ოთხ საათს გაგრძელდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებული მოსმენა. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ახსნა, თუ რატომ მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ სახელმწიფოს “ორკესტრირებული შეტევა” მიმდინარეობს.
ხაზარაძის ინფორმაციით, 2018 წლის ივნისიდან ბანკის შემოწმება დაიწყო ოთხმა უწყებამ:
- ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა;
- პროკურატურამ;
- საგადასახადო სამსახურმა;
- ეროვნულმა ბანკმა.
„თიბისი ბანკის“ არსებობის 27-წლიან ისტორიაში მსგავსი შეტევა არასდროს ყოფილა. ხაზარაძის განცხადებით, ამას საეჭვოდ დაემთხვა ივლისში კიბერშეტევა, რომლის შესახებაც ბანკმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შსს-ს.
„იმის მერე ხუთი წერილი მივწერე მინისტრს, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და ერთი კვირის წინ მივიღეთ გამომძიებლის პასუხი, რომ კომპიუტერი ამოღებულია და წაღებულია ექსპერტიზაზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ოფისი, საიდანაც კიბერთავდასხმა მოხდა, მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე და სავარაუდოდ, ეს არის ადგილი, საიდანაც იმართება ე.წ. ბოტების შეტევა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში.
ეროვნული ბანკის შანტაჟი
მამუკა ხაზარაძის ცნობითვე, მან „თიბისი ბანკის“ მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებული, სრულიად კანონიერი ტრანზაქციების და მათი მოძრაობის შესახებ, სრული ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურას და კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა. მისი განცხადებით, მას არ სურდა, რომ მინიმალური საფრთხე შეექმნა ანაკლიის პროექტისთვის. თუნდაც ჭორის დონეზე იმის გავრცელება, რომ ლაპარაკია ფულის გათეთრებაზე, პროცესს დააზარალებდა.
მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ, 31 დეკემბერს გამოკითხვაზე დაიბარეს „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე, ხოლო 9 იანვარს პროკურატურამ პრესისთვის გააკეთა განცხადება, რომ გამოძიება მიდის ფულის გათეთრების მუხლით.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ამას მოჰყვა შანტაჟი ეროვნული ბანკის მხრიდან.
„ეროვნული ბანკი პრაქტიკულად, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მაშანტაჟებდა და გვაშანტაჟებდა მე და ბადრის [ჯაფარიძეს]“ . მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, შანტაჟი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან.
მამუკა ხაზარაძის თქმით, თავდაპირველად ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა „თიბისი ბანკი“ დაეჯარიმებინა 10 000 ლარით, თუმცა მისი თქმით, როგორც ჩანს თანხა ვიღაცას ეცოტავა.
„როდესაც 10 ათასი ლარით დაგვაჯარიმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მივედი და დავუსვი კითხვა: რა გინდათ, იქნებ პირდაპირ მითხრათ? იმიტომ, რომ მაშინ არ ვიცოდი, თუ ამდენი რამ ხდებოდა კულისებში. ხელი ასწია და თქვა, რომ პოლიტიკოსები… მაშინ მივხვდი, რომ ეს ადამიანი არ არის დამოუკიდებელი, ეს ორგანო არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და მითხრა, რომ იქნებ მიჩივლო სასამართლოში. ვიფიქრე, რომ ალბათ, კაცი გამოუვალ მდგომარებაშია და ჩვენ შევედით სასამართლოში. ეტყობა ეს 10 ათასი ლარი არ მოეწონა ვიღაცას და მილიონით დაგვაჯარიმეს”.
ხაზარაძის ინფორმაციით, მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უთხრა, რომ ჯარიმას არ გადაიხდიდნენ, რის შემდეგაც უკვე მილიონის გადახდა დააკისრეს და დამოუკიდებელ დირექტორებს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მთხოვეს განეხილათ მისი და ბადრი ჯაფარიძის ბანკში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხი.
„თუ არადა, ისინი გამოსცემდნენ ბრძანებას ჩვენი გადაყენების შესახებ, ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. ანუ პრაქტიკულად, დაგვემუქრნენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.
მისი ინფორმაციით, შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და უთხრა, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე მზად იყვნენ გადამდგარიყვნენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის თანამდებობებიდან, რადგან პატივს სცემენ რეგულატორს და მასთან პრობლემა არასდროს შექმნიათ.
„მათ თქვეს, რომ არა თქვენი თავმჯდომარეობა და მოადგილეობა არ არის საკმარისი, საბჭოდანაც უნდა წახვიდეთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისივე ინფორმაციით, ეროვნულ ბანკს სთხოვეს წერილი იმის დასადასტურებლად, რომ „თიბისი ბანკის“დაჯარიმება არ უკავშირდებოდა ფულის გათეთრებას, რაზეც WhatsApp-ით წერილობით უპასუხეს, რომ არანაირი კრიმინალური და ფულის გათეთრების საკითხი არ არის.
„დამიჯერეთ ბატონებო, ტყუილია რომ ვიღაცამ გადაგვაყენა, ვიღაცამ გადმოგვაყენა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. გადავდექი იმის გამო, რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიყო“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი „შანტაჟის“ თაობაზე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, ბანკის განცხადების თანახმად მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების „შანტაჟად“ შეფასება არასწორია.
„კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მუქარის წერილი შს მინისტრისგან
მამუკა ხაზარაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურის წინ მუქარის წერილი მიიღო, შს მინისტრისგან, რომლის მიხედვითაც, ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე რეპუტაციის დანგრევით ემუქრებოდნენ.
„ეს არის მუქარის წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც დაამატა, რომ „წერილში ლაპარაკია კონკრეტულ ქმედებებზე, თუ რა უნდა განვახორციელოთ და თუ არ განვახორციელებთ... ძირითადად უკავშირდება საარჩევნო, წინასაარჩევნო თემებს“.
„ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე", - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
„ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟით ენის საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ გახარიასგან მიღებული მუქარის წერილის შესახებ მან განაცხადა გამოკითხვისას, რასაც დღის ბოლოს საქართველოს გენერალური პროკურატურის პასუხი მოჰყვა. ინფორმაცია, თითქოს ხაზარაძემ მიუთითა, რომ მინისტრისგან მიიღო მუქარის წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება - ნათქვამი იყო პროკურატურის განცხადებაში.
“მე მოვუწოდებ, რომ სასწრაფოდ გამოვიდნენ და თქვან, რას ნიშნავს ფულის გათეთრება. ამოიღონ კანონმდებლობა და ზუსტად თქვან. თუ ეს საქმე თაროზე შემოიდება, მე პირობას გაძლევთ, არ დავთმობთ არცერთი წამით და არცერთი ნაბიჯით არ წავალთ უკან, რადგან ეს პრაქტიკა, „საბჭოთა-კაგებეშნიკური“ პრაქტიკა, რომ ვიღაცას ლაფს დაასხამ და მერე მიდის გამოძიება და იდება თაროზე და მერე ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ პასუხი გასცენ ან ფინანსური, ან მორალური, ეს უნდა შეწყდეს.” - განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლის დასრულებისას და აღნიშნა, რომ საქართველოდან წასვლას არ აპირებს.