Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიტიკა ივანიშვილს და შეთავაზება ოპოზიციას - სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენება პარლამენტში


სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს „ოცნების“ მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი, ახლა პარტიის „რეალურ მმართველს“ აკრიტიკებს.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს „ოცნების“ მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი, ახლა პარტიის „რეალურ მმართველს“ აკრიტიკებს.

საქართველოს ბოლო არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლების წინაშე ბოლოჯერ წარდგა წლიური მოხსენებით. პრეზიდენტმა გააკრიტიკა პარლამენტი, მთავრობა, პრემიერი და, ბოლოს, „რეალური მმართველი“ - ბიძინა ივანიშვილი. შემდეგ გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას „ერთობის  პლატფორმა ევროპისთვის“.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში, 2024 წლის 6 თებერვალი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში, 2024 წლის 6 თებერვალი

ასევე გააკრიტიკა „საბჭოთა მემკვიდრეობა“ - „ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით“.

ოპოზიციამ პრეზიდენტს, როგორც იქნა, მოუწონა მმართველი გუნდის კრიტიკა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, - რომლის არცერთი წევრი პრეზიდენტის დარბაზში შესვლისას ფეხზე არ წამოდგა, - მის გამოსვლაში სამომავლო პოლიტიკური ამბიციები დაინახა.

ძირითადი აქცენტები

6 თებერვალს პარლამენტში მისული პრეზიდენტი 40-წუთიანი სიტყვით თითქმის ყველა საშინაო და საგარეო გამოწვევას შეეხო, რაც საქართველოს წინაშე დგას.

გამოსვლა დაიწყო ევროკავშირის კანდიდატობაზე, უკრაინის ომსა და, პარალელურად, საქართველოსთვის გაჩენილ მომეტებულ რისკებზე საუბრით.

პრეზიდენტმა უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას:

  • გააკრიტიკა რუსეთის გეგმა ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის შესახებ;
  • გააკრიტიკა ადამიანის უფლებების უგულებელყოფა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობის დაშინების, შევიწროებისა და მკვლელობების გაგრძელება;
  • თქვა, რომ რუსეთი საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რისი გამოძახილიცაა „ანტიდასავლური და [რუსეთთან] ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა“.

მან ჰიბრიდული ომის კონტექსტში ახსენა მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც, მისი სიტყვებით, „ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია, - ხან კარგი, ხან ცუდი, - ჯამში კი გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, ისევე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში“.

დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრისას ახსენა „რუსული კანონი“, ეროვნულ ბანკში განვითარებული მოვლენები აშშ-ის სანქციების ფონზე და ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილება. ასევე განაცხადა, რომ:

  • „მკვეთრად მოიშალა სახელმწიფო შტოებს შორის აუცილებელი ბალანსი“;
  • „პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა“;
  • „პარლამენტი … მხოლოდ პარტიული პოლიტიკის გამტარებელი გახდა“.

გააკრიტიკა „ელიტური კორუფცია“. თქვა, რომ ელიტურმა კორუფციამ „ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება“.

„ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი დოვლათს ინაწილებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გადასწვდა ძალაუფლების ერთპიროვნულ კონსოლიდაციას და უკანონო მოსმენების მავნე პრაქტიკასაც.

ხაზი გაუსვა ანტიდასავლურ პროპაგანდას, რამაც, მისი თქმით, მარგინალური პოლიტიკური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა, ხოლო სანაცვლოდ - რუსეთის მიმართ „შესამჩნევად შერბილდა პოზიციები“.

დიდხანს ისაუბრა ევროპაზე, როგორც კეთილდღეობის სივრცეზე და ჩამოთვალა ის უპირატესობები, რაც, მისი თქმით, ევროპას სასურველს ხდის ქართველებისთვის:

  • შრომის უსაფრთხოება - ტრაგიკული შემთხვევების შესამცირებლად;
  • ჯანდაცვის სერვისების განვითარება, - რათა „სხვა ქვეყანაში გამგზავრება თუ ჩაბარება აუცილებელი გამოსავალი არ იყოს“;
  • ყველანაირი ძალადობისა და დისკრიმინაციისგან, სექსუალური შევიწროებისგან, ღირსების შემლახავი ქმედებებისგან დაცულობა;
  • სურსათის უვნებლობა,
  • ქაოსური მშენებლობები,
  • ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო,
  • გაუკონტროლებელი, მიუსაფარი ცხოველები.

„რასაც ევროპა გვეუბნება და რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის გვჭირდება, და რასაც საზოგადოება უკვე წლებია ელოდება და ითხოვს: სამართლიანობა, თანასწორობა, დაცულობა“, - თქვა პრეზიდენტმა.

