (ან პირიქით, სწორედ ისე, როგორც უნდა მომხდარიყო) და ჰაშეკი „შვეიკს“ ჩაუჯდა.

უცხოელი-ინტერნაციონალისტი, რომელიც ლენინის სწავლებამ გააბრუა? რა გითხრათ, აბა.

„ჰაშეკი არავითარი ბოლშევიკი, ან კომუნისტი-მარქსისტი არ ყოფილა, ის იყო ანარქისტი და სოციალ-რევოლუციონერი და ამად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. ჯერ კიდევ ომამდე, პრაღაში, ის სოციალ-ანარქისტობდა, მაგრამ ანარქისტ-ტერორისტებს არ გაჰკარებია,“ - ცხარობს გერმანელ-ჩეხი ლიტერატურის ისტორიკოსი, პაველ განი.

იაროსლავ ჰაშეკის მუზეუმი ბუგულმაში (თათრეთი)
იაროსლავ ჰაშეკის მუზეუმი ბუგულმაში (თათრეთი)

როცა ბოლშევიზმისგან ჰაშეკს „ასუფთავებს“ განი ჰაშეკს მიაწერს რაღაცას, პოლიტიკისგან სრულიად დაშორებულს: ის დარწმუნებულია, რომ „შვეიკის“ ავტორი სულ მცირე, ბისექსუალი იყო, რუსეთიდან გამგზავრებამდე რომანი ჰქონდა ვიღაც ჩინელ კომუნისტთან, ვანია ჩანგთან, რომელიც ციმბირელი წითლების თარჯიმნად მუშაობდა. ბისექსუალობაზე ძნელია რამის ცალსახად თქმა, მაგრამ მრავალცოლიანი ჰაშეკი ნამდვილად იყო. რუსეთში შეირთო და სამშობლოში ჩამოიყვანა მეორე ცოლი - ალექსანდრა ლვოვი, თუმცა არ იყო გაშორებული პირველ, პრაღაში ომამდე შერთულ ცოლთან, იარმილა მაიეროვასთან, რომელთანაც ვაჟი ჰყავდა. ხელისუფლებამ თვალი დახუჭა სკანდალური მწერლის ბიგამიაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩეხოსლოვაკია ბოლშევიკურ რუსეთს არ აღიარებდა და იქ გაფორმებული ქორწინებას კანონიერი ძალა არ ჰქონდა.

როგორც უნდა იყოს, „შულინკა,“ როგორც ჰაშეკი ალექსანდრას მიმართავდა, მასთან დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. იაროსლავა მას მოგვიანებით შეურიგდა და ყოფილ ქმარზე საკმაოდ თბილი ბიოგრაფიული ნარკვევი დაწერა.

მაგრამ დავუბრუნდეთ ჰაშეკის მრწამსს. "ის ანარქისტი იყო, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ახლახან გარდაცვლილმა ცნობილმა ჩეხმა ჰაშეკოლოგმა, რადკო პიტლიკმა, - ის ანარქიულ-კომუნისტურ ჟურნალებთან, "ბედნიაკთან" და "კომუნასთან" თანამშრომლობდა, ხოლო მსოფლიო ომამდე ის ასევე სახალხო-სოციალისტურ და სოციალ-დემოკრატიულ პარტიებში ირიცხებოდა.

მაგრამ მისმა სულმა ვერ აიტანა ჩვეული პარტიული სწორხაზოვნება, იდეის აუტანელი გაპრიმიტიულება და განხეთქილება ლოზუნგებსა და რეალობას შორის". პიტლიკის აზრით, ჰაშეკის ბოლშევიზმით გატაცება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ რუსეთში მან "ცხოვრებაში პირველად მიიღო ის, რასაც ადრე მოკლებული იყო: ღირსების შეგრძნება, რომელსაც მას თავისი შესაძლებლობების შესაბამისი საქმიანობა, ცხოვრების რეალიზაციის განცდა ანიჭებდა". სხვათა შორის, ამ წლებში ჰაშეკი, პრაქტიკულად, თითქმის არ სვამდა.

რთულია, შეედავო აღიარებულ ლიტერატურათმცოდნეს, რომელმაც ჰაშეკს თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა, მაგრამ მე მაინც შემოგთავაზებთ ჩემს ვერსიას.

ჰაშეკს, თავისი სტიქიურ-ანარქიული ხასიათით - არა მხოლოდ პოლიტიკური გაგებით - არ სჭირდებოდა დიდხანს "გააზრებული" სხვა საქმის კეთება, მწერლობის გარდა.

ყოველთვის, როცა ამ საქმიანობას ეწეოდა, ჰაშეკი მას ბურლესკად აქცევდა, მაგალითად, როცა ცხოველების შესახებ სერიოზული ჟურნალის რედაქტორობისას მრავალი არარსებული ცხოველი გამოიგონა, ან როცა დააარსა პაროდიული "ზომიერი პროგრესის პარტია კანონიერების ჩარჩოებში".

