Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“არა ლობიოს სამართალს” - ლაშა ჩხარტიშვილმა საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო


ლაშა ჩხარტიშვილი
ლაშა ჩხარტიშვილი

აქტივისტმა, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგო საქმე საქართველოს წინააღმდეგ.

ის ამტკიცებდა, რომ თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან მისი დაკავება რამდენიმე მარცვალი ლობიოს ჰაერში აყრის გამო პროტესტის უფლების შეზღუდვა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა იყო.

ლაშა ჩხარტიშვილი 2019 წლის ნოემბერში სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდა “ქართული ოცნების” მიერ გაცემული პირობის დარღვევას 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

ბიძინა ივანიშვილმა ეს პირობა 2019 წლის ზაფხულში, 20 ივნისის შემდეგ გამართული პერმანენტული საპროტესტო აქციების პასუხად დადო 24 ივლისს, იმავე წლის ნოემბერში კი პარლამენტმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩასატარებლად იყო მომზადებული.

2019 წლის 29 ნოემბერს ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად კიდევ 5 ადამიანი დააკავეს საჯარო ბიბლიოთეკასთან - გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ლაშა ჩხარტიშვილს ჰაერში აყრილი ლობიოს მარცვლების გამო საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ის სასამართლოს შეურაცხყოფისთვისაც დააჯარიმა 300 ლარით და სასამართლოს დარბაზიდან გააძევა.

ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერი აქცია სააპელაციო სასამართლოსთან, 2019 წლის ნოემბერი
ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერი აქცია სააპელაციო სასამართლოსთან, 2019 წლის ნოემბერი

ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ:

  • საჯარო მოსამსახურეებს, მათ შორის პოლიციელებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას აქვთ კრიტიკის თმენის უფრო მაღალი ვალდებულება, ვიდრე სხვა მოქალაქეებს;
  • არაძალადობრივი ქმედების გამო, პატიმრობის გამოყენების საკითხი სასამართლომ განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა შეამოწმოს. რამდენიმედღიანი პატიმრობის გამოყენებაც კი გამოხატვის თავისუფლებაში მომეტებული ჩარევაა და მას შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს;
  • გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პროტესტის შინაარსი, არამედ მისი გამოხატვის ფორმაც. როდესაც მშვიდობიან დემონსტრაციაზე პროტესტანტი არ ძალადობს, მის ქმედებას არც ზიანი გამოუწვევია და არც მოვლენათა ესკალაციაში გადაზრდის საფრთხე შეუქმნია, მისთვის პატიმრობის შეფარდება არაპროპორციულია.

სტრასბურგის საასამართლოს განმარტებით, ეროვნულმა სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობა ისე მიუსაჯა, რომ ამ გარემოებებზე არ უმსჯელია.

გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის გადაწყვეტილება ზოგადი და შაბლონური იყო, შედეგად, დაადგინა, რომ ლობიოს მარცვლების სროლის გამო პატიმრობის გამოყენებით სახელმწიფომ დაარღვია ლაშა ჩხარტიშვილის შეკრების თავისუფლება და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 1200 ევროს გადახდა დააკისრა.

"ლობიოს პროტესტი" საქალაქო სასამართლოსთან - ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერებმა მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერი გამოსახეს ლობიოს მარცვლებით
"ლობიოს პროტესტი" საქალაქო სასამართლოსთან - ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერებმა მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერი გამოსახეს ლობიოს მარცვლებით

ეს არ არის პირველი საქმე, რომელიც ლაშა ჩხარტიშვილმა პროტესტის უფლების დასაცავად წაიღო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მას ასევე მოგებული აქვს ორი საქმე სტრასბურგში 2006 და 2011 წლებში საპროტესტო აქციებზე დაკავების შემთხვევებზე.

“საქართველოში არაფერი არ იცვლება, 30 წელია პოლიციას და ადმინისტრაციულ დაკავებებს იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებისთვის. ის, რომ ეს პრაქტიკა არ იცვლება, იმის დამსახურებაა, რომ არ ისჯებიან შემსრულებლები. ისინი ერთი ხელისუფლებიდან მეორეს ბარდებიან.

