Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ბატონო მოსამართლე, არასწორი ადამიანია მოყვანილი” - “ირა*ლის” საქმეზე დაკავებულების სასამართლო გრძელდება


პოლიციელი კობა კაპანაძე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის შემდეგ ტოვებს დარბაზს
პოლიციელი კობა კაპანაძე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის შემდეგ ტოვებს დარბაზს

თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა 2 ივნისის, პარლამენტის წინ მცირერიცხოვან აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების საქმის განხილვა. 1 სექტემბერს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დაკითხა მოწმეები - პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე. 

ამ საქმეზე სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა საპროტესტო აქციაზე ბანერებით დგომა, რომლებზეც ეწერა “ირა*ლი”, მსგავსი წარწერებიანი მაისურით აქციაში მონაწილეობა, ცარიელი ფურცლით პროტესტის გამოხატვა და ჰიმნის სიმღერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ხუთივე დაკავებული - ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი, ნიკა რომანაძე, გრიგოლ ფრანგიშვილი და ნოდარ სიხარულიძე - 2 ივნისის საპროტესტო აქციისას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სახელდახელოდ გაიმართა, წესრიგს არღვევდა, პოლიციელებს აყენებდა შეურაცხყოფას და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას.
მედიის და მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში, რომლებიც სასამართლოში პოლიციას მტკიცებულებად აქვს წარდგენილი, არ ისმის არც დემონსტრანტების მიერ წარმოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები და არც ის, რომ სამართალდამცველები მათ რამეს სთხოვენ, რასაც არ ითვალისწინებენ. ამ კადრებში მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებაა ასახული.

პოლიციელი, რომელიც სასამართლომ 1 სექტემბერს როგორც ედუარდ მარიკაშვილის დამკავებელი სამართალდამცველი გამოკითხა, კობა კაპანაძეა. ჩვენების მიცემისას მან ასე აღწერა ვითარება:

„ამა წლის 2 ივნისს, დაახლოებით ღამის საათები იყო, ზუსტი დრო… ზუსტი დრო იყო… ღამე იყო, უფრო სწორად. პარლამენტის წინ შეკრებილები იყვნენ, აქციას მართავდნენ მოქალაქეები, სადაც იმყოფებოდა ერთ-ერთი ჩემი დაკავებული ედუარდ მარიკაშვილიც. მათ ხელში ეჭირათ უცენზურო სიტყვისგან შემდგარი პლაკატები და ფურცლები და ამით ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი. კერძოდ, იქ ადამიანები მოძრაობდნენ, გადაადგილდებოდნენ და მიუხედავად ჩვენი ხელმძღვანელობის და ჩვენი არაერთი მოთხოვნისა და არაერთი მითითებისა, რომ შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება, ისინი ისევ ისე აგრძელებდნენ და ამით არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. ასევე, მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელი სიტყვის სკანდირებასაც. რაღაც გარკვეულ სიტყვას, სახელის მსგავს სიტყვას იძახდნენ, მერე ნახევარი წამი ჩერდებოდნენ და იძახდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვას. არ ვიცი, გამეორება მიზანშეწონილია თუ არა. თუ გინდათ, დავაკონკრეტებ. “ირა” - დაიძახებდნენ, მერე გაჩერდებოდნენ და იძახდნენ, ყლი, *ლე და ასეთი რაღაც. ამის შემდეგ [დაკავების] გადაწყვეტილება მივიღეთ, აღნიშნული პიროვნებაც იღებდა მონაწილეობას, ესეც იძახდა ამ სიტყვებს. [მას] ხელში ეჭირა ფურცელი, მოვუწოდეთ, შეეწყვიტა აღნიშნული ქმედებები, ამის შემდეგ მოხდა მათი დაკავება”, - უთხრა პოლიციელმა კაპანაძემ სასამართლოს. მისი მტკიცებით, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე და უფლებადამცველი ედუარდ მარიკაშვილი აქციაზე პოლიციას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და იძახდა უცენზურო სიტყვებს.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი: შეურაცხმყოფელი სიტყვა უწმაწური სიტყვებია თუ ის სიტყვები, რითაც ჩვენ შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს?

პოლიციელი, კობა კაპანაძე: უწმაწური სიტყვებია, ნაძირალებო და რაღაც ეგეთები… დაკავებაში კიდევ ხელს გვიშლიდნენ.