ის განუყოფლად მჭიდროდ იყო ჩართული ცხოვრების დინებაში, თუმცა ამავდროულად, დაშორებული იყო მისგან. ის სულელობდა იქ და მაშინ, სადაც და როცა სულელობა საუკეთესოდ შეეფერებოდა იმდროინდელი ცხოვრების სულისკვეთებას.

ჩეხეთში კი ყველაფერი ყოველთვის კომიკური აბსურდით იყო გაჯერებული, ზოგიერთი კერძის დასახელებიდან დაწყებული, როგორიცაა "დამხრჩვალის" (უტოპენეცი) სოსისი ან "რაკვიჩკა"- კუბოს ფორმის ნამცხვარი, პოლიტიკური ამბებით დამთავრებული.

ბოლოდროინდელი მაგალითი: "საარჩევნო კომისიამ ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მილიარდერი კარელ იანეჩეკის მხარდასაჭერად წარდგენილი ხელმომწერთა სიიდან ამოიღო მისი საკუთარი ხელმოწერა. როგორც გაირკვა, იანეჩეკმა ვერ შეძლო ხელმოწერის ქაღალდზე თავისი პირადობის მოწმობის ნომრის სწორად გადატანა" რა არის ეს, თუ არა ჰაშეკისეული იუმორესკის მზა ფრაგმენტი?

აი, რუსული რევოლუცია კი, საკმაოდ სერიოზული რამ გამოდგა, და მის მორევგამოვლილი ჰაშეკიც გარკვეულწილად დასერიოზულდა.

თუმცა, მას არ შეეძლო ყოფილიყო სრულიად სერიოზული და თავის მოთხრობებსა და წერილებში თავისი თავგადასავლების შესახებ, ჰაშეკიც იცინის - ხანდახან განზრახ იდიოტური, შვეიკის სიცილით.

სამყარო 90%-ით წყალბადისგან არ შედგება, ის 90%-ით იდიოტიზმისგან შედგება. და სწორედ ამის გადმოცემა შეძლო ჰაშეკმა.

სხვათა შორის, თავისი გააფთრებული თანამემამულე-ლეგიონერებისგან, რომლებიც მას ეძებდნენ და კედელთან მიყენებას უპირებდნენ, ჰაშეკმა თავი იმით იხსნა, რომ მათ გერმანელი კოლონისტების ჭკუასუსტ შვილად გაეცნო.

იდიოტობამ ხშირად შეიძლება გადაგარჩინოს, ეს მას კარგად ესმოდა.

როგორც რუსი მწერალი, სერგეი სოლოუხი, 850 გვერდიანი "კომენტარები იაროსლავ ჰაშეკის რომანზე "ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკის თავგადასავლის" ავტორი აღნიშნავს, "ეს წიგნი დროისა და ეპოქის მიღმაა, სრულიად უნივერსალურია, იმიტომ რომ ის, სინამდვილეში, არის ზოგადად, მსოფლიო იდიოტიზმის შესახებ, ნებისმიერის, არა მხოლოდ ავსტრია-უნგრულის, ან საბჭოთა, ევროპული, ან ამერიკული, ნებისმიერის შესახებ.

მარადიული მუდმივის შესახებ. როგორც ფრანკ ზაპა ამბობდა, მეცნიერები ცდებიან, სამყარო 90%-ით წყალბადისგან არ შედგება, ის 90%-ით იდიოტიზმისგან შედგება. და სწორედ ამის გადმოცემა შეძლო ჰაშეკმა.

საკითხავი მხოლოდ ის არის, სად მთავრდება იდიოტიზმი, ნამდვილია ის, თუ მოჩვენებითი, და სად იწყება, თუ სიბრძნე არა, ყოველ შემთხვევაში, ცხოვრების სტიქიის და მასთან შერწყმის ის გაგება, რის გამოც "შვეიკმა" ზოგიერთ ლიტერატურათმცოდნის შეფასებით, ეგზისტენციალისტური რომანის წოდება დაიმსახურა.

სავსებით ლოგიკურია, რომ ეს წიგნი ომსა და ჯარზეა. საყოველთაო იდიოტიზმის მთავარი პარადოქსი ხომ ისაა, რომ ყველაზე მძლავრად და ყველაზე თვალსაჩინოდ ის ჩვეულებრივ, იქ ვლინდება, სადაც ხალხი განსაკუთრებით მიისწრაფვის იმისკენ, რომ თავიანთ ცხოვრებას მოწესრიგებული და გააზრებული იერი შესძინონ. ანუ, პირველ რიგში, იერარქიულ სტრუქტურებში, რომელთაც ჰაშეკი ვერ იტანდა - ბიუროკრატიულ დაწესებულებებში, ეკლესიაში, ჯარში.

