Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიტიკული შეუსაბამობები საგარეჯოსა და ახმეტის ბაღებში


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში ხუთი საბავშვო ბაღის სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ახმეტის სამ და საგარეჯოს ორ ბაღში უწყებამ გეგმიური ინსპექტირებისას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა. ახმეტასა და საგარეჯოში პასუხისმგებელმა პირებმა გვითხრეს, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ, მანამდე კი ბაღები მუშაობას არსებულ პირობებში გააგრძელებენ. რას ფიქრობს ხალხი ბაღებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე?

კახეთის 5 საბავშვო ბაღში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა, სამზარეულოებს საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000-1000 ლარით დააჯარიმა. კრიტიკული შეუსაბამობები ამ შეთხვევაში ბაღების სამზარეულოებში სავენტილაციო სისტემის მოშლას გულისხმობს, რამაც, თავის მხრივ, კედლებისა და ჭერის დაობება გამოიწვია და გაჩნდა საშიშროება, დაობებული ჭერიდან ნაწილაკები საკვებში მოხვედრილიყო. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ნანა ახალმოსულიშვილმა გვითხრა, 5 ბაღიდან ორი საგარეჯოში, სამი კი ახმეტის უნიციპალიტეტში მდებარეობს. ბაღებს არა აქვთ უფლება პრობლემების მოგვარებამდე მუშაობა განაახლონ:

ჩვენ 22 საბავშვო ბაღისთვის უკვე ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული სამშენებლო სამუშაოებზე. აქ იგულისხმება სავენტილაციო სისტემის მოწესრიგება, სამზარეულოს ოთახების სტანდარტების დონეზე მოყვანა, მეტლახის დაგება და ჭერზე ისეთი მასალის გაკვრა, რომელიც ირეცხება...
ელზა გილაშვილი

„საგარეჯოში იყო კაკაბეთის პირველი ბაღი და დიდი ჩაილურის საბავშვო ბაღი, სადაც კედლები და ჭერი არის დაზიანებული. კედლებზე ხდებოდა ობის წარმოქმნა და ნაწილაკების ცვენა ჭერიდან. რაც შეეხება ახმეტას, ქვემო ალვანის მე-2 საბავშვო ბაღში, ფიჩხოვანისა და აწყურის ბაღებშიც ანალუგიური დარღვევები იყო, რაც ითვალისწინებს საწარმოო პროცესის შეჩერებას, ვინაიდან არსებობს მაღალი რისკი სურსათის დაბინძურებისა“.

მართალია, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღებს საწარმოო პროცესი შეუჩერა, მაგრამ საგარეჯოში ბაღების გაერთიანების უფროსი ელზა გილაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით ბაღები მუშაობას არსებულ მდგომარეობაში გააგრძელებენ.

ელზა გილაშვილის თქმით, პრობლემის შესახებ მათ უფრო ადრე იცოდნენ და მის მოგვარებას ცდილობდნენ, თუმცა ბიუროკრატიული პროცედურების გამო კონკრეტული სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა:

„ჩვენ 22 საბავშვო ბაღისთვის უკვე ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული სამშენებლო სამუშაოებზე. აქ იგულისხმება სავენტილაციო სისტემის მოწესრიგება, სამზარეულოს ოთახების სტანდარტების დონეზე მოყვანა, მეტლახის დაგება და ჭერზე ისეთი მასალის გაკვრა, რომელიც ირეცხება“.

სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევები რომ აღმოაჩინა, იციან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაშიც. მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ისინი ახმეტის ყველა ბაღში გეგმავენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს როგორც სავენტილაციო სისტემების მოწესრიგებას, ისე კვების ბლოკებში მეტლახის დაგებას და ჭერის შეცვლას:

„ტენდერია გამოცხადებული და ამიტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, ბაღები მუშაობას გააგრძელებენ სექტემბრამდე არსებული პრობლემების ფონზე. სექტემბერში კი, ალბათ, მოგვარებული იქნება ყველაფერი, რადგან ტენდერი ჩანიშნულია უკვე“.

მოსახლეობის სურვილია, ბაღებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები მუდმივად შემოწმდეს. ჩვენ მიერ კახეთში გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაღებში საკვების ხარისხიც უნდა გააკონტროლოს:

უნდა ამოწმებდნენ, რომ ძველი პროდუქცია არ იყოს, არ დაგვიწამლონ არც ბავშვი, არც დიდი და არც პატარა...

„ხალხს იმდენად უჭირს სახლში შვილების გამოკვება, რომ ბაღების კმაყოფილი არიან. კარგია, თუ ბაღებში საკვების ხარისხიც შემოწმდება, რადგან მშობლებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“;

„კარგი იქნება, თუ ბაღები დროდადრო შემოწმდება ყველა მიმართულებით“;

„უნდა ამოწმებდნენ, რომ ძველი პროდუქცია არ იყოს, არ დაგვიწამლონ არც ბავშვი, არც დიდი და არც პატარა“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კახეთში საბავშვო ბაღებში დარღვევები გამოვლინდა. სავენტილაციო სისტემის გაუმართაობის გამო დაახლოებით 10 დღის წინ ბაღებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს გურჯაანშიც, თუმცა ბაღებმა მუშაობა უკვე განაახლეს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG