Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის არცერთ მუნიციპალიტეტს განაშენიანების გენერალური გეგმა არ გააჩნია


თელავი
თელავი

ფოტოგრაფი გიორგი ბეჟანიშვილი თელავში ცხოვრობს, ქალაქის ფოტოებს თითქმის ყოველდღე იღებს და ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ ცვლილებასაც მაშინვე ამჩნევს. გიორგი ამბობს, რომ მართალია, თელავში ისეთი ქაოსური მშენებლობები არ არის, როგორც, მაგალითად, თბილისსა და ბათუმში, თუმცა ქალაქის ინდუსტრიული ნაწილის განაშენიანება არ მოსწონს. მაგალითად მოჰყავს თელავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მისი აზრით, ავტომანქანების სადგომი უნდა არსებობდეს, ამის ნაცვლად კი საოფისე ფართები შენდება.

თელავის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. პროცესში ჩართეს შტუტგარტის უნივერსიტეტის 15-კაციანი ჯგუფიც. თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ამბობს, რომ მუშაობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა და დოკუმენტი სავარაუდოდ, მზად იქნება ამ წლის ბოლოსთვის. მერის ინფორმაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. თელავის განაშენიანების გენერალურ გეგმაში დეტალურად უნდა გაიწეროს მშენებლობის სტანდარტები, პროცედურები და ქალაქის განაშენიანების ყველა ასპექტი.

თელავი
თელავი

კახეთის რეგიონში, სადაც განაშენიანების გენერალური გეგმა არცერთ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია, მშენებლობები ძირითადად, ქაოსურად მიმდინარეობს. ეს ტენდენცია მიუღებელია ადგილობრივი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილისთვის. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ სპეციალისტების მონაწილეობით უნდა დაიგეგმოს არა მხოლოდ მუნიციპალური ცენტრების, არამედ სოფლების განაშენიანებაც. გენერალური გეგმის არსებობას აუცილებლად მიიჩნევენ თვითმმართველობების ხელმძღვანელებიც, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი დოკუმენტის მომზადება 200-300 ათასი ლარი ჯდება და დონორი ორგანიზაციების დახმარების გარეშე, ეს შეუძლებელი იქნება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG