Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაგრძელდა 12 დეკემბრის ჩხუბი პარლამენტიდან ინტერნეტში


რა მოხდა 12 დეკემბერს პარლამენტში?

პარლამენტის 12 დეკემბრის სხდომაზე დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან, ნიკანორ მელიამ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ საუბრობს ქვეყანაში პროგრესზე და სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას უწოდებს დემოკრატიული განვითარების მაგალითს მაშინ, როცა ამ პარტიის სინდისზეა არჩევნების პროცესში როგორც მინიმუმ ერთი ადამიანის მკვლელობა. ნიკა მელიას თქმით, საუბარია ზუგდიდის საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე.

ნიკა მელია შეურაცხყოფასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და მას უღირსი დამარცხებული უწოდა. „ბატონო ნიკა, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს. არ შეიძლება მარცხმა ასე დაგაკარგინოთ სახე. მარცხსაც სჭირდება ღირსეული შეხვედრა. თქვენ ხართ უღირსი დამარცხებული“​ - მიმართა კობახიძემ მელიას.

ამავე სხდომაზე ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა გამშველებელთა და წამქეზებელთა მონაწილეობით.

დაპირისპირების ოფიციალური ვერსია

პარლამენტის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ ნიკანორ მელიამ ადგილზე გაკეთებული რეპლიკებით კოლეგა დეპუტატს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზში დაპირისპირება ამას მოჰყვა.

ჩხუბის "არაოფიციალური" ინტერპრეტაციები სოციალურ მედიაში

საათი, როგორც სიმბოლო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ნაპოვნია ირმა ინაშვილის საათი, რომლის სიმბოლურ მნიშვნელობასაც აღიარებს როგორც მფლობელი, ასევე ნიკა მელია, მაგრამ ვერ თანხმდებიან იმაზე, რა ვითარებაში დაშორდა საათი ირმა ინაშვილს.

კონფლიქტის მოგვარებაში მანდატურები მართლაც იყვნენ ჩართული.

დაპირისპირებული დეპუტატები დარბაზიდან გავიდნენ, თუმცა ყველა, ვინც სხდომათა დარბაზიდან გარეთ გავიდა, უკან ვერ დაბრუნდა.

მოგვიანებით, "პარტიოტთა ალიანსის" ლიდერმა თქვა, რომ ის "ქალია და არასოდეს აწევს ხელს კაცებზე", ნიკა მელიასთანაც იმიტომ მივიდა, რომ საკუთარ კაბინეტში ეპატიჟებოდა.

„მივედი და პირადად ვეუბნებოდი, რომ პატივი ეცა საკუთარი თავისთვის და გაჩუმებულიყო და დამშვიდებულიყო, მოეცა საშუალება, დამემთავრებინა ჩემი განცხადება. როდესაც ვუთხარი გამოდი გარეთმეთქი, სიმართლე გითხრათ, ვეპატიჟებოდი ამ შენობაში, ჩემს კაბინეტში, მეოთხე სართულზე და პირისპირ მინდოდა საუბარი. უტრირება, რომ მე ნიკა მელია უნდა მეცემა, უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მე ვარ ქალი და კაცზე არასდროს ავწევ ხელს“, – განაცხადა ინაშვილმა.

​ირმა ინაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირების შემდეგ პარლამენტში სიტყვით გამოვიდა ზაზა პაპუაშვილი.

ზაზა პაპუაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილის მიერ ფეისბუკზე დაწერილმა სტატუსმა პაპუაშვილი ისე აღაშფოთა, რომ მოგვიანებით TV პირველის პირდაპირ ეთერში მას "ლაწირაკი" და "უზრდელი ხეპრე" უწოდა.

პარლამენტის ვებსაიტზე 12 დეკემბრის პლენარული სხდომის აღწერაში ზაზა პაპუაშვილის გამოსვლა გამოტოვებულია და ფოტომასალაში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს, ზაზა პაპუაშვილს მშვიდ ვითარებაში ვხედავთ.

დამატებითი ინფორმაცია ცნობისთვის:

​ირმა ინაშვილის, როგორც პარლამენტარის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 75 000 ლარს შეადგენს, ზაზა პაპუაშვილის - 55 000 ლარს.

ნიკანორ მელიას უკანასკნელი დეკლარაცია 2017 წელს აქვს შევსებული. მასში 2016 წელს მიღებული შემოსავლებია დაფიქსირებული და, ამ დეკლარაციის მიხედვით, მისი, როგორც პარლამენტარის ხელფასი თვენახევარში 7511,84 ლარი იყო.

XS
SM
MD
LG