„მივდივარ ახალგორის პროკურატურაში, სადაც დაკითხვაზე ვარ დაბარებული. შესაძლოა, დღესვე დამაპატიმრონ. მზად ვარ ყველაფრისთვის. არ არსებობს ბუნებაში ისეთი დანაშაული, რაც შეიძლება დამაბრალონ და არ შევეცადო ჩემი სიმართლის დამტკიცებას“, - ეს პოსტი ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა ორიოდე დღის წინ დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე. მან უკვე იცოდა, რომ ახალგორის პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დაკითხვიდან, შესაძლოა, ვეღარც დაბრუნებულიყო.
თვალთვალი
პროკურატურის უწყების მოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე თამარ მეარაყიშვილის სახლთან, ოკუპირებულ ახალგორში, უცხო მანქანა გამოჩნდა, რომელმაც სასურველი ადგილი შეარჩია და იმ ადგილას საეჭვოდ დიდხანს დარჩა. თამარს ადრეც უთვალთვალებდნენ, ამიტომ ხელწერა ეცნო. მას შემდეგ, რაც მანქანას ფოტოებიც გადაუღო და თავისი ეჭვის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა, ნახევარ საათში მანქანამ ის ადგილი დატოვა.
მრავალბინიანი სახლი, რომელშიც თამარი ცხოვრობს, დაბა ახალგორის იმ ნაწილში დგას, სადაც ახლომახლო მჭიდრო დასახლება არ არის. ირგვლივ მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებია, რომლებიც ღამით ცარიელია, და მოშორებით - მილიციის განყოფილება. თამარი ხშირად სულ მარტოა ხოლმე მთელ შენობაში, რადგან კორპუსში, ერთი-ორი მეზობლის გარდა, არავინ ცხოვრობს. იმ ღამით, ბედად, მეზობლადაც ენთო სინათლე.
როდესაც დილით გარეთ გამოვიდა, მოთვალთვალე მანქანის ადგილას დაყრილი არყისა და ლუდის ბოთლებს წააწყდა. იმის გაფიქრება, რომ მთელი ღამე მის კორპუსთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი უცნობები იდგნენ, დამშვიდების საფუძველს არ აძლევდა.
ბრალდება პასპორტის გამო
პროკურატურის უწყება თამარ მეარაყიშვილს ამცნობდა, რომ მის მიმართ მორიგი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თამარს აბრალებდნენ ოფიციალური დოკუმენტების, ჯილდოების, ბეჭდის, შტამპისა და ბლანკის გაყალბებას. პირველ ჯერზე პროკურატურაში მისულმა თამარ მეარაყიშვილმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.
საგამოძიებო ორგანოს ჩვენებას ის ადვოკატთან მოთათბირების შემდეგ მისცემს. საქმეს რუსულად აწარმოებენ, რუსული კანონმდებლობით. ადვოკატმა ვლადიკავკაზიდან უნდა იაროს - იკრამჟან რამატოვი თამარს წინა საქმეზეც ეხმარებოდა. ადვოკატის მომსახურების საფასური თამარმა უნდა გადაიხადოს, რაც არც ისე ცოტაა. და, ბოლოს და ბოლოს, რამდენიც უნდა იყოს, თამარ მეარაყიშვილის შემოსავალი ამას ვერ გასწვდება. შარშან, პირველი სისხლის სამართლის აღძვრის დროს, მას მოსახლეობამ შეუგროვა საჭირო თანხა. იმისათვის, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ტელეფონი და ინტერნეტი არ გაეთიშოს, რაღაც ფული სულ სჭირდება - სხვანაირად ახალგორში ცხოვრება, იქიდან ბრძოლა და თან გადარჩენა რთული ამბავია. იქ ინტერნეტიც ძვირია. არადა, ეს ერთადერთია, რაც თამარს იცავს: „მხოლოდ თბილისში კი არ შემიძლია დავრეკო და მივაწვდინო ხმა, მეგობრები და კეთილისმსურველები ცხინვალშიც მყავს“, - გვეუბნება.
