ზოგჯერ თმის ფერის, ჩაცმის სტილის ან რაიმე სხვა ნიშნით ქალის განსხვავებულობის გამო, ადამიანები საჯარო სივრცეში სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას, რომელიც ადრესატისთვის, შესაძლოა, შეურაცხმყოფელი იყოს, თუმცა ავტორი მას კომპლიმენტად მიიჩნევს, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გვანცა თოთაძე და საკუთარ ამბავს გვიყვება. გვანცას თქმით, მას შემდეგ, რაც თმა ლურჯად შეიღება, ორჯერ აღმოჩნდა მისთვის არასასიამოვნო სიტუაციაში. როგორც გვანცა ამბობს, არასასურველი ინციდენტის თავიდან აცილება პირადი ძალისხმევით შეძლო, თუმცა მისმა ქმედებამ ახალგაზრდა მამაკაცებში უკმაყოფილება გამოიწვია. გვანცა თოთაძის აზრით, მნიშვნელოვანია ქალებმაც და მამაკაცებმაც ყველა ქმედებას სახელი სწორად დაარქვან და ერთმანეთისგან გამიჯნონ, მაგალითად, ძალადობა და კეთილგანწყობა.
სამოქალაქო აქტივისტის გვანცა თოთაძის თქმით, მის შემთხვევაში ძნელია შეაფასო, მომხდარი ფაქტი ძალადობრივი ქმედება იყო თუ სექსუალური შეურაცხყოფა, მაგრამ სურს ქვეყანაში რეგულირდებოდეს სექსუალური შევიწროება და დეტალურად გაიწეროს კანონში ისე, რომ ინტერპრეტირების საშუალება არ დატოვოს. გვანცა თოთაძე მონაწილეობდა ქუთაისში გამართულ დისკუსიაში საქართველოში სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ, რომელიც „კატო მიქელაძის სკოლის“ ფარგლებში გაიმართა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს რამდენჯერმე წარუდგინეს საკანონმდებლო ინიციატივა სექსუალური შევიწროების შესახებ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანო ინიციატივით არ დაინტერესდა. ანა თავხელიძის აზრით, შევიწროება საკუთარ თავზე შეიძლება გამოსცადოს ქალმაც და მამაკაცმაც, თუმცა, სტატისტიკური მონაცემებით, ქალები მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, რადგან ყოველ მეხუთე ქალს გამოუცდია სექსუალური შევიწროება, გამოკითხულთა 10 % კი სამსახურში გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. ანა თავხელიძე სექსუალური შევიწროების ფორმებზე საუბრისას გამოყოფს ფიზიკურ, სიტყვიერ და არავერბალურ შევიწროებას და საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული კვლევის შედეგებს არასახარბიელოდ მიიჩნევს.
იურისტი ანა თავხელიძე სექსუალური შევიწროების შედეგებად ასახელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებს და ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტის აღმოჩენა და სტატუსის მინიჭება პრობლემაა. ანა თავხელიძემ დისკუსიის მონაწილეებს უამბო მისი ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი ქალების შესახებ, რომლებიც სამუშაო ადგილებზე გახდნენ შევიწროების მსხვერპლნი და ეს ქმედება მათზე უარყოფითად აისახა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე პრობლემად მიიჩნევს სექსუალური შევიწროების შესახებ ქალებში საჭირო ცოდნის ნაკლებობასაც, რადგან ხშირად ამ სახის შევიწროება ნორმადაა მიჩნეული და ქალებს მსგავს ქმედებაზე პროტესტი არ უჩნდებათ. ანა თავხელიძე სექსუალურ შევიწროებას ქალთა მიმართ ძალადობის ფარულ ფორმად თვლის, რადგან როცა ქმედება სამუშაო ადგილზე ხდება, მისი გაცნობიერების მიუხედავად, ქალები ხშირად სხვადასხვა მიზეზით ამბობენ უარს ფაქტის გახმაურებაზე, მათ შორის სირცხვილისა და დანაშაულის განცდის გამო ან სამსახურის დაკარგვის შიშით. ანა თავხელიძის განმარტებით, რადგან შესაბამისი კანონი არ არსებობს, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენისას საქმე დისკრიმინაციის მუხლით მიმდინარეობს. იურისტის თქმით, როგორც სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, მსგავს შემთხვევებს არეგულირებს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, თუმცა ის ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და სწორედ ამიტომაა საჭირო არსებობდეს კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ.
კანონის არარსებობას მისი საჭიროების გაუცნობიერებლობით ხსნის არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლელა სებუა.
მწერალი და ფილოსოფოსი ტარიელ დათაშვილი ამბობს, რომ ის გმობს ქალთა მიმართ ყოველგვარ ძალადობას და სექსუალური შევიწროების შესახებ რეგულაციის შემოღებას საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ არავერბალური და სიტყვიერი შევიწროების განსაზღვრისას სპეციალისტებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
ქუთაისში გამართული დისკუსიის ის მონაწილეები, რომლებიც სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონის შემოღებას ემხრობიან, აცხადებენ, რომ მისი არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.