4 მარტს, ღამის ოთხ საათზე, როგორც ბევრს სჯერა ეთნიკურ ნიადაგზე მოკლული ვიტალი საფაროვის დედის, მარინა ალანაკიანის ტელეფონზე მოულოდნელად ერთდროულად რამდენიმე შეტყობინებება შევიდა - გაუკვირდა, რადგან, წესით, ამ დროს ყველა მის ახლობელს ეძინა და ფეისბუკი გახსნა - იქ კი ფაშისტური და ქსენოფობიური შინაარსის შემცველი პოსტები დახვდა.
მარინამ თავისი პოსტების ქვეშ, მათ შორის, ვიტალის დაბადების დღის მისალოცი პოსტის ქვეშ, უცხო პირების კომენტარები აღმოაჩინა, ოღონდ ამ კომენტარებმა მარინა ალანაკიანის ყურადღება ჯერ იმიტომ მიიქცია, რომ მისი ავტორები პროფილის სურათად ვიტალის ფოტოებს იყენებდნენ - ვინმე ადოლფ ბაქრაძე, ადოლფ ხიმშიაშვილი და სხვა, სავარაუდოდ, ყალბი პროფილების მფლობელები და მეორე, ისინი ფაშისტურ და ქსენოფობიურ ტექსტებს პოსტავდნენ, მათ შორის, ებრაელების მიმართ, მათი განადგურების მოწოდებებით, ჰიტლერის მოხსენიებით და ა.შ.
„ძალიან დავიძაბე. ისე შემეშინდა, რომ იმ წამს ყველა დავბლოკე, მაგრამ მეორე დღეს უკვე ჯგუფი შექმნეს საზიზღარი დასახელებით, რომელსაც ვიტალის ფოტოებს ადებდნენ და დღეში რამდენჯერმე ცვლიდნენ“, - გვიყვება მარინა ალანაკიანი.
ზოგიერთი გვერდი ფეისბუკში ახლაც იძებნება. მაგალითად, ერთ-ერთია, „ვიტალი საფაროვის მოსახსენიებლად“ - მისივე ფოტოთი.
დღემდე არსებობს დახურული ჯგუფი შეურაცხმყოფელი სახელწოდებით, რომელიც 6 მარტს არის შექმნილი და 16 წევრი ჰყავს - პროფილის სურათზე ვიტალი საფაროვის ფოტო დავითის ვარსკვლავით არის ჩანაცვლებული.
ვიტალის ოჯახისთვის, რომელიც დღემდე სააპელაციო სასამართლოში იბრძვის იმისთვის, რომ დადგინდეს მათი შვილის სწორედ ეთნიკური ნიშნით მკვლელობის მოტივი, ეს მორიგი შემოტევა მძიმე დარტყმა იყო - მარინა ალანაკიანმა მაშინვე პოლიციას მიმართა და საქმის გამოძიება მოითხოვა.
პოლიციის განყოფილებაში პირველად მისვლისას, როგორც მარინა ეუბნება რადიო თავისუფლებას, მისი მონათხრობი სერიოზულად არც მიიღეს, უთხრეს, ფეისბუკპოსტებზე რატომ ღელავთო. მან განცხადება მაინც დაწერა. პოლიციას, სახალხო დამცველსა და პროკურატურას მიმართა საფაროვის ოჯახის ადვოკატმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ეკა ქობესაშვილმაც.
ჯერჯერობით ოჯახისა და მისი ადვოკატისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება, რადგან 6 მარტის შემდეგ მათ პოლიციიდან არავინ შეხმიანებია.
შსს-ს ჩვენც არაერთხელ ვთხოვეთ დაზუსტება - დაიწყო თუ არა მარინა ალანაკიანის განცხადების საფუძველზე ამ საქმის მოკვლევა და დაინტერესდა თუ არა პოლიცია, ვინ დგას ამ ფაშისტური მოწოდებების უკან. თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
ეკა ქობესაშვილი მიიჩნევს, რომ ამ საქმეში იკვეთება დანაშაულის ნიშნები - როგორც მარინა ალანაკიანის პროფილზე თავდასხმის მხრივ, ისე ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის ღია მოწოდებების თვალსაზრით. ეს, როგორც ადვოკატი ფიქრობს, სწორედ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ თავის დროზე, როცა ვიტალის მკვლელობის საქმეს იძიებდნენ, არ დაკმაყოფილდა ოჯახის მოთხოვნა შეესწავლათ ასეთი ფაშისტური და ნაცისტური მოწოდებების გამავრცელებელი ჯგუფები, მათი წარმომავლობა და დაფინანსება.
„ამ მხრივ არაფერი გაკეთდა. არადა, მაშინვე ნათელი იყო, რომ საფაროვის საქმეზე ორი ადამიანის დასჯა ვერ აღკვეთავდა მომავალში ძალადობას. ჩვენ მაშინაც ვნახეთ, რომ ვიტალის საქმეზე დაკავებული ორი ადამინი მარტონი არ მოქმედებდნენ. მათ ჰყავდათ თანამოაზრეები, ისინი იყვნენ გარკვეული დაჯგუფებების წევრები. ამიტომ ვითხოვდით ამ დაჯგუფებების იდენტიფიცირებას და მათი წარმომავლობის შესწავლას და ამ გზით პრევენციული ღონისძიების გატარებას. სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობამ გამოიწვია ამ ადამიანების ძალადობრივი ქმედებების და სიძულვილის გავრცელების წახალისება“, - უთხრა ეკა ქობესაშვილმა რადიო თავისუფლებას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობისა და განვითარების ცენტრმა“, სადაც ვიტალი მუშაობდა, საჯაროდ მიმართა შსს-ს და ასევე მოითხოვა ამ საქმით დაინტერესება.
„ბოლო რამდენიმე კვირაა, ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით მოკლული ჩვენი კოლეგის, უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის ოჯახს სიძულვილის წარმოუდგენელ ტალღასთან უწევს გამკლავება.
ფოტოებზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ ტოვებენ ყალბი პროფილები ნაცისტურ მესიჯებს ვიტალის ოჯახის წევრების სოციალურ ქსელებში და იყენებენ ვიტალის ფოტოებს. ბოლო ფოტოზე კი შეგიძლიათ ნახოთ, თბილისის ებრაული სასაფლაოს ღობე, რომელზეც ნაცისტური სიმბოლიკაა მიხატული. ახლა სიმბოლიკა გადაღებილია, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ებრაული სასაფლაოს შემოგარენში და ქალაქის მასშტაბით სვასტიკას და სიძულვილის მესიჯებს ვხედავთ“, - ვკითხულობთ ცენტრის განცხადებაში.
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეს დღემდე სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
დარჩენილი იყო მხოლოდ ერთი სხდომა, თუმცა მოსამართლის შეცვლის გამო, საქმის განხილვა თავიდან დაიწყო. საფაროვის ოჯახი მოითხოვს, დადგინდეს ის ფაქტი, რომ ვიტალი სწორედ ეთნიკურ ნიადაგზე მოკლეს და არა რიგითი ქუჩური გარჩევისას.
საფაროვის საქმე
ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულ ავთანდილ კანდელაკიშვილსა და გიორგი სოხაძეს ბრალი ედებოდათ ვიტალი საფაროვის განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.
ეს დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109.2.დ.ე. მუხლით ისჯება და 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
თუმცა 2019 წლის 27 ივნისს, მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბრალდებულებს მკვლელობის მოტივად მოუხსნა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობა და ბრალდებულები მხოლოდ განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და 15-15 წელი პატიმრობა მიუსაჯა.