გამოგიტყდებით, "შვეიკის" სიღრმემ და მრავალშრიანობამ ჩემამდე მაშინვე ვერ მოაღწია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ წავიკითხე - როგორც რუსულად, პიოტრ ბოგატირიოვის კანონიკური, და შეიძლება ითქვას, იდეალური თარგმანი, ისე ორიგინალიც.

ერთხანს გაბრაზებული და ნაწყენიც ვიყავი ჩემს სეხნია ჰაშეკზე. შესაძლოა, ორმა ფაქტორმა ითამაშა როლი. პირველი - 12 წელი, რომელიც როგორც ისტორიკოსმა, მივუძღვენი ჰაბსბურგების დინასტიის მემკვიდრეობისა და მათი იმპერიის შესწავლას.

"შვეიკი" მიმაჩნდა დაუმსახურებელ და ძალიან მძიმე - სწორედ სატირის ნიჭიერებისა და სიზუსტის მხრივ - შეურაცხყოფად პატივსაცემი ქვეყნისა, რომელიც სწორედ იმ ომის შედეგად დაინგრა, რომელშიც მართალია, უხალისოდ ("ჩვენ ომში არ წავალთ, ომს ჩვენ ყველა დავაჯვამთ" ), მაგრამ მაინც წავიდნენ იოზეფ შვეიკი და მისი თანამებრძოლები.

მიმაჩნდა, რომ ეს ქვეყანა უფრო კეთილ ხსოვნასა და პატივსაცემ ნეკროლოგს იმსახურებდა, ვიდრე ჰაშეკის მიერ დაწერილი "პასკვილი" იყო. მეორე ფაქტორი კი ის იყო, რომ თავისი საოცარი პოპულარობის გამო, "შვეიკი" რუსულენოვანი გარემოსთვის იქცა არა მხოლოდ ავსტრია-უნგრეთის, არამედ მთელი ცენტრალური ევროპის სავიზიტო ბარათად.

იმპერატორი ფრანც იოზეფ I, იგივე "მოხუცი მოსეირნე", რომელიც ასევე ბუზების ყურადღების ობიექტია ტრაქტირში „U kalicha“ რომ ჰქვია.
იმპერატორი ფრანც იოზეფ I, იგივე "მოხუცი მოსეირნე", რომელიც ასევე ბუზების ყურადღების ობიექტია ტრაქტირში „U kalicha“ რომ ჰქვია.

დროთა განმავლობაში წყენამ გამიარა. შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ ამ საუკუნის დადგომასთან ერთად, საყოველთაო იდიოტიზმის დონემ მკვეთრი ზრდა იწყო, რამაც ჰაშეკის რომანი გახადა შემაშინებლად აქტუალურად; და სრულიად არა - "ავსტრია-უნგრულად".

რუსეთში იდიოტიზმის დონე, როგორც ჩანს, დიდად არც დაქვეითებულა და ამიტომ "შვეიკს" იქ აქტუალობა არ დაუკარგავს. თუმცა, ბოლო ხანს, მაინც იქნა დაპყრობილი ახალი მწვერვალი: „პოდკორუჩიკი დუბი“ "მსოფლიოს მეორე არმიის" მთავარსარდალი გახდა.

და 2022 წლის 24 თებერვალს ჰაშეკის პოდპორუჩიკის განსხეულებამ კრემლში შესაძლოა, მისი ფრაზის - "თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ თქვენ კიდევ გამიცნობთ!" - წამოძახებით, ზუსტად იგივე გააკეთა, რაზეც ლაპარაკია "შვეიკის" ბოლო ფრაზებში - როცა ჯარები საზღვრებს მიღმა დაძრა:

„პოდპორუჩიკი დუბი, რომელსაც საშინელი სასმელი თავში აუვარდა, მაგიდაზე თითის კაკუნით, მოულოდნელად მიუბრუნდა კაპიტან საგნერს:

- მე და ოლქის მეთაური ყოველთვის ვამბობდით: "პატრიოტიზმი, მოვალეობის ერთგულება, თვითგანვითარება - აი, ესაა ნამდვილი იარაღი ომში". ამის შესახებ სწორედ დღეს შეგახსენებთ, როცა ჩვენი ჯარები მოკლე დროში გადაკვეთენ საზღვრებს".

რომანის ორ უკანასკნელ თავს ჰქვია "საზეიმო გაროზგვა" და "საზეიმო გაროზგვის გაგრძელება" - თითქოს 2022 წლის სამხედრო მოვლენების კიდევ ერთი გამოძახილი და მომავლის მოვლენების მომასწავებელი ნიშანი.

შვეიკი, როგორც ჩანს, მართლაც მუდმივია და უსაზღვრო. თუნდაც დადაისტური სიბრძნის წარმოთქმის გამო: "დაე, იყოს ისე, როგორც იყო - როგორღაც ხომ იყო! არასდროს ყოფილა ისე, რომ არაფერი ყოფილიყო".

და ამით ვცხოვრობთ კიდეც. გაუმარჯოს იმპერატორ ფრანც იოზეფ პირველს!

XS
SM
MD
LG