Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილის პირველი წარმატება დე ფაქტო სასამართლოში


ახალგორის რაიონულმა სასამართლომ, რომლის სხდომებიც ცხინვალში იმართება, თამარ მეარაყიშვილის საქმე პროკურატურას უკან დაუბრუნა.

მოსამართლე ფატიმა ფარასტაევამ დააკმაყოფილა მეარაყიშვილის ადვოკატის შუამდგომლობა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების ახალგორის პროკურატურაში დაბრუნების თაობაზე. მოსამართლე დაეთანხმა მტკიცებას, რომ მეარაყიშვილის მიმართ ბრალდების დასკვნა შედგენილია მრავალმხრივი დარღვევებით, რაც გამორიცხავს იმას, რომ სასამართლომ მეარაყიშვილის მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანოს. კერძოდ, საქმეში არ არის მითითებული ჩადენილი დანაშაულების ადგილები და გარემოებები, მეარაყიშვილის კონკრეტული ქმედებები, რაც ვერ მისცემს სასამართლოს საფუძველს მეარაყიშვილის დანაშაულების საკითხზე იმსჯელოს. თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ პროკურორი დავით გურწიევი პროცესზე მოუმზადებელი წარდგა და საქმე ფაქტობრივ მტკიცებულებებზე კი არა, მოსაზრებებსა და ვერსიებზე ააწყო, რაც მოსამართლე ფარასტაევასათვის იმის საფუძველი გახდა, რომ ეს საქმე გამოძიებისთვის უკან დაებრუნებინა. სხვათა შორის, ახალგორის პროკურორი დავით გურწიევი ქართველი სამართალდამცავების მიერ უკვე იძებნება, არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგორის რაიონულმა პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღება, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენება და მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ რეგიონალური განყოფილების მიმართ ცილისწამება. მანამდე თამარ მეარაყიშვილი აღნიშნულ საქმეებში ეჭვმიტანილი იყო. პირველი საქმე მის მიმართ ადგილობრივმა პროკურატურამ 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრა. თამარ მეარაყიშვილმა ჯერ არ იცის, გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში. მისი აზრით, პროკურატურა უკან დახევას არ აპირებს, მაგრამ უკვე წაგებულ თამაშს თამაშობს. მეარაყიშვილი საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და ფიქრობს, რომ პროკურატურა მის პროცესებს მაქსიმალურად გააჭიანურებს.

თამარ მეარაყიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კრიტიკით ხშირად გამოდის, ამიტომ ამ საქმეების აღძვრისთანავე ის ფიქრობდა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდებოდა. თამარ მეარაყიშვილის დასაცავად არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აიმაღლა ხმა. მისი საქმე ევროკავშირის შუამავლობით გამართულ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც განიხილეს, თუმცა მეარაყიშვილი არ ფიქრობს, რომ საერთაშორისო რეზონანსის გამო ბიბილოვის ხელისუფლებამ მის მიმართ პოლიტიკური დევნა შეწყვიტა.

მეარაყიშვილის აზრით, სასამართლოში პირველი ეტაპის მოგების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასაც იმედი უჩნდება, რომ იქ, სადაც ადამიანის უფლებები ყოველდღე ფეხქვეშ ითელება, ბრძოლას მაინც აქვს აზრი.

XS
SM
MD
LG