Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის გუნდი უარყოფს ცნობას, რომ იმიჯის შელამაზებისთვის მან ვაშინგტონში 70 ათასი დოლარი გადაიხადა


უკრაინის ახლა უკვე არჩეული პრეზიდენტის წინასაარჩევნო შტაბი უარყოფს, რომ ვაშინგტონში დაიქირავა ფირმა, რომელსაც მისი იმიჯის უკეთ წარმოჩენისთვის 70 ათასი დოლარი გადაუხადეს. ინფორმაცია, რომ ასეთი სამსახური აღსრულდა და სათანადო თანხაც გადახდილ იქნა, დაადასტურა საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთმა ფირმამ, სახელწოდებით „Signal Group Consulting, LLC”.

კომპანიის თანახმად, მან ზელენსკისთვის გასწია შესაბამისი სამსახური ვაშინგტონში 3 აპრილიდან 21 მაისამდე, ანუ იმ პერიოდში, როცა წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, რასაც პრეზიდენტად არჩევა და ფიცის დადება მოჰყვა. ფირმა იტყობინება, რომ ორჯერ გადაურიცხეს თანხა: თავიდან - 60 ათასი დოლარი მომსახურებისთვის და 9,371.80 დოლარი პირადად მარკუს კოენისთვის, რომელიც ზელენსკის სახელით მოქმედებდა. ფირმამ 17 ივლისს წარუდგინა ანგარიში იუსტიციის უწყებას. ანგარიშში აღწერილია ფირმის მიერ გაწეული სამსახური, რის შესახებაც მისმა აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯონ პროქტორმა, წერილში მხოლოდ გაამხილა, რომ ფირმამ გაუწია მომსახურება ზელენსკის პარტიას, „ხალხის მსახურს“, მარკუს კოენის მეშვეობით და ურთიერთობა დასრულდა 21 მაისს. მან თქვა, რომ დეტალები აღწერილია „უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის“ აღნიშნულ უწყებაში წარდგენილ ფაილში. კოენი მიუწვდომელია და ამ თემაზე საუბარი მასთან ვერ მოხერხდა.

41 წლის ყოფილმა კომიკოსმა, ზელენსკიმ, 21 აპრილს სარეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, და 20 მაისს თანამდებობა დაიკავა. მისმა პარტიამ, იმავე სერიალის სახელწოდებით, რომელმაც სახელი გაუთქვა მას, საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიგო.

ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, რომელმაც ის ვაშინგტონში დაპატიჟა, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან. ზელენსკის ოფისმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში ვიზიტი გვიან აგვიტოს ან ადრე სექტემბერშია დაგეგმილი.

შემამსუბუქებელი შეხვედრები

„სიგნალის“ ანგარიშში აღწერილი საქმიანობის თაობაზე რადიო თავისუფლებამ შეიტყო 17 აპრილს, როცა დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდა ფართო საზოგადოებისთვის. ანგარიშში წერია, რომ ფირმა დაიქირავა საპრეზიდენტო კანდიდატისა და მისი პარტიისთვის კოენმა, რათა „გაეუმჯობესებინა ვლადიმირ ზელენსკის - ‘ხალხის მსახურის’ პროფილი“.

ზელენსკის შტაბმა უარყო, რომ „სიგნალი“ ჰყავდა დაქირავებული, თუმცა მისი ოფიციალური წარმომადგენელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩანდა, სხვა აზრისა იყო. მან განაცხადა, ერთობ მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან ზელენსკის მხარდაჭერაო.