მოსამართლე: ვის დაკავებაში გიშლიდნენ ხელს?

პოლიციელი: ბატონი ედუარდ მარიკაშვილის.

მოსამართლე: ვინ გიშლიდათ ხელს?

პოლიციელი: მოქალაქეებიც და თვითონაც ცდილობდა, არ დაგვეკავებინა.

აქციის სხვა მონაწილეები კი, რომლებიც ამავე სხდომაზე მოწმეებად გამოიკითხნენ, სასამართლოს უყვებოდნენ, რომ არც ედუარდ მარიკაშვილი და არც რომელიმე სხვა დაკავებული დემონსტრანტი პოლიციელებს შეურაცხყოფას არ აყენებდნენ. უფლებადამცველები ამ დღეს პარლამენტთან მას შემდეგ გავიდნენ, რაც პოლიციამ “ჯიუტის” აქციაზე დააკავა ადვოკატი შოთა თუთბერიძე - მას საპროტესტო ბანერზე “ირა*ლი” ეწერა.

1 სექტემბერს დაკითხულმა პოლიციელმა, რომელსაც დაკავების ოქმი აქვს შევსებული, დარწმუნებით ვერ თქვა, რომ უშუალოდ მან დააკავა მარიკაშვილი აქციაზე.

ედუარდ მარიკაშვილის ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე: სად იდექით?

პოლიციელი, კობა კაპანაძე: პოლიციელებთან ერთად ვიდექით წინ.

გიორგი ტაბატაძე: რა დაინახეთ?

კობა კაპანაძე: დავინახე, რომ აღნიშნულ პიროვნებასაც ხელში ეკავა პლაკატი, პლაკატი რა, ფურცელი წარწერით ირა*ლი.

გიორგი ტაბატაძე: და მიხვედით და დააკავეთ მაგ დროს?

კობა კაპანაძე: მივედით და რამდენჯერმე მოვუწოდეთ მასაც და მომიტინგეებსაც, შეენახათ ეს ფურცელი. ამოატრიალებდნენ ამ ფურცლებს მეორე მხრიდან, მერე ისევ შლიდნენ.

გიორგი ტაბატაძე: ირა*ლი სიტყვა რას ნიშნავს?

კობა კაპანაძე: ირა*ლი სიტყვა? ირა*ლი სიტყვა, ბოლო მნიშვნელობაა იქ… სიტყვის ასოთა მნიშვნელობას აქვს ის აზრი, რომ ირა და სკანდირებდნენ მერე ყლის, არის შეურაცხმყოფელი. ზოგი ე-საც ამბობდა.

გიორგი ტაბატაძე: რატომ არის შეურაცხმყოფელი?

კობა კაპანაძე: იმიტომ, რომ ასოთა თანწყობაა ისეთი, შეურაცხყოფას იწვევს. იქ რამდენიმე ადამიანი ბავშვებით მიდიოდნენ და შეურაცხყოფად იღებდნენ. კითხულობდნენ, ეს ხალხი აქ რატომ დგას და შეურაცხმყოფელ სიტყვებს რატომ იძახიან?

გიორგი ტაბატაძე: უშუალოდ თქვენ დააკავეთ ედუარდ მარიკაშვილი?

კობა კაპანაძე: მეც მივიღე დაკავებაში მონაწილეობა.

გიორგი ტაბატაძე: სხვა ვინ იყო?

კობა კაპანაძე: არ ვიცი ახლა, ბევრი თანამშრომლები იყვნენ.

გიორგი ტაბატაძე: მაგრამ თქვენ იყავით, ხომ? ხელი თქვენ მოკიდეთ?

კობა კაპანაძე: ხელი შეიძლება არ მომიკიდია, მაგრამ მეც მივყვებოდი გვერდზე. მე პირადად ხელით არ გამომიყვანია. დაკავების მომენტში ვიდექი, ვუყურებდი სულ ყველაფერს იმ პროცესებს და პირადად მოვყვებოდი.

ედუარდ მარიკაშვილი: ანუ, თქვენ ჩემი დამკავებელი არ ხართ?

კობა კაპანაძე: პირადად მე ხელი არ მომიკიდია.

გიორგი ტაბატაძე: ვინ მოკიდა, ვინ დააკავა?

კობა კაპანაძე: არ ვიცი, ბევრი პოლიციელები იყვნენ და მანქანაში ჩასვეს.

