კოლეგებმა და უფლებადამცველებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს, თუ სად ჰყავს ბელარუსის ხელისუფლებას გადამალული მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი და საშიში მედიასაშუალების, Telegram-ის არხ Nexta-Live-ის, ყოფილი მთავარი რედაქტორი, რომლის დასაკავებლად ლუკაშენკას რეჟიმმა 23 მაისს მინსკში „ძალით“ დასვა ათენიდან ლიეტუვისკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი.
ბელარუსის ხელისუფლებამ МиГ-29-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი გამოიყენა ვილნიუსიდან ათენისკენ მიმავალი კომპანია „რაინეარის“ სამგზავრო თვითმფრინავის ესკორტისთვის ბომბის შესახებ, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, უნიადაგო ცნობის საფუძველზე.
ევროკავშირის ლიდერებმა და დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა დაგმეს ინციდენტი და ის შეაფასეს სახელმწიფოს მიერ კომერციული თვითმფრინავის გატაცებად.
პასუხად ბელარუსისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა 24 მაისს თითქმის სინქრონულად გაავრცელეს ერთნაირი შინაარსის განცხადებები, რომლებშიც დასავლეთი დაადანაშაულეს თვითმფრინავის იძულებით დასმის შესახებ „ინსინუაციებსა“ და „ორმაგი სტანდარტებით“ მოქმედებაში.
საერთაშორისო რეაქცია და მინსკის დამცველი ზახაროვა და სიმონიანი
კომპანია Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ „საჰაერო მეკობრეობა“ და თვითმფრინავის „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ უწოდა ბელარუსის ხელისუფლებისგან ათენი-ვილნიუსის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დასმას მინსკის აეროდრომზე.
ბელარუსის საჰაერო სივრცეში მყოფი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა მინსკიდან მიიღეს დისპეტჩერების ცნობა თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ და უბრძანეს ეკიპაჟს მინსკის აეროპორტზე დაესვათ საჰაერო ხომალდი, რომელშიც 120 მგზავრი და ბელარუსის რეჟიმის მიერ ბრალდებულად მიჩნეული ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი იმყოფებოდა.
თვითმფრინავი კვირას 13:00 საათზე დაეშვა მინსკის აეროდრომზე, რომლის ხელმძღვანელობამ განაცხადა, თითქოს პილოტებს „ექსტრემალური“ დაშვება თავად მოეთხოვოთ, რასაც „რაინეარის“ ხელმძღვანელობა უარყოფს.
კომპანია ასევე უარყოფს მფრინავების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ პილოტებმა გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ფრენა დასრულებულიყო უხიფათოდ. ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება იმას, თუ რატომ დასვეს მფრინავებმა დისპეტჩერების მოთხოვნის საფუძველზე თვითმფინავი მინსკში, როდესაც უფრო ახლოს იყო ვილნიუსის აეროპორტი.
ავიაექსპერტ ბოჰდან დოლნიცეს თანახმად, უპირატესობა ასეთ დროს უახლოეს აეროდრომს ენიჭება, მაგრამ, საერთაშორისო დოკუმენტებით, ეს ასევე შეიძლება იყოს იმ სახელმწიფოს აეროდრომი, რომლის ტერიტორიაზეც მიფრინავს საერთაშორისო საჰაერო ხომალდი.
„შესაბამისად, როდესაც ასეთი რამ ხდება, მფრინავს უკვე აღარ შეუძლია იმის არჩევა, თუ სად დაეშვას, და იძულებული ხდება თვითმფრინავი დასვას მითითებულ აეროდრომზე. ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება იყოს ცუდი ამინდი, რომელიც არ იძლევა თვითმფრინავის უსაფრთხო დასმის შესაძლებლობას და მაშინ პილოტი სთხოვს დისპეტჩერს, რომ დასაჯდომად სხვა აეროდრომი შესთავაზონ“, - უთხრა ბოჰდან დოლნიცემ რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივ რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.
