აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაახლოებული დიპლომატები, ექსპერტები და ყოფილი მაღალჩინოსნები დარწმუნებული არიან, რომ თოვუზის ინციდენტით სომხეთის დღევანდელი ხელისუფლება ესწრაფვის რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას და დასავლეთისკენ მიბრუნებას.
სომხეთის ხელისუფლებამ კი თურქეთი დაადანაშაულა აზერბაიჯანის მხარდაჭერასა და რეგიონალური არასტაბილურობის პროვოცირებაში.
წინაისტორია - მყიფე ზავი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ბოლო შეთანხმება 4 წლის წინ სადავო მთიან ყარაბაღში მიმდინარე ორმხრივ ფართომასშტაბიან შეტაკებებს უკავშირდება.
ისევე როგორც 12 ივლისის თოვუზის სამხედრო ინციდენტის დროს, 4 წლის წინათაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ საბრძოლო მოქმედებების განახლებაში, რასაც ორივე მხრიდან სულ მცირე 40 ადამიანი შეეწირა.
შეტაკებები მაშინაც ხდებოდა ორ მხარეს შორის ფაქტობრივი ფრონტის ხაზის გასწვრივ.
აზერბაიჯანი იტყობინებოდა, რომ მისმა ჯარმა 10 მარტს ცეცხლი გაუხსნა სომეხთა პოზიციებს, რათა არ დაეშვა მიზანში ამოეღოთ აზერბაიჯანული ქალაქი, აგდამი.
ოფიციალური ცნობებით, 4 წლის წინ ბრძოლაში სომხურ პოზიციებზე იერიშისას აზერბაიჯანის მხარემ დაკარგა ერთი ვერტმფრენი მი-24 და ერთი ტანკი, რომელიც ნაღმზე აფეთქდა.
ამ ფართომასშტაბიანი შეტაკების შუაგულში აღმოჩნდა მთიანი ყარაბაღის ქალაქი მარტაკერტი, რომელიც მოსახლეობის ნაწილმა დატოვა მას შემდეგ, რაც ინტენსიურ საარტილერიო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა.
საქმე იქამეც კი მივიდა, რომ ბაქო იმუქრებოდა მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტის დაბომბვით, თუ სეპარატისტები არ შეწყვეტდნენ იერიშებს აზერბაიჯანულ დასახლებებზე. ამასთან, ბაქო უარყოფდა სამოქალაქო პირებზე იერიშის ბრალდებას.
საბოლოოდ, თითქმის სამკვირიანი ბრძოლა თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში 2016 წლის 5 აპრილს დასრულდა ვენაში, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით, მხარეებს შორის მორიგ საზავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. მაგრამ, როგორც 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი საბრძოლო შეტაკება მოწმობს, გაყინული კონფლიქტი, რომლის დაწყებიდან მალე 30 წელი შესრულდება, ზოგჯერ სრულიად ცხადი მიზეზის გარეშეც კი შეიძლება შევიდეს საკმაოდ სახიფათო ცხელ ფაზაში, რადგან კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი დღემდე არ მოჰყოლია.
საერთაშორისო შუამავლები - „მინსკის ჯგუფი“
აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის, გარშემო კონფლიქტი ბაქოსა და ერევანს შორის, სამი ათეული წელია, გრძელდება. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული, რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა.
კონფლიქტის გადაჭრის მიზნით მიმდინარე საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, პირველ რიგში, ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ დიპლომატიურ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.
ორგანიზაციაში არასოდეს დაუმალავთ, რომ მათი მანდატის ნაწილს შეადგენს დაპირისპირებულ მხარეთა შორის მოლაპარაკებისთვის საერთო საფუძვლის შექმნა და „საბაზისო პრინციპების“ შემუშავება, რომელზე შეთანხმება უკვე თავად მოკონფლიქტე მხარეების საქმეა.
ამ „საბაზისო პრინციპების“ შემცველი დოკუმენტი ითვალისწინებს მთიანი ყარაბაღის მიმდებარე მიწების ბაქოსთვის დაბრუნებას, ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას, მთიანი ყარაბაღისთვის შუალედური სტატუსის გამომუშავებას - უსაფრთხოებისა და თვითმმართველობის გარანტიებით; სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელ დერეფანს და შეთანხმებას, რომ ამ ტერიტორიას რაღაც დროს, მომავალში, საბოლოო სტატუსი დაუკანონდება.
„ამოცანა არ უნდა იდგეს ასე: „როგორ მივიღო ყველაფერი, რაც მსურს, მან კი -არაფერი“. ასეთ მიდგომას პროგრესი არ მოჰყვება. ამის ნაცვლად, პროცესი ასე უნდა იყოს აღქმული: „მშვიდობა არ დამყარდება, თუ რაიმეს არ მიიღებს ის და რაიმეს არ მივიღებ მეც. რისი მიცემა შემიძლია მისთვის და რისი მოცემა შეუძლია მას ჩემთვის?“ ეს ადვილი არ არის. ჯერჯერობით ასეთი მიდგომისთვის არ მიგვიღწევია“. - ეს სიტყვები „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარემ, რობერტ ბრატკემ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 8 წლის წინ წარმოთქვა.
12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო რაიონ თოვუზში დაწყებული სერიოზული სამხედრო პროვოკაცია მოწმობს, რომ მოკონფლიქტე მხარეები ძალიან შორს არიან იმგვარი აღქმისგან, როგორზეც ევროპელი დიპლომატი ლაპარაკობდა.
ორდღიანი ქრონიკა - საინფორმაციო ომის ელემენტები
სომხეთის ოფიციოზის თანახმად, შეტაკების მიზეზი გახდა „უაზის“ ტიპის ავტომობილში მყოფი აზერბაიჯანელი სამხედროების მცდელობა, 12 ივლისს საარტილერიო ცეცხლის საფარქვეშ „დაეკავებინათ სომხეთის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო პოზიციები“, მაგრამ სომხურმა მხარემ ისინი უკუაგდო და დააზარალა.