ეთნიკურად ქართველთან ღიად ურთიერთობას, ცხადია, ოსები ერიდებიან. საშიშია. თუმცა ანონიმურად თამარს ბევრი ეხმარება - განსაკუთრებით, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები. სამიოდე თვის წინ სწორედ ცხინვალიდან გააფრთხილეს, რომ მალე პროკურატურა მიაკითხავდა.
მოკლედ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახლა თამარ მეარაყიშვილს ედავება, რომ მან სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი გაყალბების გზით მოიპოვა. „აქ ვინც ცხოვრობს, ყველას აქვს ეს პასპორტიც და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ეს ყველამ იცის, მაგრამ თვალს ხუჭავენ. მხოლოდ მაშინ გაგიხსენებენ, როცა მათთვის მიუღებელი ხდები. იყავი ჩუმად და პასპორტიც გექნება“.
რატომ ენდობიან?
სხვადასხვა მიზეზია. მაგალითად, როდესაც შარშან თამარ მეარაყიშვილის მიმართ პირველად აღიძრა სისხლის სამართლის საქმე (მაშინ ახალგორის პროკურატურა თამარს აბრალებდა მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამებას. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ გაკეთებულ რეპორტაჟში მან თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, ანატოლი ბიბილოვის მომხრეები დაბაში ყველაზე მსუყე ადგილებს ინაწილებენ), სამოქალაქო სექტორის ხალხი ამბობდა, ჩვენ დღეს ვიცავთ მეარაყიშვილს, მაგრამ ვფიქრობთ იმაზე, რომ ხვალ, შესაძლოა, ჩვენც იგივე დაგვემართოს, რადგან ხელისუფლებისათვის მიუღებელ ადამიანებს ასე ექცევიანო. სხვათა შორის, ის საქმე გაიყინა - ამ დრომდე თამარს ბრალი ვერ დაუმტკიცეს.
მიზეზი, ალბათ, მრავალწლიანი პირდაპირი და უკომპრომისო ურთიერთობებიცააო, თავად თამარ მეარაყიშვილი ამბობს.
„ალბათ, ისიც, რომ რითიც შემიძლია, ვეხმარები ჩემი ქართული კონტაქტებით ხშირად მათაც, ვისაც არ უნდა ვეხმარებოდე. და კიდევ, ზუსტად ვიცი, ყველამ იცის, რომ ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება, ჩემთვის გამოგონილი პრობლემები და ბრალდებებია. ეს იწვევს თანაგრძნობას“.
შიში და ხელსაქმე
„არ მეშინია“, - ამბობს თამარი, იმიტომ რომ... და ჩამოთვლის და ჩამოთვლის: რომ იქ დაიბადა, გაიზარდა, რომ დედა იქაა, მამაც იქაა, რომ საფლავებიც იქაა, რომ ეს მისი ქალაქია, რომ ამ ქალაქთან საუკეთესო მოგონებები აკავშირებს და რომ არ უნდა შორიდან იოცნებოს ადგილზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მისთვის:
„ბევრია ასეთი. წასულები. ერთადერთი, რასაც ნატრობენ, აქ დაბრუნებაა. არ მინდა მაგაზე ვოცნებობდე“.
არც ახალგორშია ადვილი. ხანდახან კვირა ისე ჩაივლის, გარეთაც არ გადის. ადრე საღამოობით სეირნობდა ხოლმე, ახლა - ერიდება. გამორიცხული არ არის, რამე პროვოკაციაში ჩამითრიონო. ყველაზე მეტად ცოცხალ ადამიანებთან კონტაქტი ენატრება - ინტერნეტი ამ დანაკლისს ძნელად ავსებს. მისი 21 წლის სტუდენტი შვილი თბილისში სწავლობს. როგორც კი დასვენების დღე აქვს, დედასთან ჩადის, მაგრამ თამარი ძირითადად მაინც მარტოა.
