Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანული ბალისტიკური რაკეტები ისრაელის ცაზე, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში - რა მოხდება ახლო აღმოსავლეთში?


1 ოქტომბერს, ირანმა ისრაელს 180-ზე მეტი რაკეტა ესროლა, ხოლო შეტევის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათი იყო.
1 ოქტომბერს, ირანმა ისრაელს 180-ზე მეტი რაკეტა ესროლა, ხოლო შეტევის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათი იყო.

მსოფლიო ელის, რა პასუხს გასცემს ისრაელი ირანის სარაკეტო თავდასხმას და როგორ განვითარდებ, 18 წლის წინ, 2006 წლის 34-დღიანი ივლისის ომის შემდეგ ისრაელის არმიის პირველი სახმელეთო ოპერაცია ლიბანში.

ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას ისახავს მიზნად, ლიბანის ტერიტორიიდან თავდასხმების აღსაკვეთად.

ჰეზბოლა ირანისგან მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების ქსელის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ის ისრაელსა და აშშ-ს უპირისპირდება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კვლავ მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა ახლო აღმოსავლეთში. ისრაელმა ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე და კიდევ უფრო გამწვავდა, როცა თეირანში ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო ბეირუთში -ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.

პარალელურად ირანელების დიდი ინტერესი გამოიწვია ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვამ - ირანის გათავისუფლებისა და ცვლილებების შესახებ.

რა ხდება ამ ეტაპზე?

ისრაელის ხელისუფლებას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, რა პასუხს გასცემს ირანს ბალისტიკური რაკეტების მასშტაბური შეტევის გამო.

„ირანმა დაუშვა დიდი შეცდომა და ამისთვის გადაიხდის. ირანის რეჟიმი ვერ აცნობიერებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას - დავიცვათ თავი და შური ვიძიოთ მტრებზე“, - განაცხადა 1 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომლის განმარტებითაც, ირანის შეტევა ჩაიშალა და მიზანს ვერ მიაღწია.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, 1 ოქტომბერს, ირანმა ისრაელს 180-200 რაკეტა ესროლა, ხოლო შეტევის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათი იყო. თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. არიან დაჭრილებიც. საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ცნობები ისრაელის არმიის ავიაბაზის დაზიანების შესახებ.

ირანიდან ნასროლი რაკეტების მოგერიებაში ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდა და კერძოდ, ორი ამერიკული სამხედრო გემი ხმელთაშუა ზღვიდან.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას მისი პირდაპირი მითითებით ეხმარებოდნენ.

„ვგმობ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გაფართოებას, ესკალაციას ესკალაციაზე. ეს უნდა შეწყდეს. ჩვენთვის აბსოლუტურად აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა“, - დაწერა 1 ოქტომბერს, ღამით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

სავარაუდოდ, სწორედ ამ განცხადებამ გამოიწვია ისრაელის ხელისუფლების გულისწყრომა, რადგან მასში პირდაპირ არ არის დაგმობილი ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი X-ზე წერს და ანტონიო გუტერეშს ტერორისტების მხარდაჭერაში სდებს ბრალს.

„ვისაც არ შეუძლია ერთმნიშვნელოვნად დაგმოს ირანის საშინელი თავდასხმა, როგორც ამას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა აკეთებს, არავინ იმსახურებს ფეხის დადგმას ისრაელის მიწაზე“, - წერს ისრაელ კაცი.

საერთაშორისო მედიის ცნობით, გუტერეშმა ოთხშაბათს უფრო მკაფიოდ დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას კვლავ გაუსვა ხაზი.

თეირანი აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმის სამიზნე იყო მხოლოდ „სამხედრო და უშიშროების ობიექტები“, რომლებიც ახდენენ „გენოციდს ღაზასა და ლიბანში“ და, რომ დარტყმის მიზანი თავდაცვა იყო - „ გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ირანის მოქმედება ამ ეტაპზე დასრულებულია, ხოლო თუ „ისრაელის რეჟიმისგან“ კვლავ იქნება საპასუხო ზომები, ირანის პასუხი იქნება უფრო ძლიერი და უფრო მძლავრი“.

ისრაელის სახმელეთო ოპერაცია გრძელდება

ირანი კვლავ აღშფოთებულია ისრაელის სახმელეთო ოპერაციით ლიბანის სამხრეთში, რომელშიც, ოფიციალური ინფორმაციით - ისრაელის შეიარაღებული ძალების ერთი დივიზია მონაწილეობს, რაც რიცხობრივად 10 000 სამხედროზე მეტია.

ისრაელის შეიარაღებული ძალები ლიბანის ტერიტორიაზე 1 ოქტომბერს შევიდნენ. მას „შეზღუდულ რეიდს“ უწოდებენ.

CNN-ი ვარაუდობს, რომ ისრაელის სამხედროები დიდხანს არ დარჩებიან ლიბანის ტერიტორიაზე. ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ისრაელის არმიამ მოამზადა დამატებითი შენაერთები - საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად, რაც სპეციალისტების ნაწილს უჩენს ვარაუდს, რომ ოპერაცია ხანმოკლე არ იქნება.

