ყოფილი სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ სამინისტრომ კონტრაქტის შეწყვეტის გამო მის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საქმე უკან გაითხოვოს.
კონტრაქტის ცალმხრივად ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო სამინისტრო ყოფილი თანამშრომლისგან ჯარიმის - 28 000 ლარის - გადახდას ითხოვს.
მხოლოდ ამ კურსზე მისი გადამზადებისთვის დაიხარჯა 49 ათასი ამერიკული დოლარი, რასაც ემატება ათობით ათასი ლარი, საქართველოში წლების განმავლობაში მის გადამზადებაზე დახარჯული სახსრების სახით...სამინისტროს განცხადება
სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებამ სამხედრო მფრინავი აშშ-ში ავიაციის კაპიტნის საკარიერო მომზადების კურსებზე სწორედ ამ კონტრაქტის საფუძველზე მიავლინა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს ძვირი დაუჯდა.
“მხოლოდ ამ კურსზე მისი გადამზადებისთვის დაიხარჯა 49 ათასი ამერიკული დოლარი, რასაც ემატება ათობით ათასი ლარი, საქართველოში წლების განმავლობაში მის გადამზადებაზე დახარჯული სახსრების სახით”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ეკატერინე ქვლივიძე ადასტურებს, რომ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, 4 თვეში, მან მართლაც შეწყვიტა კონტრაქტი, თუმცა ეს გადაწყვეტილება იძულებითი რეაქცია იყო ხელმძღვანელობის დამოკიდებულებაზე.
აშშ-დან დაბრუნების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ დააქვეითეს და ფრენების ნაცვლად გორის სამხედრო აკადემიაში ავიაციის კაპიტნებისთვის სწავლება შესთავაზეს. “ეს ჩემთვის მფრინავობაზე უარის თქმას ნიშნავდა”, - განაცხადა მან დღეს პრესკონფერენციაზე.
ეკატერინე ქვლივიძე ამბობს, რომ ყოფილი მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ წიკლაურისგან შეიტყო, რომ მას აღარ ჰქონდა საფრენოსნო პროგრამაში მონაწილეობის შანსი.
„ვინაიდან არის მცირე რესურსები საფრენ აპარატზე, ამ რესურსების ქალ მფრინავში დახარჯვას არ ვაპირებთ და ზემოდან, ზოგადად, ქალი მფრინავიც არ სჭირდებათ და იცოდეო. მთელი წლის განმავლობაში შენ ფრენის არანაირი იმედი არ გქონდესო“,- ჰყვება ეკატერინე ქვლივიძე.
სამხედრო მფრინავი ამბობს, რომ მართალია მან უარი თქვა გორში სამხედრო ქვეითის შტატზე, მაგრამ ტრენერად დარჩა კრწანისის სასწავლო ცენტრში. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ მას ავღანეთში ქართულ მისიაში სამსახურის დაწყების ნებართვა აღარ მისცა.
ვინაიდან არის მცირე რესურსები საფრენ აპარატზე, ამ რესურსების ქალ მფრინავში დახარჯვას არ ვაპირებთ და ზემოდან, ზოგადად, ქალი მფრინავიც არ სჭირდებათ და იცოდეო. მთელი წლის განმავლობაში შენ ფრენის არანაირი იმედი არ გქონდესო...ეკატერინე ქვლივიძე
სამინისტროში ამბობენ, რომ მათ ეკატერინე ქვლივიძეს აცნობეს, თუ რა ოდენობის ჯარიმა ექნება გადასახდელი კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მან ხელმოწერით დაადასტურა.
ხელშეკრულების მიხედვით, ეკატერინე ქვლივიძეს კონტრაქტის ცალხრივად შეწყვეტის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება ჯარიმა - 28 000 ლარი, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი დამატებითი თანხაა გადასახდელი პირგასამტეხლოსთვის. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ასევე ეკრძალება მუშაობის დაწყება საჯარო სამსახურსა და იმ დაწესებულებებში, სადაც სახელმწიფო 50 %-ზე მეტ წილს ფლობს.
ეკატერინე ქვლივიძის ადვოკატის, შალვა ღვთისავრიშვილის, თქმით, "ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინიტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ", სადაც ეკატერინე ქვლივიძის სამსახურის ვადად 8 წელია განსაზღვრული, კაბალურია და თანამშრომელს ყოველგვარი პრეტენზიის წარდგენის საშუალებას ართმევს.
სამინისტროში ამბობენ, რომ ეკატერინე ქვლივიძეს სამსახურის პერიოდში ხელმძღვანელობისთვის არავითარი წერილობითი პრეტენზიით არ მიუმართავს და პრეტენზიები მხოლოდ სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა.
ეკატერინე ქვლივიძემ დახმარებისთვის "ადამიანის უფლებათა ცენტრს" მიმართა. სასამართლო პროცესი 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოშია ჩანიშნული.