ქუთაისის მერიაში უარყვეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის, ბრალდება მის ახლო ნათესავზე ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნის მხრიდან ზეწოლის შესახებ. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლევან კინწურაშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძის ბრალდება არც ერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს. კინწურაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პასუხგაუცემელი შეკითხვები არ დარჩეს და მართლმსაჯულების სრულყოფილად აღსრულებაში, პირველ რიგში, გარდაცვლილი მოზარდების ოჯახები დარწმუნდნენ.
ზაზა სარალიძემ 10 ივნისს ასევე განაცხადა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში, რომელიც მისი მშობლიური სოფელია და ახლო ნათესავები ცხოვრობენ, ასევე დააშინეს ადამიანები და თბილისში აქციაზე წასვლის საშუალება არ მისცეს. გამგებლის წარმომადგენელი ფუთის ადმინისტრაციულ ერთეულში გია ჩხაიძე მსგავსი ფაქტების არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ თავადაც სურს გაარკვიოს, ვინ მიაწოდა ზაზა სარალიძეს ცრუ ინფორმაცია.
ზაზა სარალიძემ იმერეთის რეგიონში მის მხარდამჭერებზე ზეწოლის შესახებ 10 ივნისს განაცხადა თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაიმეორა...
10 ივნისს ზაზა სარალიძემ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციაც დაადანაშაულა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულებზე ზეწოლაში. აქციაზე წასვლის მსურველთათვის ხელის შეშლა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უარყო „ფეროს“ თანამშრომელმა გოგა ბრეგვაძემ.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულებისთვის თბილისში აქციაზე წასვლის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი კახა მაჩიტიძე. მისი განცხადებით, საწარმოში დასაქმებულებისთვის ხელის შემშლელი პირობები არ არსებობს.
მოქალაქეებზე ზეწოლის შესახებ ზაზა სარალიძის მიერ 10 ივნისს გაკეთებული განცხადებებით სამართალდამცავების დაინტერესებას მიიჩნევს საჭიროდ ქუთაისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ბრეგაძე, რომელიც თბილისში აქციაზე იმყოფებოდა. ბესიკ ბრეგაძის აზრით, აუცილებელია საგამოძიებო ორგანოებმა გამოიკვლიონ, განხორციელდა თუ არა ზაზა სარალიძის ახლობლებსა და აქციაზე წასვლის მსურველ სხვა მოქალაქეებზე რაიმე სახის ზეწოლა. ბესიკ ბრეგაძისავე განცხადებით, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მგზავრების წაყვანისგან თავი შეიკავეს მიკროავტობუსების მძღოლებმა. ზეწოლის ფაქტებზე თავად ბრეგაძეც ლაპარაკობს.
ზაზა სარალიძემ იმერეთის რეგიონში მის მხარდამჭერებზე ზეწოლის შესახებ 10 ივნისს განაცხადა თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გაიმეორა და თვითმმართველ ორგანოებსა და კერძო კომპანიას მოუწოდა ზეწოლისგან თავი შეიკავონ.