სახმელეთო ოპერაციის დაწყებას წინ უსწრებდა სარაკეტო თავდასხმები და იუწყებოდნენ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა ჰეზბოლამ მძიმე დანაკარგები განიცადა. ასევე ისრაელს ბოლო პერიოდში მოუწია 60 ათასი ადამიანის ევაკუაცია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილიდან, რომელიც სხვადასხვა დროს ჰეზბოლას სარაკეტო შეტევების სამიზნე იყო.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ეტაპია ქვეყნის ცხოვრებაში“, - განაცხადა ლიბანის ხელისუფლებამ ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყებისას. 2 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, ლიბანის მხარე ავრცელებდა ცნობებს მწვავე შეტაკებების შესახებ.

ისრაელის თავდაცვის ძალები (ებრაულად ცახალი) აცხადებს, რომ ლიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება ჰეზბოლას მიერ ისრაელის წინააღმდეგ მომზადებული სამხედრო ინფრასტრუქტურის ქსელის განადგურებას ისახავს მიზნად, ახლო მომავალში მოსალოდნელი თავდასხმების აღსაკვეთად.

  • ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ხოლო ევროკავშირს შავ სიაში შეყვანილი ჰყავს მხოლოდ ჰეზბოლას შეიარაღებული ფრთა, მაგრამ არა მისი პოლიტიკური პარტია.
  • ჰეზბოლას პოლიტიკური პარტია ფლობს მანდატებს ლიბანის პარლამენტში. ჰეზბოლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ირანისგან მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების ქსელში, რომელიც ისრაელს და აშშ-ს უპირისპირდება.

და ირანის გათავისუფლების იმედი

ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებდა, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა ვიდეომიმართვა ირანელებისთვის, სადაც ირანის გათავისუფლებაზე ლაპარაკობს და ირანელებს მხარდაჭერას უცხადებს.

ამასთან, ნეთანიაჰუ აფრთხილებს ირანელებს, რომ თეირანის რეჟიმს თავისი ხალხი ყოველწამიერად უფსკრულის პირას მიჰყავს, როცა მილიარდობით დოლარს ხარჯავს ახლო აღმოსავლეთში „უსარგებლო ომებისთვის“; ხოლო „არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელი ვერ მისწვდება - საკუთარი ხალხის დასაცავად“.

30 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეო სოციალურ მედიას ვირუსულად მოედო.

ირანელების საგანგებო ყურადღება მიიპყრო ნეთანიაჰუს სიტყვებმა - „როცა ირანი საბოლოოდ გათავისუფლდება - და ეს დრო დადგება იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ხალხი ფიქრობს - ყველაფერი შეიცვლება“.

ნეთანიაჰუს მიმართვამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია და გარკვეულ ნაწილში გააჩინა შიში, რომ საომარი მოქმედებები გარდაუვალი იქნება.

„ჩამოცვენამდე ბომბები არ გვეკითხებიან თქვენი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ“, - დაწერა ამერიკაში მყოფმა ირანელმა ჟურნალისტმა მასუმე ნასერიმ სოციალურ ქსელში. საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება მძიმედ აისახება ქვეყნის საერთო მდგომარეობაზე და ეს ხალხსაც დააზიანებს.

ზოგს უბრალოდ არ სჯერა, რომ ისრაელი რაიმეს შეცვლას შეძლებს და ირონიული კომენტარებით ნეთანიაჰუსგან ითხოვენ, რომ მან ისრაელის მიერ გათავისუფლებული რომელიმე სხვა ქვეყნის მაგალითი უჩვენოს.

მაგრამ როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ - ნეთანიაჰუს განცხადებებს დადებითი რეაქციებიც მოჰყვა.

„პირადად მე ველი ისრაელის პრაქტიკულ ნაბიჯებს და ვიმედოვნებ, რომ [ნეთანიაჰუს] ეს განცხადება არ დარჩება ცარიელ სიტყვებად“, - წერს X-ზე კავე შირზადი, საფრანგეთში მცხოვრები ირანელი პოლიტიკური აქტივისტი. ის იმედოვნებს, რომ ისრაელის ხელისუფლება „დაეხმარება ირანელ ხალხს მთავრობის დამხობაში და სტაბილური დემოკრატიის მიღწევაში“.

დემოკრატიის ფონდის წარმომადგენელი ვაშინგტონში, საიდ ჰასენინეჟადი ფიქრობს, რომ ირანელები მიესალმებიან ისრაელის პრემიერის მსგავს განცხადებებს მათი პოზიციიდან გამომდინარე, რომ „ირანის და ისრაელის ერებს აქვთ საერთო ინტერესი - ისლამური რესპუბლიკის დამხობა“.

თეირანელი აქტივისტი რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს ეუბნება, რომ ირანის გარედან გათავისუფლების იდეას შესაძლოა მიემხრონ ისინი, ვინც „დაიღალა პოლიტიკური ბრძოლით ათწლეულების განმავლობაში“.

„ისრაელზე მიტანილი სარაკეტო იერიშისას, თეირანში სახლების სახურავებიდან ისმოდა შეძახილები „სიკვდილი ხამენეის“, „სიკვდილი დიქტატორს“, - ამ ინფორმაციას, X-ზე აქვეყნებს ვაშინგტონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია - „ნაციონალური კავშირი დემოკრატიისთვის ირანში“.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა ომი გამოუცხადა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს - ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრისა და ათასზე მეტი ადამიანის სასტიკად დახოცვისა და მძევლად აყვანის შედეგ. ღაზის სექტორში დაიწყო სამხედრო მოქმედებები, რომელსაც დიდი მსხვერპლი, ნგრევა და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა. ისრაელი-ჰამასის ომი ჯერ ისევ გრძელდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG