Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ოჯახი განათლების მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს


დირექტორის სამუშაო ადგილი
დირექტორის სამუშაო ადგილი

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ვაჟი, ბაჩანა შენგელია, პროკურატურას მიმართავს დედის, ია კერზაიას, გარდაცვალების მიზეზების დასადგენად. ბაჩანა შენგელია გამოძიების დაწყებას ითხოვს ოთხი პირის, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის წინააღმდეგ.

როგორც ბაჩანა შენგელიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, 9 ნოემბერს, მინისტრის ბრძანებით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების ჯგუფი მოულოდნელად შევიდა, რასაც დედის ნერვიულობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა და 9 დეკემბერს მისი გარდაცვალებით დასრულდა. ბაჩანა შენგელია მიხეილ ბატიაშვილის გარდა ასახელებს ინსპექტირების ჯგუფის ორ წევრს - ელისო ჯაფარიძეს, ნოდარ წამალაშვილსა და მათ ხელმძღვანელს. შენგელიას შეფასებით, ამ პირების მხრიდან, სულ მცირე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება იკვეთება. ბაჩანა შენგელიას თქმით, სკოლის შემოწმებას წინ უძღოდა მისი დედის „პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა“, რადგან ია კერზაიამ უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

ძალიან განიცდიდა. ჩემთანაც უთქვამს, რომ სკოლის გარეშე ერთი დღეც არ შეუძლია და მას არ აქვს არანაირი დანაშაული. აბსოლუტურად ყველა სკოლაში, გამონაკლისის გარეშე, არის ის .. დარღვევები, რომელსაც მე შეცდომას უფრო დავარქმევდი. ასეთი ყველგან არსებობს. სხვა სკოლებში შეიძლება ბევრად მეტი იყოს, მაგრამ მას ებრძოდა მთელი ეს სახელმწიფო მანქანა. ამ ფაქტს ძალიან განიცდიდა“, - გვითხრა ბაჩანა შენგელიამ. მისივე თქმით, დედის ნერვიულობა ყველაზე კარგად ჩანს ვიდეოჩანაწერში, რომელიც სკოლაშია გადაღებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე 3 დღით ადრე. ბაჩანა შენგელიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ია კერზაია მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს მიმართავს, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ და ამბობს:

გადავწყვიტეთ, რომ შევისწავლოთ აღნიშნული ფაქტი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველმხრივად - არა მხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ არის თუ არა სხვა სამართალდარღვევის ნიშნები.
ნინო ლომჯარია

„რა ვქნა ამ ბავშვების გარეშე, როგორ ვიყო, არ ვიცი. ამბობენ, რომ ვისაც სახლი დაუწვეს, იმაზე უბედური არისო ის, ვინც დაწვა ეს სახლი. ვინც ჩემზე მიიტანა, რომ მე მასწავლებლებს არასწორად ვეუბნები და არ ვუწევ საარჩევნო აგიტაციას და ამას ყვა ეს ყველაფერი, იმას - არ ვიცი, როგორ გითხრათ - ღმერთი უფრო დასჯის, ალბათ.

ამ ჩანაწერის გაკეთებიდან სამ დღეში ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, სადაც გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა ია კერზაიას გადარჩენა ვერ მოხერხდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მისი ვაჟი, ბაჩანა შენგელია, აპირებს ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან, რომელსაც ია კერზაიამ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მიმართა. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მის აპარატში შესულია წერილი დისკრიმინაციული მოპყრობის შესწავლის თხოვნით.

კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზებას. საერთოდ, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, რათა მოგვეცეს საშუალება ვიმუშაოთ იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც სამინისტროს გააჩნია.
ლევან ხარატიშვილი

„გადავწყვიტეთ, რომ შევისწავლოთ აღნიშნული ფაქტი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველმხრივად - არა მხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ არის თუ არა სხვა სამართალდარღვევის ნიშნები, იმიტომ რომ აქ საუბარია ზეწოლაზე საარჩევნო მიზნებით, საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ამიტომ ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს“, - უთხრა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველსა და ყველა სხვა უწყებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს განათლების სამინისტრო. მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა სამინისტროს სახელით მწუხარება გამოთქვა ია კერზაიას გარდაცვალების გამო. ხარატიშვილის განმარტებით, სკოლებში ინსპექტირება ტარდება მხოლოდ სტანდარტების შესაბამისობის დასდგენად.

კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზებას. საერთოდ, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, რათა მოგვეცეს საშუალება ვიმუშაოთ იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც სამინისტროს გააჩნია. რაც შეეხება თვითონ პროცესს, ეს არის ინსტიტუციების შეფასება და შემოწმება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. სამინისტრო ახორციელებს და კვლავაც განახორციელებს ნებისმიერი საჯარო სკოლის ინსპექტირებას იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს შესაბამისი“, - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.

განათლების სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება ჩატარდა მოქალაქის განცხადების საფუძველზე და გამოვლინდა მძიმე დარღვევები, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში. სამინისტროსავე ცნობით, სკოლაში დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და ა. შ. სამინისტრომ დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაუგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს, რომელიც, თავის მხრივ, არ დაეთანხმა ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლებას და ის გარდაცვალებამდე სკოლის დირექტორად რჩებოდა.

XS
SM
MD
LG