აშშ-მა უკრაინას რეფორმებისთვის, ეკონომიკის სტიმულირებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და თავდაცვისუნარიანობის დასაცავად მილიარდობით დოლარი გამოუყო. ზელენსკის შტაბის უარყოფის მიუხედავად, სამუშაო, რომელზეც „სიგნალის“ ხელმძღვანელმა ჯონ პროკტორმა ილაპარაკა რადიო თავისუფლებასთან აპრილში და რომელიც, ჩანს, შესრულდა, მოიცავდა კანდიდატის გუნდის წევრების შეხვედრებს ოფიციალურ პირებთან კონგრესში, ტრამპის ადმინისტრაციაში, მედიასთან, კვლევით ცენტრებსა და პოლიტიკურ წრეებში. ამას ფირმის ანგარიში ადასტურებს და მოჰყავს კიდეც იმ ხუთი კონსულტანტის გვარი, რომლებიც ჩართული იყვნენ ლობისტებად ხელშეკრულებაში. ფირმის ამ ანგარიშში არაა ნახსენები ზელენსკის საარჩევნო კამპანიის არც ერთი წევრი. პროქტორმა თავის დროზე, აპრილში, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ფირმა კონსულტაციას უწევდა მაშინ პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერს, ივან ბაკანოვს, რომელიც ზელენსკიმ დანიშნა უკრაინის საშინაო უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად, და მრჩეველი ეკონომიკის სფეროში ოლეგ დუბინა, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი ვაშინგტონში ვიზიტის დროს. დოკუმენტი ასევე იტყობინება, რომ „სიგნალს“ სურდა შეხვედრები გამართულიყო სახელმწიფო დეპარტამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, კონგრესში, სენატორებთან, სხვა პირებთან, ასევე მედიასაშუალებებთან, როგორიცაა „სი-ენ-ენი“, „ვაშინგტონ პოსტი“და სხვა. არაა ცნობილი, ვის შეხვდა ზელენსკის ხალხი ვიზიტის დროს. ისინი 15-17 აპრილს ვაშინგტონში გადაადგილებისთვის მოიხმარდნენ ტაქსის, „ლიფტს“ და „უბერს“ და მხოლოდ ერთხელ დაიქირავეს ლიმუზინი, რისთვისაც 330 დოლარი გადაიხადეს. ყველაზე მაღალი ანგარიში მათ წარუდგინეს ძვირად ღირებულ რესტორანში, BLT Steak-ში, რომელიც ვაგიუს ჯიშის საქონლის იაპონურ და ამერიკულ ხორცს მოიხმარს. ვახშამი რესტორანში 1912.90 დოლარი დამჯდარა.

სხვა პრობლემა: ანდრეი ბოგდანი

ვლადიმირ ზელენსკიმ 2 აგვისტოს დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ბოგდანმა მართლა დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. ჟურნალისტებთან საუბრის დროს ივანო-ფრანკოვსკში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება წინასწარ დაწერა მისი გუნდის „ყველა“ წევრმა იმის დასტურად, რომ არ „ებღაუჭებიან ძალაუფლებას“.

ამასთან, ზელენსკიმ დასძინა, რომ ბოგდანის გადადგომის გადაწყვეტილება მიღებული არ არის და იგი რჩება თავის პოსტზე. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის შეკითხვაზე, ხომ არ ხდება მედიისადმი ნდობის შერყევა იმით, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ბოგდანმა თითქოს განცხადება დაწერა თანამდებობის დატოვების შესახებ და ამას არ მოჰყვა ოფიციალური განცხადება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „არაფერს ის არ არყევს და რომ ბოგდანმა მართლაც დაწერა განცხადება“.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის გადადგომა გახდა უკრაინის მედიის განხილვის მთავარი თემა. გამოქვეყნდა უთარიღო განცხადების ფოტოც, რომელშიც საკუთარი სურვილით გადადგომაზეა საუბარი. 2 აგვისტოს ბოგდანმა დაადასტურა სინამდვილე ამ განცხადებისა, რომელიც, მისი ვარაუდით, „პროვოკოციის“ მიზნით გავრცელდა ქსელში „გამომძიებელი ჟურნალისტების“ ან სპეცსამსხურების მიერ.

ოპონენტებმა უფრო ადრე პრეზიდენტი ზელენსკი გააკრიტიკეს მაღალ თანამდებობაზე ბიზნესმენ იგორ კოლომოიისკის ყოფილი იურისტის, ანდრეი ბოგდანის, დანიშვნისთვის. ამტკიცებდნენ, კერძოდ, რომ მას ეხება კანონი ლუსტრაციის შესახებ.

ნაწილი მიმომხილველებისა ასევე წერდა, რომ ბოგდანის გადადგომა შესაძლოა იყოს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების პირადი შეხვედრის პირობა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იურისტმა რუდოლფ ჯულიანიმ ადრე ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვა, ტრამპის ოპონენტებთან კავშირის გამო გააკრიტიკა.. მიმომხილველების ვარაუდით, საუბარი შეეხებოდა ასევე ანდრეი ბოგდანს.

XS
SM
MD
LG