გიორგი ტაბატაძე: ანუ, არ იცით, ვინ არის ედუარდ მარიკაშვილის ფაქტობრივი დამკავებელი პოლიციელი?

კობა კაპანაძე: გვერდზე ვიდექი მეც, დაკავების პროცესში. მეც მქონდა ხელი მოკიდებული, მაგრამ პირადად ხელი გაყრილი და ის არ მქონია.

გიორგი ტაბატაძე: თქვენ რატომ შეავსეთ მაშინ დაკავების ოქმი?

კობა კაპანაძე: პირადად მეც ვუყურებდი. რა მნიშვნელობა ჰქონდა იმას.

გიორგი ტაბატაძე: ანუ, მოწმე ხართ მაშინ. თუ თქვენ არ დაგიკავებიათ, ოქმი რატომ შეავსეთ?

კობა კაპანაძე: მეც დავაკავე, მეც ვმონაწილეობდი დაკავებაში.

გიორგი ტაბატაძე: აი, რაში გამოიხატებოდა მონაწილეობა?

კობა კაპანაძე: გვერდზე მოვყვებოდი და ხელი მეც მქონდა მოკიდებული.

გიორგი ტაბატაძე: ანუ, ხელი გქონდათ მოკიდებული ედუარდზე და მანქანამდე მიაცილეთ?

კობა კაპანაძე: კი, ბატონო.

გიორგი ტაბატაძე: წეღან მითხარით, ხელი არ მქონდა მოკიდებულიო.

კობა კაპანაძე: არა, გვერდზე ვიდექი და მოვყვებოდი-მეთქი.

მოწმედ დაბარებულმა პოლიციელმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას, იმის მიუხედავად, რომ ამტკიცებდა, ედუარდ მარიკაშვილი მათ შორის იყო, ვინც უცენზურო სიტყვებს სკანდირებდაო, თქვა, რომ არ არსებობს სხვა არანაირი მტკიცებულება ამ ფაქტის დამამტკიცებლად, გარდა მის მიერ მიცემული ჩვენებისა. კობა კაპანაძის განმარტებით, მას აქციის დროს სამხრე კამერა მოძვრა და დაკავების პროცესი არ გადაუღია. ედუარდ მარიკაშვილის მხრიდან გინება ან უცენზურო სიტყვები არ ისმის იმ ვიდეომასალაში, რომელიც საქმეში მტკიცებულებების სახით არის წარმოდგენილი.

ედუარდ მარიკაშვილი მოწმე პოლიციელს აჩვენებს ფოტოს, რომელიც 2 ივნისის ღამეს არის გადაღებული პარლამენტის შენობასთან. ამ ფოტოზე მარიკაშვილს სუფთა, უწარწერო ფურცელი უჭირავს ხელში.
ედუარდ მარიკაშვილი მოწმე პოლიციელს აჩვენებს ფოტოს, რომელიც 2 ივნისის ღამეს არის გადაღებული პარლამენტის შენობასთან. ამ ფოტოზე მარიკაშვილს სუფთა, უწარწერო ფურცელი უჭირავს ხელში.

გიორგი ტაბატაძე: თქვენ რამე მოწოდება გააკეთეთ ედუარდის მიმართ? ხომ არის, რომ მოქალაქე როცა არღვევს წესრიგს, პოლიციელმა უნდა მოუწოდოს - გთხოვთ შეწყვიტოთ ესა და ეს ქმედება.

კობა კაპანაძე: იქ იყვნენ რამდენიმე ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც პირადად მთელი აქციის მონაწილეებს მოუწოდეს და პირადად უთხრეს სუყველას.

გიორგი ტაბატაძე: ანუ, თქვენ არ მოგიწოდებიათ?

კობა კაპანაძე: პირადად მე არ მომიწოდებია.

გიორგი ტაბატაძე: ვინ მოუწოდა, ვინ იყვნენ ხელმძღვანელები?

კობა კაპანაძე: არ ვიცი, ხელმძღვანელები იქ ბევრი იყვნენ. პირადად ბევრი იდგნენ, ვინც ელაპარაკებოდნენ და მოუწოდებდნენ.

გიორგი ტაბატაძე: ანუ, არ იცით, ვინ მოუწოდა?

კობა კაპანაძე: პირადად იდგნენ იქ ხელმძღვანელები, ბევრი იდგნენ ჩემს წინ, ვინც ელაპარაკებოდნენ.