ბელარუსის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „ბელტამ“ დაადასტურა, რომ „სამგზავრო თვითმფრინავის გასაცილებლად“ ლუკაშენკას ბრძანებით ჰაერში აიჭრა МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლის შემდეგ „რაინეარის“ თვითმფრინავის პილოტები, უბრალოდ, იძულებული გახდნენ დაშვებულიყვნენ მინსკის აეროდრომზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „ლუკაშენკას რეჟიმის ამაზრზენი აქტი“ უწოდა გამანადგურებელი თვითმფრინავის გამოყენებით „რაინეარის“ თვითმფრინავის დასმას და Telegram-ის არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის დაკავებას, რამაც საფრთხის ქვეშ ჩააგდო 120 მგზავრის, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეთა სიცოცხლე.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს ბელარუსის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოპოზიციონერი აქტივისტი რამან პრატასევიჩი და მინსკისგან მოითხოვეს ახსნა-განმარტება ათენიდან ლიეტუვისკენ მიმავალი თვითმფრინავის მინსკში დასმისთვის, რაც ევროკავშირის სამიტზე იქნება განხილული.
გარდა ამისა, აშშ-ის სენატის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, რობერტ მენენდესმა, ბრიტანელ, გერმანელ, ჩეხ, ლატვიელ, ლიეტუველ, ირლანდიელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად მოითხოვა ყველანაირი ფრენების გაუქმება ბელარუსის თავზე და მინსკის მიმართ ახალი სანქციების დაწესება.
სანქციების გამკაცრებას მიესალმებიან ბელარუსში, სადაც მიიჩნევენ, რომ ბოლო ხანს დასავლეთმა შეარბილა ზეწოლა ბელარუსის რეჟიმზე.
„ბელარუსში ბევრი ადამიანი არ იზიარებს აზრს, რომ საერთაშორისო სტრუქტურებისა და ევროკავშირის ზეწოლა საკმარისი იყოს. ძალიან ხშირად ეს არის შეშფოთების გამოხატულება, მაგრამ რეალურად მოქმედი ეკონომიკური მიზნობრივი სანქციები სრული სახით [რეჟიმის მიმართ] ან არ შემოუღიათ, ან ძალიან ნელა ხდება მათი ამოქმედება. ჩვენ ვიცით, რომ ბელარუსის ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ცდილობს მიაღწიოს ბევრი ობიექტის ამოღებას სანქცირებულთა სიიდან. ბელარუსში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ დასავლეთის პოზიცია და ზეწოლა არ არის საკმარისი. ახლა თვითმფრინავის სკანდალთან დაკავშირებით ის ცოტა უფრო ხმამაღლა ისმის და წამყვანი მედიის პირველი გვერდები ბელარუსისკენაა მიპყრობილი, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო რეპრესიების მიმართ საერთაშორისო ყურადღება ნამდვილად უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს იყო მაშინ, როდესაც ბელარუსის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა. ახლა კი სათანადო საერთაშორისო ყურადღება არ ექცევა იმას, რომ ადამიანებს ყოველდღიურად 6-დან 12 წლამდე პატიმრობას უსჯიან „ტელეგრამის“ არხით პოსტების გავრცელების, მილიციასთან სიტყვიერი დაპირისპირებისა თუ შემთხვევით ხელით შეხებისთვის“, - ამბობს ჰანა სოუსი, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანამშრომელი.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ კომერციული რეისის თვითმფრინავი „ძალით“ დასვეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კი ინციდენტს „სახელმწიფო ტერორიზმის გასაკიცხი აქტი“ უწოდა.
რუსეთისა და ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ორშაბათს დასავლეთის მხიდან ზეწოლა უწოდეს კომპანია „რაინეარის სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დასმის შესახებ“ გავრცელებულ შეფასებებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, „შოკის მომგვრელი“ უწოდა იმას, რომ ბელარუსის ინციდენტის გამო „შოკირებულია“ დასავლეთი, რომელსაც თავის დროზე მსგავსი რეაქცია არ ჰქონია სხვა მსგავს ინციდენტებთან დაკავშირებით.
„ან ყველაფერი უნდა იწვევდეს შოკს, აშშ-ის თხოვნის საფუძველზე (2013 წელს ) ავსტრიაში ბოლივიის პრეზიდენტის (ევო მორალესის) თვითმფრინავისა და უკრაინაში ანტიმაიდნის აქტივისტებით სავსე თვითმფრინავის აფრენიდან 11 წუთში იძულებითი დასმით დაწყებული, ან არ უნდა იწვევდეს შოკს სხვების მიერ ჩადენილი ანალოგიური ქმედება“, - დაწერა ფეისბუკში მარია ზახაროვამ.
