Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვენ ავიარეისის კურსის შეცვლისა და ჟურნალისტის დაპატიმრებისთვის


Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში.
Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ბელარუსისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვენ ათენიდან ლიეტუვისკენ მიმავალი თვითმფრინავის მინსკში დასმისთვის, სადაც ხელისუფლებამ დააპატიმრა ერთ-ერთი მგზავრი - ოპოზიციონერი აქტივისტი რამან პრატასევიჩი.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ კომერციული რეისის თვითმფრინავი „ძალით“ დასვეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კი ინციდენტს „სახელმწიფო ტერორიზმის გასაკიცხი აქტი“ უწოდა.

ნაუსედამ დაგმო პრატასევიჩის დაპატიმრება და თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ „დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა ეს აღარ განმეორდეს“. Reuters-ს მოჰყავს ნეუსედას მიერ იმეილში გამოხატული ეს რეაქცია, რომელიც მან ტვიტერში გამოქვეყნებული კომენტარის შემდეგ გამოთქვა.

მატეუშმა ტვიტერში დაწერა, რომ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სთხოვა, 24 მაისისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე განხილულ იქნეს ბელარუსისთვის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესების საკითხი.

რამან პრატასევიჩის დაკავება მინსკში საპროტესტო აქციის დროს. 2017 წ. 26 მარტის ფოტო.
რამან პრატასევიჩის დაკავება მინსკში საპროტესტო აქციის დროს. 2017 წ. 26 მარტის ფოტო.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა მიგელ ბერგერმა პრატასევიჩის დაპატიმრების შესახებ ტვიტერში დაწერა და ბელარუსის მთავრობისგან მოითხოვა „დაუყოვნებელი ახსნა-განმარტება ევროპის კავშირში Ryanair-ის თვითმფრინავისთვის მინსკის მიმართულებით კურსის შეცვლისა და ჟურნალისტის დაპატიმრებისთვის“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შეშფოთება გამოხატა და ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლონ თვითმფრინავი და მისი ყველა მგზავრი და დასძინა, რომ „დიდი მნიშვნელობა ექნება“ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) გამოძიებას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრანმა განაცხადა, რომ ინციდენტი საჭიროებს ევროპის კავშირის „ძლიერ და ერთობლივ“ პასუხს.

ნატოს პრესსპიკერმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

„ყურადღებით ვაკვირდებით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავის ბელარუსში ძალით დასმას და ცნობებს ოპოზიციონერ რომან პროტასევიჩის დაპატიმრების შესახებ. ეს სერიოზული და სახიფათო ინციდენტია, რაც საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს. ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ეკიპაჟისა და ყველა მგზავრის უსაფრთხო დაბრუნება ვილნიუსში“.

პრატასევიჩი ბელარუსის მილიციამ დააკავა მალევე, რაც Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც განრიგით ასრულებდა რეისს ათენიდან ვილნიუსში, ბელარუსის დედაქალაქში დაჯდა მას მერე, რაც მფრინავებმა მიიღეს ცნობა, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო.

Ryanair-ის განცხადებაში, რომელიც მან იმეილით გაუგზავნა რადიო თავისუფლებას, ნათქვამია, რომ მის ეკიპაჟს ბელარუსმა შეატყობინა პოტენციური საფრთხის შესახებ და „მიიღო მითითება, კურსი შეეცვალა უახლოესი აეროპორტის, მინსკისკენ“.

„თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა და მგზავრები თვითმფრინავიდან გამოვიდნენ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების შემოწმება ჩაატარა“, ნათქვამია განცხადებაში. „არაფერი სახიფათო არ აღმოუჩენიათ და ხელისუფლებამ თვითმფრინავის მინსკში დაახლოებით 5 საათი ყოფნის შემდეგ ნება დართო გაფრენილიყო მგზავრებთან ერთად“.

თვითმფრინავს საღამოს 7 საათზე უნდა დაეტოვებინა მინსკი, განაცხადა Ryanair-მა და დასძინა, რომ კომპანიამ მომხდარის შესახებ შეატყობინა ევროპის უსაფრთხოებისა და უშიშროების უწყებებს და ბოდიში მოიხადა „სამწუხარო დაგვიანებისთვის, რომელიც Ryanair-ის კონტროლს არ ექვემდებარებოდა“.

ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პირადად გასცა ბრძანება, ავიაგამანადგურებელს გაეწია ესკორტი Ryanair-ის ლაინერისთვის, რომელშიც 100-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, იუწყება სააგენტო BelTA.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას ოფისმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ლიეტუვის საზღვართან იმყოფებოდა, როცა პილოტებმა ბომბის შესახებ ცნობა მიიღეს. ის ვილნიუსის აეროპორტთან უფრო ახლოს იყო, მაგრამ ამის ნაცვლად კურსი მინსკისკენ აიღო.

„რეჟიმმა აიძულა Ryanair-ის თვითმფრინავი, მინსკში დამჯდარიყო, რათა დაეპატიმრებინა ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი. მას ბელარუსში სიკვდილით დასჯა ემუქრება. ჩვენ მოვითხოვთ რამანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ICAO-ს გამოძიებას და სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ“, დაწერა ციხანოუსკაიამ ტვიტერში.

პრატასევიჩი Telegram-ის არხ Nexta-Live-ის საკვანძო მნიშვნელობის ადმინისტრატორი იყო. არხი აშუქებდა საპროტესტო გამოსვლებს, რომლებმაც მოიცვა ბელარუსი აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან მართავს ქვეყანას. ოპონენტები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

ნოემბერში ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პრატასევიჩი Nexta-Live-ის კიდევ ერთ ადმინისტრატორთან, სციაპან პუცილასთან ერთად არის ეჭვმიტანილი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და სოციალური შუღლის გაღვივებაში.

უკანასკნელ თვეებში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში ქვეყანაში 30 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით მათგანი აწამეს, ჟურნალისტები დევნას განიცდიან.

2017-2918 წლებში პრატასევიჩი ვაცლავ ჰაველის სტიპენდიატი იყო პრაღაში, რადიო თავისუფლებაში. ეს პროგრამა რადიო თავისუფლებისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების ხელშეწყობას აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან და რუსეთიდან.

XS
SM
MD
LG