ბაქო კი, პირიქით, აცხადებდა, რომ სროლა დაიწყო სომხურმა მხარემ სტრატეგიული პოზიციის დასაკავებლად. "ჩვენი დანაყოფების საპასუხო ნაბიჯების შედეგად, მტერი დამარცხდა და დანაკარგებით უკან დაიხია“, - იუწყებოდა კვირას აზერბაიჯანის სამხედრო უწყება.
ვითარებას, რომელიც კვლავ სახიფათო იყო 13 ივლისს, აბუნდოვანებს საინფორმაციო ომის ელემენტები.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ 82-მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნიდან და ასევე ტანკიდან განაახლა ინტენსიური დაბომბვა იმ პოზიციისა, სადაც წინა დღეს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა „უაზის“ ტიპის მანქანით სცადეს საზღვრის გარღვევა.
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ქვემეხ D-30-დან გაუხსნეს ცეცხლი თოვუზის რაიონის სოფელ დონდარ გუშუს. სოფლის მცხოვრებლები არ დაშავებულან. „ჩვენი ჯარები ღებულობენ კიდევ უფრო სასტიკ ზომებს მოწინააღმდეგის ყველა პროვოკაციის წინააღმდეგ“, - იუწყება 13 ივლისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური.
რუსეთი, თურქეთი და კორონავირუსი
ამ ფონზე მხარეები ცდილობენ პასუხი გასცენ შეკითხვას, თუ რა შეიძლება იდგეს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეტაკების უკან.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები, დიპლომატები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ემხრობიან მოსაზრებას, რომ კონფლიქტის პროვოცირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, სურს დარწმუნდეს, თუ რამდენად მყარია რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა და დაეხმარება თუ არა რუსეთი.
„თუ ეს არ მოხდება, თუ რუსეთი სამხედრო ძალით დასახმარებლად არ მოვა, მაშინ ფაშინიანის გუნდი გაწყვეტს ურთიერთობას რუსეთთან და მიბრუნდება დასავლეთისაკენ, დაიწყებს პროდასავლური პოლიტიკის გატარებას. ეს არის ის, რაც მათ სურთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აზერბაიჯანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტოფიკ ზულფუგაროვმა.
პოლიტიკური მიმომხილველი ზარდუშთ ალიზადე თოვუზის ინციდენტში რუსეთის დაინტერესებას ხედავს იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მსხვილმასშტაბიან საბრძოლო მოქმედებაში გადაიზრდება.
„აზერბაიჯანი შეეცდება ჩაატაროს უფრო მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია, ვიდრე იყო 2016 წლის აპრილში და გაათავისუფლოს რამდენიმე რეგიონი. მაშინ „მშვიდობიანი“ რუსეთი საომარ მოქმედებებს შეწყვეტს. სომეხი ხალხი, რომელიც დაინახავს, რომ მისი ტერიტორია დაიკარგა, დაამხობს ფაშინიანს და ნებას დართავს რეგიონში მშვიდობისმყოფლების შესვლას“, - ვარაუდობს პოლიტიკური მიმომხილველი ზარდუშთ ალიზადე.
გეოპოლიტიკაზე აქცენტი არ კეთდება სომხეთში, სადაც თოვუზის ინციდენტში მხოლოდ აზერბაიჯანს და მის ხელისუფლებას ადანაშაულებენ „ანტისომხური კარტის“ გათამაშებაში.
თუმცა 13 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბაქოსთან ერთად თურქეთიც დაადანაშაულა რეგიონალური არასტაბილურობის პროვოცირებაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მხედველობაში ჰქონდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, „რომელშიც ის უსიტყვო მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს, აშკარა და უკვე ტრადიციადქცეული ანტისომხური ლოგიკით“, - იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური, სომხეთის მთავრობის პრესცენტრზე დაყრდნობით.
„თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ყველა შესაძლო მეთოდით“, - ნათქვამია თოვუზის ინციდენტის თაობაზე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
13 ივლისს ევროკავშირმა და რუსეთმა უკვე მოუწოდეს მხარეებს შეწყვიტონ ცეცხლი და დაუბრუნდნენ საზავო შეთანხმების შესრულებას.
„დაუშვებელია ვითარების ესკალაცია იმ დონეზე, რომ საფრთხე შეექმნას რეგიონს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ევროკავშირმა მოუწოდა მხარეებს დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და „მთელი ენერგია და რესურსები მიმართონ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ“.
ნიშანდობლივია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების ფონია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 1 ივლისს მიღებული რეზოლუცია, რომელიც კორონავირუსის კრიზისის გამო აუცილებლად მიიჩნევს ბრძოლების შეწყვეტას და ჰუმანიტარული პაუზის უზრუნველყოფას ყველა საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში.
სხვათა შორის, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც კორონავირუსის ეპიდემიის მხრივ ვითარება კვლავაც ძალიან არასახარბიელოა.
12 ივლისს თოვუზში დაწყებული საბრძოლო შეტაკების დროს აზერბაიჯანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ, რაც ყოველდღიურად 500-ით იზრდება, 21 041-ს მიაღწია. ეპიდემიის განმავლობაში აზერბაიჯანში ვირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა 306 პაციენტი.
13 ივლისს სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა კიდევ ერთი თვით გააგრძელოს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მარტის შუა რიცხვებში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა.
სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID-19-ით სომხეთში 13 ივლისს კიდევ 8 პაციენტი დაიღუპა, დაავადებულთა რაოდენობა კი 32 151-ს აღწევს.