მე ნაკლებად მაქვს მოლოდინი, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მით უმეტეს, ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკის ფონზე, ხელისუფლება შეცვლის საკუთარ მიდგომას და არ გააგრძელებს საზოგადოების სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ აღნიშნული მეთოდის გამოყენებას, მაგრამ მე ასევე იმედს დავიტოვებ, რომ, მაგალითად, ვალერიან ფილიშვილი მალე აღმოჩნდება სანქცირებული მოსამართლეების სიაში, მათ შორის ამ გადაწყვეტილების გამო.

ეს არის გამორჩეული, თავდადებული, მოწადინებული “მონა მოსამართლე”, რომელიც კონვეირული წესით უშვებდა ადამიანებს ან საპატიმროში, ან აკისრებდა ძალიან მაღალ ჯარიმებს”, - თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს, 16 მაისს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ოფისში გამართულ ბრიფინგზე. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა მის უფლებებს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ საქმეზე სტრასბურგში მიღებულმა გადაწყვეტილებამ გავლენა უნდა იქონიოს ადგილობრივ სასამართლოებში საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების საქმეების განხილვაზეც. ეროვნული სასამართლოები ვალდებული არიან სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას გაითვალისწინონ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა.

“მოსამართლე ვალერიან ფილიშვილზე, რომელიც განიხილავს ასევე სხვა აქტივისტების და პოლიტიკოსების ადმინისტრაციული დაკავების საქმეებს, სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ მას არ შეუფასებია ის ძირითადი გარემოებები და პრინციპები, რაც მნიშვნელოვანი იყო პროტესტის უფლების რეალიზაციისთვის.

სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ პროტესტი ატარებდა მშვიდობიან ხასიათს, რომ ლაშა ჩხარტიშვილის ქმედება ატარებდა არაძალადობრივ ხასიათს და მის საქციელს არ გამოუწვევია მოვლენების ესკალაცია, არ შეუფასებია ის გარემოება, რომ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობდა პროტესტის გამოხატვასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ეხებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდების ინიციატივას.

სასამართლოს არც ის გარემოება შეუფასებია, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პროტესტის შინაარსი, არამედ მისი ფორმაც, რაც გულისხმობს იმას, რომ პროტესტის მონაწილეს უფლება აქვს პერფორმანსის სახით განახორციელოს ესა თუ ის მოქმედება.

სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ აღნიშნა, რომ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ზოგადი და შაბლონური და ამით დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი, ანუ შეკრების თავისუფლების უფლება”, - უთხრა დღეს ჟურნალისტებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა, ივანე ჩიტაშვილმა.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოში ის 2019 წლის ივლისიდან განიხილავს ადმინისტრაციულ საქმეებს, მანამდე, 2015-2019 წლებში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო.

2019 წლის ნოემბერში, მოსამართლე ფილიშვილმა ლაშა ჩხარტიშვილის გარდა 40-მდე სხვა აქტივისტის და დემონსტრანტის საქმე განიხილა - არასამთავრობო სექტორი მაშინ წერდა, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევებით წარიმართა.

2020 წლის იანვარში ის ერთ-ერთი იყო ოპოზიციის მიერ შედგენილ ხუთკაციან "შავ სიაში", რომელიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ჩართულ პირებს აერთიანებდა.

ფილიშვილი განიხილავდა 2023 წელს, მარტის აქციებზე დაკავებულების საქმეებსაც - 3 მარტს მან 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა მოქალაქეს პოლიციელისთვის ხელის შეშლისთვის, რომელიც ცდილობდა პარლამენტის დეპუტატისთვის "მონის" დაძახების გამო დაეკავებინა აქციის მონაწილე იმის მიუხედავად, რომ ამავე სხდომაზე მოსამართლემ "მონის" დაძახება გამოხატვის თავისუფლების ნაწილად მიიჩნია.

XS
SM
MD
LG