მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა, მოსახლეობის ნაწილს მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა მრიცხველის მიხედვით უწევს. ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ გასულ თვეში თითოეულ მათგანს 100-დან 200 ლარამდე, ზოგ შემთხვევაში კი 400-ლარიანი ქვითარიც კი მიუვიდა, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ და ვარაუდობენ, რომ ამის გამო კომპანია მათ წყლის მიწოდებას საერთოდ შეუწყვეტს.
მოსახლეობა დავალიანების ჩამოწერას, ტარიფის დაწევას და სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. რა პასუხი აქვთ მოსახლეობის პრობლემებზე მერიაში?
ხმაური იყო დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან. 40-მდე ადგილობრივი მცხოვრები მერთან იმის გასარკვევად მივიდა, თუ რატომ დაერიცხათ მათ წყლის მაღალი გადასახადი. აქციის მონაწილე ნანა ბარამაშვილი ამბობს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან მიიღო ქვითარი, რომლის მიხედვითაც, წინა თვეში მოხმარებული წყლისთვის 185 ლარის გადახდას სთხოვენ. ბარამაშვილის თქმით, შესაძლოა მრიცხველი გაუმართავია და წყალი მისგან დამოუკიდებლად იღვრება.
ამიტომ მიაჩნია, რომ ჯერ იმის გარკვევაა საჭირო, თუ რატომ დაწერა ახლად დამონტაჟებულმა მრიცხველმა ამ ოდენობის გადასახადი და შემდეგ ეს გადასახადი უნდა ჩამოიწეროს. ნანა ბარამაშვილის თქმით, ის პენსიონერია და თუ 185 ლარს წყლის მოხმარებისთვის გადაიხდის, მას პენსიიდან მხოლოდ 15 ლარი დარჩება, რაც საკვებისთვისაც უნდა ეყოს, მედიკამენტებისთვისაც და სხვა კომუნალური გადასახადებისთვისაც.
როგორც ირკვევა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას 5 ათასამდე აბონენტი ჰყავს, თუმცა მათგან ამჟამად მხოლოდ 500-მა უნდა გადაიხადოს მოხმარებული წყლის საფასური მრიცხველის მიხედვით, რადგან დანარჩენი აბონენტების მრიცხველები ონკანებთან ჯერ არ არის მიერთებული. ლაგოდეხის მერიასთან შეკრებილთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 500 ოჯახი არათანაბარ პირობებშია დანარჩენ მოსახლეობასთან. აქციის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ყოველ მათგანს მაღალი გადასახადი დაერიცხა და მის გადახდას, უბრალოდ, ვერ შეძლებენ, რადგან არ მუშაობენ და მათი ოჯახების ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.
აქციის მონაწილეებს ლაგოდეხის მერი შეხვდა. ჯონდო მდივნიშვილმა მათ უთხრა, რომ იცის წყალზე მაღალი გადასახადების შესახებ. გარდა ამისა, ისიც იცის, რომ, ახლად რეაბილიტირებული წყალმომარაგების სისტემის მიუხედავად, წყლის
ხარისხი არ არის სახარბიელო. მერის თქმით, 18 ივლისს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში სპეციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც სწორედ ამ პრობლემების მოგვარება მოითხოვეს. მდივნიშვილის თქმით, ახლა კომისიისგან ელოდებიან პასუხს, დააკმაყოფილებენ თუ არა მოსახლეობის მოთხოვნას, რომ ვიდრე ლაგოდეხში ყველა ოჯახი არ გამრიცხველიანდება, წყლის გადასახადი არ იყოს მრიცხველების მიხედვით და არსებული დავალიანებაც ჩამოიწეროს.
როგორც ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, სემეკში გამართულ შეხვედრაზე მან წყლის ტარიფის დაწევაც მოითხოვა.
ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 4 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა წყალგაყვანილობის სისტემა, მოეწყო სათავე ნაგებობა და სამი ჭაბურღილი. ამ პროექტის ფარგლებში მონტაჟდება წყლის მრიცხველებიც. აქამდე მოსახლეობა გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულდა, მოსახლეობა ჩივის წყლის ხარისხზეც და მიწოდების გრაფიკზეც, თუმცა ახლა მათი მთავარი მოთხოვნაა, დავალიანება ჩამოიწეროს და 1 კუბური მეტრი წყლის ტარიფი 50-დან 25 თეთრამდე შემცირდეს. სხვა შემთხვევაში ამბობენ, რომ 5 ათასივე აბონენტი ქუჩაში გამოვა და მასშტაბურ აქციას გამართავენ.