თუმცა სულ მარტო არა. კატა ჰყავს, მელანია. კიდევ ოთახის მცენარეებს უვლის. ამ ბოლო დროს ცოტას ვარჯიშობს. ცეკვა უყვარს, მაგრამ რადგან ახალგორში ვერსად იცეკვებ, სახლშიც მშვენივრად ახერხებს, მარტო. კიდევ, კულინარიული ექსპერიმენტები, მურაბების მოთუხთუხება. დრო - ბევრია. და მთავარი, რომლითაც ბოლო დროს მცირეოდენ შემოსავალს იღებს, მისი ახალი გატაცებაა - მძივებით გულსაბნევების კეთება.
„თითქოს სამსახურში მივდივარ, დილით ვჯდები ჩემს სამუშაო მაგიდასთან და ახალ ნამუშევრებს ვაკეთებ“. - რამდენჯერმე თბილისშიც გამოგზავნა და აქ გაიყიდა. თუ სამსახური არ გაქვს ახალგორში თავის გატანა არ არის ადვილი.
იქ კი, ახალგორში
ქუჩების ნაწილი გადათხრილია. ათი სახლიდან - შვიდი დაკეტილი. ეზოებს ბალახმა გადაუარა. ქუჩებში ადამიანები კანტიკუნტად დადიან. სახლი - სამსახური. როგორც თამარი გვიამბობს, „მხოლოდ თენდება და ღამდება“. მთავარია, პრობლემა ახალგორს არ გასცდეს, ცხინვალამდე არ ჩააღწიოს. მაგრამ ამის გარანტია ადგილობრივ ხელისუფლებას ვერ ექნება. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე თამარ მეარაყიშვილი ახალგორში ცხოვრობს და ხმამაღლა ლაპარაკობს. და ლაპარაკობს კორუფციულ გარიგებებზე მთავრობაში, დანგრეულ ინფრასტრუქტურაზე, უსამართლობაზე, ძალადობაზე.
„აქ არის ძალიან ღრმა საბჭოთა კავშირი. ხელისუფლება არის მართალი, ხალხს ვინ ეკითხება! ყველაფერს გადაწყვეტს პარტია. და ცხადია, როცა მე ამბავს ავტეხ ხოლმე, ეს არავის სიამოვნებს. მერე ერთვება მედია, მერე კონკრეტული უწყებები იძულებულნი არიან რეაგირება მოახდინონ. და ვიცი, იმასაც ამბობენ, ყელში ამოგვივიდა ეს თამარ მეარაყიშვილიო“.
2014 წელს, დავით ბაშარულის გაუჩინარების ამბავიც პირველად თამარ მეარაყიშვილისგან გავრცელდა. ბაშარული, რომელიც ახალგორის მილიციის შენობაში დაკითხვაზე შეიყვანეს, მას შემდეგ ცოცხალი აღარავის უნახავს.
აი, ასეა
თბილისში თამარ მეარაყიშვილი ბოლოს 2017 წლის 16 აგვისტოს იყო ჩამოსული. დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს და მას შემდეგ აღარ აქვს გადაადგილების უფლება. მხოლოდ ცხინვალში თუ ჩავა - ისიც სასამართლოზე ან რაიმე მსგავს საკითხზე. იზოლაციაში ყოფნა მძიმეა, მაგრამ ერთ დღეს თამარმა თავის თავს უთხრა:
„რა მაქვს სადარდებელი, მსოფლიოში უამრავი ქალი ცხოვრობს კონფლიქტის ზონაში. და მათ ჩემდენი რამის გაკეთებაც არ შეუძლიათ. ზოგი ცოცხალიც აღარ არის. ამიტომ, ვიდრე ცოცხალი ვარ, ვიდრე შემიძლია რაღაცის კეთება, ასე ვიქნები, არ ვიწუწუნებ“.