მარია ზახაროვაზე კიდევ უფრო ნაკლებდიპლომატიური იყო კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი, რომელიც აღაფრთოვანა „რაინეარის“ რეისთან დაკავშირებით ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, საქციელმა.
„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რამე შემშურდებოდა ბელარუსის. ახლა კი ნამდვილად მშურს. „ბატკამ“ (ასე უწოდებენ ლუკაშენკას - რედ.) ლამაზად შეასრულა“, - დაწერა ტვიტერში სახელმწიფო ტელეარხ RT-სა და საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა, მარგარიტა სიმონიანმა.
სხვათა შორის, ეს ის მარგარიტა სიმონიანია, რომელმაც 29 იანვარს დონეცკში მიმდინარე ფორუმზე რუსეთს, ფაქტობრივად, დონბასის ანექსიისკენ მოუწოდა.
„რეპრესიები“ - ლუკაშენკას მთავარი იარაღი
მაისის თვე ბელარუსში ჟურნალისტების მასობრივი დევნით აღინიშნა.
15 მაისს ბელარუსის ქალაქ მოგილიოვში 20 დღე-ღამით პატიმრობა მიუსაჯეს „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტს, ალექსანდრ ბურაკოვს, რომელიც დამნაშავედ მიიჩნიეს „მასობრივი ღონისძიების ჩატარების წესის ხელმეორედ დარღვევაში“.
18 მაისს ბელარუსში სამართალდამცველებმა უდიდესი პორტალის, TUT.BY-ის, თანამშრომლების სახლებსა და ასევე რედაქციის ოფისში ჩაატარეს ჩხრეკა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც „განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადების გადახდაზე უარის თქმის მუხლით“ არის აღძრული. სამართალდამცველების რეიდს თან ახლდა ასევე პორტალ TUT.BY-ის დომენის ბლოკირება პროვაიდერ „ბელტელეკომსა“ და მობილურის ოპერატორ МТС-ზე.
მოგვიანებით ბელარუსის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ TUT.BY დაბლოკილია „რიგ პუბლიკაციაში კანონით აკრძალული ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის შესახებ კანონის მრავალმხრივი დარღვევის გამო“.
დამოუკიდებელი პორტალი TUT.BY4 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტრესურსია ბელარუსში. მას ყოველთვიურად, დაახლოებით, 20 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს, რომელთაგან 70 % ბელარუსის 25-დან 44 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან. პორტალი დიდ უკმაყოფილებას იწვევს ბელარუსის ხელისუფლებაში, რომელიც სულ ცდილობს ან დახუროს ეს ინტერნეტრესურსი, ან ლუკაშენკას მომხრედ აქციოს.
ბელარუსის რეჟიმის მიერ გატარებული რეპრესიული სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგად ამჟამად საპატიმროებში იმყოფება მასმედიის 27 წარმომადგენელი, მათ შორის არის რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი იჰარ ლოსიკი.
„ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა გამოიანგარიშეს, რომ შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, როცა საარჩევნო კამპანია დაიწყო, ბელარუსში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების დაკავების 550 შემთხვევას. 80 ჟურნალსტი ამ ხნის განმავლობაში ამა თუ იმ ფორმით იქნა რეპრესირებული. სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა. დღეისათვის ციხეში იმყოფება მასმედიის 27 წარმომადგენელი. ჟურნალისტი - ეს ის ადამიანია, რომელიც პირველად ავრცელებს მართალ ინფორმაციას, ამიტომაც რეპრესიებშიც პირველი ისინი ხვდებიან. ბელარუსში შარშანდელი აგვისტოდან მოყოლებული ყველა დამოუკიდებელი მედია და საიტი დაბლოკილია. ადამიანებს მათი გაცნობა VPN-ისა და სხვა სპეციალური საშუალებით თუ შეუძლიათ. და რამან პრატასევიჩის დაკავება სწორედ იმით უნდა აიხსნას, რომ შარშან აგვისტოში ის იყო ძალიან პოპულარული Telegram-ის არხ Nexta-ს მთავარი რედაქტორი, ხოლო Telegram-ის, ამ სოციალური ქსელის, ტექნიკური თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი ბლოკირება ძალიან რთულია. შესაბამისად, იმ დროს, როდესაც ბელარუსში დაიბლოკა ინტერნეტი და ბევრი დამოუკიდებელი მედიასაშუალების საიტები, ერთადერთი საინფორმაციო საშუალება, რომელიც რაღაცნაირად ახერხებდა ხალხზე გასვლას, იყო სწორედ Telegram-ის არხი“, - ამბობს ჟურნალისტი ჰანა სოუსი.
