Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როცა იბადები ებრაელად, ხარ მარადიულ ომში“, - იციკ მოშე, პაკისტანელი „ქილერის“ სამიზნე თბილისში


იციკ მოშე
იციკ მოშე

ებრაელი ბიზნესმენი, იციკ მოშე ადასტურებს, რომ თბილისში, ირანის მოქალაქის დაკვეთით, პაკისტანელი „ქილერის“ სამიზნე იყო.

62 წლის მოშემ, რომელიც საქართველო-ისრაელის კავშირების გამყარებაზე მუშაობს, არაფერი იცოდა მის წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების შესახებ. ებრაელი ბიზნესმენი მასზე თავდასხმას თავის საქმიანობას და წარმომავლობას უკავშირებს.

„ადამიანი როცა იბადები ებრაელად და ისრაელელად, ხარ მარადიულ ომში“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას და ამატებს: „უბრალოდ უფრო მეტად ფრთხილი ვიქნები, მაგრამ [საქმიანობის] არც შინაარსი, გეგმები, არაფერი შეიცვლება“.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას. ისინი ბრალს არ აღიარებენ.
მუხრან ღურწკაია

იციკ მოშე იყო ებრაული სააგენტოს წარმომადგენელი და პირველი ხელმძღვანელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში 1990 წლიდან. 2013 წლიდან ის ისრაელის სახლის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა და თავისი დროის ნახევარს საქართველოში ატარებს. ეს ორგანიზაცია ფოკუსირებულია ისრაელის სახალხო დიპლომატიაზე აღმოსავლეთ ევროპაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ აღკვეთა თბილისში ისრაელის მოქალაქის მოკვლის გეგმა. სუს-ის ინფორმაციით, დამკვეთი ირანის მოქალაქეა, შემსრულებელი - პაკისტანის.

გამოძიების მტკიცებით, „ქილერი“ მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, სწავლობდა სამიზნის გადაადგილების მარშრუტებს, მუდმივ კავშირზე იყო უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და ფულს.

პაკისტანელი ქილერი სუს-მა სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. ასევე, დაკავებულია საქართველოში მცხოვრები, ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი კაცი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი იარაღს აწვდიდნენ „ქილერს“.

ქართული წარმოშობის ირანელების ადვოკატი, მუხრან ღურწკაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას. ისინი ბრალს არ აღიარებენ“, - ამბობს ღურწკაია.

მისივე თქმით, პაკისტანის მოქალაქე ჩვენებაში ადასტურებს ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობის გეგმის არსებობას, თუმცა არ ახსენებს სხვა ორ, სუს-ის ვერსიით, თანამზრახველს.

იციკ მოშე ამბობს, რომ მასზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ არავის გაუფრთხილებია, შეთქმულების თაობაზე მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც საქართველოს საგამოძიებო უწყებებმა სპეცოპერაცია დაასრულეს და დაკავებების შესახებ საჯაროდ განაცხადეს.

„ძირითადად პრესასთან ერთად გავიგე“, - ამბობს მოშე და ამატებს: „პირველი ზარი მივიღე ისრაელის პრეზიდენტისგან, რომელმაც მხარდაჭერა და მადლიერება გამოხატა, რომ ვმუშაობთ ისრაელისა და მეგობარი ქვეყნების კავშირებზე. ასევე, დამირეკეს ისრაელის პარლამენტიდან“.

არც რაიმე გაფრთხილება იყო, რომ უფრო ფრთხილად ვყოფილიყავი, ან დაცვა ამეყვანა. არც ისრაელიდან და არც საქართველოდან...
იციკ მოშე

ისრაელის პრესა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ იციკ მოშეს მკვლელობა ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის ძალებს სურდათ. ეს ძალები ქვეყნის საგარეო ოპერაციებს აკონტროლებენ.

ყუდსი მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, ლიბანში, სადაც ის მხარს უჭერს ჰეზბოლას; ღაზის სექტორში - ჰამასს; ავღანეთში კი - ირანთან დაახლოებულ პოლიტიკურ და შეიარაღებულ ჯგუფებს.

ამ დაჯგუფებების ნაწილს აშშ ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

2022 წლის ივნისში, თურქეთმა განაცხადა „ირანული ქსელის“ რვა წევრის დაკავების შესახებ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში რეიდის შედეგად დააკავეს. გამოცემა IHA-ს ცნობით, ირანელები აპირებდნენ ისრაელელი ტურისტების დახოცვას, შურისძიების მიზნით. ირანის მტკიცებით, ისრაელია პასუხისმგებელი რევოლუციური გვარდიის პოლკოვნიკ საიაად ხოდაის მკვლელობაზე თეირანში 22 მაისს.

გასული წლის ოქტომბერში ისრაელმა ირანი დაადანაშაულა კვიპროსზე ისრაელელებზე თავდასხმის მცდელობაში. ირანმა ბრალდება მალევე უარყო.

Times of Israel-ის წყაროს ცნობით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ბიზნესმენი იციკ მოშე მიზანში ამოიღეს. თავად მოშე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ შემთხვევების შესახებ არაფერი იცის.

„არაფერი მახსოვს, არც რაიმე გაფრთხილება იყო, რომ უფრო ფრთხილად ვყოფილიყავი, ან დაცვა ამეყვანა. არც ისრაელიდან და არც საქართველოდან“, - ამბობს ის.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოსავლენად.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG