სახელოვნებო-კონცეპტუალური მრწამსი მხატვარს არ შეუცვლია, მაგრამ უკრაინაში ომი დაიწყო, იტალიაში სასწავლებლად გადასახლდა მისი ერთადერთი ქალიშვილი - მომღერალი, მეცო-სოპრანო ნიკოლი.
ეს ადამიანსა და ხელოვანზე ალბათ მოქმედებს.
ამ მოქმედებაზე, სიახლეებზე გიამბობთ ირინა გაბიანის შესახებ პოდკასტის ახალ ეპიზოდში.
„სამყაროში არაფერი არ ქრება. ყველაფერი გარდაიქმნება რაღაც სხვა ფორმაში. ერთი ფორმიდან გადადის მეორეში... გარდაიცვლება, როგორც ქართულში საინტერესო სიტყვა გვაქვს „გარდაცვალება“ - ანუ გარდაიცვალა, შეიცვალა ფორმა“.
ირინა გაბიანი მხატვარია არა მხოლოდ ფუნჯით თუ ფანქრით, ან მსგავსით, ის ვიდეოარტისტია. საფრანგეთში უახლოეს მომავალში მისი კიდევ ერთი გამოფენაა დაგეგმილი.
ირინა გაბიანი პროდუქტიული ხელოვანია, ნახატებთან, ვიდეოპროდუქციასთან ერთად ბევრი პერფორმანსი ჩაუტარებია. მისი ნამუშევრები არის მსოფლიოს ბევრი ქვეყნის კერძო და საჯარო კოლექციებში. ბევრ ქვეყანაში მიღებული აქვს პრიზები საერთაშორისო გამოფენებზე.
ირინას ქმარი, ივან ადორნო, ტურინელი იტალიელი, იურისტი - მუსიკისა და ხელოვნების დიდი მოტრფიალეა, რომელზეც მხატვარი მეუბნება, ხელოვნება უყვარდა და უყვარს და როცა ერთმანეთი გავიცანით, - მე მაშინ ჰოლანდიაში ვსწავლობდი, - რომ ვუთხარი, მხატვარი ვარ-მეთქი, ამან ყველაფერზე მეტად იმოქმედაო.
სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჩვენს სიტყვას და მოქმედებას და შედეგი არ იკარგება, - ამბობს ირინა გაბიანი, რომელმაც უკრაინას, ასევე საქართველოს, რომელსაც რუსეთი უფრო ადრე დაესხა თავს, შარშან მიუძღვნა პერფორმანსი, იმპროვიზებული, გულში ჩამწვდომი სანახაობა. ეს იყო ცეკვა უკრაინის დროშის ფერების ქსოვილის ქვეშ უკრაინული ხალხური სიმღერის ფონზე. ფიგურას კარგად ხედავ, ის ცეკვავს და უკრაინის დროშის მიღმა მოძრაობას აღიქვამ, ჩანს ირინა გაბიანის სილუეტი. შემდეგ არტისტი ამ დიდი ზომებით დიდი დროშის ფრიალით ცეკვას აგრძელებს და ბოლოს ყვითელ-ლურჯ ქსოვილს აკეცავს, გულში იხუტებს უკრაინის დროშას.
ირინა, რომლის კვლევის საგანი იყო და არის სამყარო თავისი ჰოლისტური არსით, ერთი ნამუშევრის მაგალითზე აგიხსნით, რას და როგორ ფიქრობს.
ნამუშევრები რომ მეყიდება, ან როცა სხვაგან ხვდება, მიხარია, რადგან ისინი იქ აგრძელებენ არსებობას, მათ ხომ ჩემთვის არ ვხატავ, სხვებისთვის ვაკეთებ, რომ გავავრცელოო. კი, ჩემთვისაც ვაკეთებ, მაგრამ ჩემი მესიჯის - აზრის გადმოსაცემადაც იქმნება ნამუშევრები, მეუბნება ირინა გაბიანი, რომელთანაც მიდიან ადამიანები და თავიანთ ამბებს უყვებიან მის ნამუშევრებთან დაკავშირებით, მათში თავიანთ ისტორიას ხედავენ.