„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს“

„საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც მთავრობისა და მმართველი პარტიის საქმიანობა ბევრი რამის გამო გააკრიტიკა.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 2018 წელს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი, რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, „ოცნების“ უკრაინასა და დასავლეთთან კონფრონტაციული რიტორიკის ფონზე, მმართველ გუნდს დაუპირისპირდა. დროთა განმავლობაში ეს კონფლიქტი იმდენად გაღრმავდა, რომ „ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენებით იგი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და მისი იმპიჩმენტი სცადა.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურ მედიაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს საყვედურობდნენ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკისგან თავის შეკავების გამო. 2023 წლის ოქტომბერშიც კი, როდესაც „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ცდილობდა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ თქვა, რომ „ზურაბიშვილმა ისევ გადააფარა ხელი ივანიშვილს“.

მოგვიანებით, 17 ნოემბერს, ფრანგულ გამოცემა „ლე მონდისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა, რომ „დღეს ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის გარდა სხვა ოლიგარქი არ არის“. ივანიშვილი იმ დროს ჯერ კიდევ არ იკავებდა ფორმალურ თანამდებობას. იგი 2023 წლის 30 დეკემბერს გამოჩნდა საჯაროდ და პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდა.

პრეზიდენტმა 6 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას მილიარდერ ექსპრემიერს შეახსენა პოლიტიკაში „მესამედ შემოსვლისას“ ნათქვამი სახელმწიფოში კორუფციასა და ქვეყნის საგარეო კურსზე, - საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერიო.

„საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?“ - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ცვლილებას.

და ივანიშვილს კიდევ ორი კითხვა დაუსვა:

  1. „როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის?“;
  2. „როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს?“

პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ ევროკავშირის გზაზე დაწესებული მოთხოვნები იგივეა, რასაც საქართველოს საზოგადოება უკვე წლებია, ითხოვს; რომ აუცილებელია სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირება, ასევე ევროკავშირის განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულება, - და პირველად სწორედ აქ ახსენა ბიძინა ივანიშვილი.

„მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე მათ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. მათ, კოლექტიურად და პიროვნულად ევალებათ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მხოლოდ ერთხელ, ისიც მცირე ხნით გამოჩნდა კამერებთან, - როდესაც დადასტურდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე ცვლის. „რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია“, - უთხრა ჟურნალისტებს, როცა ჰკითხეს, რა დაუწუნა ირაკლი ღარიბაშვილს.

მას ჯერ არც პრეზიდენტ ზურაბიშვილისათვის უპასუხია.

მიმართვა ოპოზიციას და მოსახლეობას

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციასაც მიმართა: ჩემი საქმე არაა, გაერთიანებისკენ ან დაშლისკენ გიბიძგოთ, მაგრამ თქვენც გაკისრიათ პასუხისმგებლობა და დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირებაო.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა. იქვე მიმართა საზოგადოებასაც და 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მობილიზაციისკენ მოუწოდა.

„თქვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, აქტიურად ჩაერთოთ მომავალ არჩევნებში. აქტიურად ჩართვა ნიშნავს სრულ მობილიზაციას. და თუ მომავალი დღეს წყდება, ამ მომავლის შექმნაში არმონაწილეობა უკვე დანაშაულია“, - განაცხადა მან.

მიმართა ახალგაზრდებსაც: „თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც შემდეგი ეტაპისათვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება“.

„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“

პრეზიდენტმა დააანონსა, რომ ქმნის „ერთობის პლატფორმას ევროპისთვის“ - „მომავლის ქარტიას“.

ამ საკითხზე საუბარი დაიწყო 2024 წლის არჩევნებით - თქვა, რომ „ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს“, არამედ ეს იქნება „ისტორიის გადამწყვეტი ეტაპი, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ, ევროპულ სახელმწიფოს“.

პრეზიდენტის თქმით, მზადაა, იყოს „ამ პროცესების დამკვირვებელი, შემდუღებელი და ზედამხედველი“.

ზურაბიშვილი გამოხატავს მზაობას, პლატფორმის ჩამოყალიბების პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, „რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგითა და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას“.

მისი თქმით, ამ მიზნით, უახლოეს დღეებში მოიწვევს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას არ სურს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან აფილირება: „ვიღაცას შეიძლება ძალიან აწყობდეს, რომ გადამიყვანოს პოლიტიკური ჭიდილის არენაზე და რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს“.

პრეზიდენტის თქმით, მიაჩნია, რომ „ქვეყანას დღეს სწორედ უპარტიო, თუმცა, არა უპრინციპო, სტრატეგიული ხედვის და არა პოლიტიკური ამბიციის და პირადი ინტერესების მქონე სახელმწიფო ლიდერი სჭირდება, რომელიც ბოლომდე ემსახურება მთავარ მიზანს: საბჭოთა წარსულის ევროპული მომავლით ჩანაცვლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის სამუდამოდ გამყარებას თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული ოჯახის წიაღში“.

მან ასევე თქვა, რომ საზოგადოებას „აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები“ და „არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების“.

„საზოგადოებას სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვინ რას ფიქრობს პრეზიდენტის პლატფორმაზე?

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს უწოდა „რიგითი ოპოზიციონერი“, რომელსაც სურს, „შალვას ფანჩატური გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად“.

„ვერცერთ განსხვავებას ვერ იპოვით მის დღევანდელ გამოსვლასა და ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერის გამოსვლას შორის. როდესაც ოდნავ მაინც გაქვს სურვილი, ოდნავ მაინც იყო ობიექტური, ერთი სიტყვა მაინც უნდა დაგცდეს, რომ შენს ქვეყანაში რაღაც ხდება კარგი“, - თქვა მდინარაძემ.

მდინარაძემ „სამი ვერსია“ ჩამოთვალა, პრეზიდენტი ამ სამიდან ერთ-ერთს გაჰყვებაო:

  1. „ან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და თავისი პოლიტიკური აქტუალიზაცია საერთოდ გააქროს;
  2. არ შეიწყალოს სააკაშვილი და თავისთან შექმნას რაღაც პოლიტიკური ცენტრი და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა;
  3. არ გადადგეს, შეინარჩუნოს პრეზიდენტის პოზიცია და განახორციელოს დარტყმა რადიკალური ოპოზიციის წარმოდგენებიდან და მათი გეგმებიდან გამომდინარე“.

პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმა ჯერ კიდევ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“.

ენმ-ის პარლამენტარმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიისთვის „უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და, შესაბამისად, ეროვნული ინტერესი და მიგვაჩნია, რომ ერთიანი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ არჩევნების წინ“.

ინიციატივას უკვე მიესალმნენ:

  • მამუკა ხაზარაძის „ლელო“
  • გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“
  • ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ჯერ შეხვდება პრეზიდენტს და გაარკვევს, ეს ინიციატივა რა შინაარსისაა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა: „არ მიყვარს განწირულ ინიციატივებზე კომენტირებაც კი“.

სხვა პარტიების პოზიციების შესახებ ინფორმაცია განახლდება.

რას ამბობენ ანალიტიკოსები?

პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „დიდი ოპტიმიზმით“ არ უყურებს ამ წამოწყებას, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა პოლარიზაციის გასარღვევად და პოლიტიკური დღის წესრიგის შესაცვლელად „ერთადერთი სწორი გზა“ არის.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ამ პლატფორმის ეგიდით შექმნილი გაერთიანება 2024 წლის არჩევნებში უნდა წარდგეს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს სამ პირობას:

  1. უნდა იყოს მიმართული პოლარიზაციის წინააღმდეგ; პლატფორმა უნდა იყოს სრულად და არსებითად გამიჯნული ორი მთავარი საინფორმაციო-პოლიტიკური ბანაკისგან. შესაბამისად, ამ გაერთიანებაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ფიგურირებდეს „ნაციონალური მოძრაობა“, აგრეთვე ის პოლიტიკოსები, რომლებიც ასოცირდებიან ძალმომრეობასა და ავტორიტარიზმთან;
  2. კამპანია უნდა ჰქონდეს პრინციპულად პოზიტიური… პრიორიტეტი ცალსახად უნდა მიენიჭოს იმის წარმოჩენას, თუ რით სჯობია ეს გაერთიანება ორ პოლარიზებულ ბანაკს და რა სიკეთეს მოიტანს მისი გამარჯვება.
  3. პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ უნდა გადადგეს, რადგან ამ შემთხვევაში ჩატარდება პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები და არსებული კანონმდებლობით "ოცნება" ადვილად გაიყვანს მისთვის სასურველ კანდიდატს. სალომე ზურაბიშვილი უნდა დარჩეს თანამდებობაზე, არ მიიღოს პირდაპირი მონაწილება საარჩევნო კამპანიაში, მაგრამ მისი ინიციატივით შექმნილი პლატფორმა როცა პოლიტიკურ გაერთიანებად გადაკეთდება, ეს მაინც მას მიეწერება და ამ ახალი სუბიექტის სიმბოლური შემკვრელი და გამაერთიანებელი მაინც ის იქნება ხალხის თვალში“.

„თუ ასეთი გაერთიანების შექმნა წინასაარჩევნოდ მოხერხდა, მე პირადად სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რეიტინგის და გავლენის თვალსაზრისით ეს იქნება ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ტოლფარდი ძალა, რაც ფუნდამენტურად და სასიკეთო მიმართულებით შეცვლის ვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, - წერს იგი ფეისბუკზე.

XS
SM
MD
LG