გიორგი ტაბატაძე: მოწოდება თუ გაიგეთ, რომ შეეწყვიტათ?

კობა კაპანაძე: კი, ბატონო, პირდაპირ იყვნენ, სამმართველოს უფროსები, ჯოხაძეც, ისიც, რომ მივიდა და უთხრა შეეწყვიტათ…

გიორგი ტაბატაძე: ჯოხაძე ვინ არის?

კობა კაპანაძე: ლაშა.

ედუარდ მარიკაშვილი: თქვენ სად იყავით?

კობა კაპანაძე: უკან ვიყავი მეც.

ედუარდ მარიკაშვილი: ჯოხაძის უკან?

კობა კაპანაძე: ჯოხაძის გვერდით. მნიშვნელობა არ აქვს, ბევრი ხალხი ვიდექით.

ედუარდ მარიკაშვილი: შეგიძლიათ თქვათ, რომ ზუსტად გახსოვთ, რომ ჯოხაძე იდგა და მელაპარაკებოდა ამ საკითხზე [ითხოვდა ბანერების შენახვას]?

კობა კაპანაძე: მთლიანად ჯოხაძე მოვიდა…

ედუარდ მარიკაშვილი: მთლიანად არა, ჩემზე გეკითხებით.

კობა კაპანაძე: პირადად თქვენზე არ ვიცი, ვერ გეტყვით, სათითაოდ ხომ არ ჩამოგივლიდათ აქციის მონაწილეებს?

ლაშა ჯოხაძე, რომელსაც კობა კაპანაძე ახსენებს, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელია. ის ამ საქმეში მოწმის სახით არ დაუკითხავთ. მოსამართლემ საჭიროდ არ ჩათვალა არც სერგი ბზიშვილის დაკითხვა, რომელმაც 2 ივნისის აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის, საბა ბრაჭველის მტკიცებით, პირადად გასცა მისი დაკავების ბრძანება მას შემდეგ, რაც საბა შეეცადა აეხსნა, რომ ის ბანერი, რომელიც მას ეჭირა, სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში. სერგი ბზიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.

კობა კაპანაძის ჩვენებისას ედუარდ მარიკაშვილის ადვოკატებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტობრივად ცრუ მოწმე, თვითმხილველი წარუდგინა დამკავებელი პოლიციელის ნაცვლად. მოსამართლემ თქვა, რომ მისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით განაჩენში აისახება.

ედუარდ მარიკაშვილი: თქვენ უშუალოდ ჩემთვის ხელი არ წაგივლიათ, დაკავება არ დაგიწყიათ, ამბობთ, რომ სხვა თქვენმა კოლეგებმა დაიწყეს, მანამ დაკავებას დაიწყებდით, ხომ არ გქონდათ კომუნიკაცია, რატომ უნდა დაგეკავებინეთ?

კობა კაპანაძე: არა.

ედუარდ მარიკაშვილი: აბა, რა იცით, რატომ დამაკავეს?

კობა კაპანაძე: იქ ვიდექი და სამართალდარღვევას ვუყურებდი.

ედუარდ მარიკაშვილი: ხო მაგრამ, თქვენ ხომ არ იცით, იმ ორმა ადამიანმა გადაწყვეტილება როგორ მიიღეს?

კობა კაპანაძე: გვერდზე ვიდექი მე და უშუალოდ ვუყურებდი იმ პროცესს.

გიორგი კაპანაძე: ბატონო მოსამართლე, არასწორი ადამიანი არის მოყვანილი. ეს არის მოწმე, დამკავებელი ჩვენ არ გვყავს აქ. პრაქტიკულად, მტკიცებულება არ არსებობს ამ საქმეში.

მოსამართლე: გავითვალისწინებ თუ არა ამ ჩვენებას, ეს საბოლოო დადგენილებაში აისახება.

კობა კაპანაძე: თქვენ როგორ ინტერპრეტაციას აკეთებთ, არ ვიცი, მაგრამ დაკავების პროცესში იქ ვიყავი ბოლომდე და ვუყურებდი რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა. ვჩანვარ, არ ვჩანვარ ვიდეოკადრებში, ეგ არ ვიცი.

სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე დასაკითხი ჰყავს კიდევ ერთი მოწმე - მომდევნო სასამართლო სხდომა 4 სექტემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

XS
SM
MD
LG