26 წლის რამან პრატასევიჩი, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებამ 23 მაისს „საავიაციო მეკობრული“ მეთოდის გამოყენებით დააპატიმრა, 2017-2018 წლებში, როგორც ვაცლავ ჰაველის სტიპენდიატი, ერთი წლით იმყოფებოდა პრაღაში, რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურში, სადაც დაკავებული იყო სოციალური ქსელების განვითარებით.
რამან პრატასევიჩმა შარშან პოლონეთში ოფიციალური თავშესაფარი მიიღო. იგი იქიდან უძღვებოდა „ტელეგრამის“ სხვა არხს, სახელწოდებით „ბელარუსი თავის ტვინი“, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ბელარუსის ხელისუფლებამ ექსტრემისტულ ოპოზიცურ არხად ცნო და რომლის დამაარსებელი, იჰარ ლოსიკი, თითქმის ერთი წელია, პატიმრობაში იმყოფება.
„იჰარ ლოსიკი - ეს ბელარუსული სამსახურის ტკივილია. ჩვენ ყოველდღიურად ვუყვებით ჩვენს მსმენელებს მისი მდგომარეობის შესახებ, ველაპარაკებით მის მეუღლეს. ის შარშან ივნისში დააკავეს და მალე უკვე წელიწადი შესრულდება, რაც პატიმრობაში იმყოფება. ის არის რადიო თავისუფლების დიდი ხნის შტატგარეშე თანამშრომელი და რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ყველა წარმატება, რომელიც სოციალური ქსელის განვითარებას უკავშირდება, იჰარ ლოსიკის დამსახურებაა“, - ამბობს ჰანა სოუსი.
ბელარუსმა სამართალდამცველებმა იჰარ ლოსიკი შარშან 25 ივნისს დააკავეს, რასაც წინ უძღოდა მოწმეების თანდასწრებით მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა. 15 დეკემბერს მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის ორი მუხლით, რომელიც 3-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზებისა და მასობრივი არეულობის მომზადებაში მონაწილეობისთვის.
იჰარ ლოსიკმა საპატიმროში არაერთხელ გამოაცხადა შიმშილობა და ორი თვის წინ ხელის გადაჭრას შეეცადა გამომძიებლის თვალწინ, რომელმაც მას ახალი ბრალდება წაუყენა.
უფლებადამცველმა ცენტრმა „ვიასნამ“ იჰარ ლოსიკი პოლიტპატიმრად ცნო, ისევე როგორც პრეზიდენტობის ყოფილი სავარაუდო კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა და ოპოზიციის პრეზიდიუმის წევრი მარია კალესნიკავა, რომელიც ეჭვმიტანილია ხელისუფლების მიტაცებისკენ მოწოდებაში.
ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მეექვსედ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.
ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს. მას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არც დასავლეთის სახელმწიფოები აღიარებენ, რომლებმაც ლუკაშენკას და მის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესეს.
მაგრამ ერთი შეხედვით „ალყაში მოქცეული“ 66 წლის ლუკაშენკა სულაც არ აპირებს დანებებას.
ნიშანდობლივია, რომ ბელარუსის ავტოკრატმა მმართველმა სწორედ 24 მაისს ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს მედიის თავისუფლებას და უკრძალავს ჟურნალისტებს როგორც არსანქცირებული აქციების გაშუქებას, ისე ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად ჩატარებული კვლევების შედეგების გამოქვეყნებას.
მედიამკვლევარები და მოქმედი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ მორიგი საკანომდებლო ცვლილების შედეგად ბელარუსის რეჟიმი მომავალში უფრო მეტ ჟურნალისტს მისცემს პასუხისგებაში და, საერთოდ, შეუძლებელს გახდის ქვეყანაში კრიტიკული მედიის საქმიანობას.