Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის როგორ ესმის დასავლეთის ხმა


„ქართული ოცნების“ ხელისუფლება სერიოზულად არ აღიქვამს საერთაშორისო თანამეგობრობის სულ უფრო გახშირებულ მკაცრად კრიტიკულ მესიჯებს. ყველაფერი ინფორმაციის ნაკლებობას, მცდარი ინფორმაციის გავრცელებასა და ოპოზიციასთან დაახლოებული პოლიტიკოსების აქტიურობას მიეწერება. ოპონენტები კი თვლიან, რომ უპრეცედენტოდ მზარდი, ღია კრიტიკა „ქართული ოცნებას“ კარგს არაფერს უქადის და მას არჩევნის გაკეთება მოუწევს.

რამდენად ადეკვატურია „ქართული ოცნების“ სიმშვიდე? დგას თუ არა მმართველი პარტია რეალური არჩევნის წინაშე? რა შეიძლება მოჰყვეს საერთაშორისო თანამეგობრობის სიგნალებს?

მწვავე კრიტიკა და „ქართული ოცნების“ სიმშვიდე

საერთაშორისო თანამეგობრობის ბოლოდროინდელ კრიტიკულ მესიჯებს 21 იანვარს ახალი, მოცულობითი ნაკადი დაემატა. ბრიუსელში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარებმა „ქართულ ოცნებას“ შეახსენეს, რომ:

  • აუცილებელია არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული დაპირების შესრულება;
  • თუკი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე დიალოგი შედეგს არ გამოიღებს, დაზარალდება საერთაშორისო ნდობა 2020 წლის არჩევნების მიმართ;
  • ძველი საქმეებისთვის ოპოზიციურ პარტიათა ლიდერების გასამართლება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აღძრავს;
  • ევროკავშირისკენ მიმავალ, დემოკრატიულ ქვეყნაში პოლიტპატიმრები არ უნდა იყვნენ;
  • მიუღებელია თავდასხმა ოპოზიციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიაზე.

ევროპარლამენტის კომიტეტის მწვავედ კრიტიკული სხდომის დასრულების შემდეგ, ასევე 21 დეკემბერს, ამერიკელმა კონგრესმენმა, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კიდევ ერთი მწვავედ კრიტიკული წერილი გაიგზავნა საქართველოს პრემიერის სახელზე.

ეს უკვე მეორე ორპარტიული წერილია, რომელიც კონგრესმენებმა გიორგი გახარიას გაუგზავნეს. გამოქვეყნებულ ტექსტში ნათქვამია, რომ ოთხი კონგრესმენი ამ ახალი წერილით გამოთქვამს „ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე.“

ასევე 21 იანვარს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, გიორგი გახარიასთან შეხვედრისას, წუხილი გამოთქვა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების ვერმიღების გამო.

ხაზი გაესვა დესტაბილიზაციის საფრთხესაც, რაც შეიძლება მოჰყვეს შეუთანხმებლობას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, საერთაშორისო პარტნიორების მესიჯებში „ქართულმა ოცნებამ“ შეშფოთების საფუძველი ვერც ამჯერად დაინახა.

  • საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ შექმნილი სიტუაცია ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია და ეს პრობლემა დაგეგმილი ვიზიტებითა და მართებული ინფორმაციის მიწოდებით აღმოიფხვრება;
  • „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ „1 არხს“ უთხრა, რომ 2020 წლის არჩევნებამდე არის საკმარისი დრო საერთაშორისო პარტნიორების სწორად ინფორმირებისთვის და არჩევნების შედეგების აღიარებას საფრთხე არ ემუქრება;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ხაზი გაუსვა წარსულ სიახლოვესა და თანამშრომლობას კრიტიკულად განწყობილ ევროპარლამენტარებსა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის.

ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საგანგებოდ მიანიშნებენ, რომ ევროპარლამენტში კრიტიკული განწყობა ბუნებრივად ჰქონდათ ევროპარლამენტარებს ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფიდან (EPP), რადგან სწორედ ამ პოლიტიკურ ოჯახშია „ნაციონალური მოძრაობა“.

თუმცა 21 იანვარს კრიტიკული შეფასებები ისმოდა ასევე სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლისგანაც (Group of the Greens/European Free Alliance, European Conservatives and Reformists Group, Group of the Progressive Alliance of Socialists and Democrats in the European Parliament). მათ შორის არის, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ სწორედ ის პოლიტიკური ოჯახი, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიეკუთვნება.

ანალიტიკოსები სრულიად არაადეკვატურად მიიჩნევენ „ქართული ოცნების“ სიმშვიდეს. ზოგი თვლის, რომ ეს სიმშვიდე მხოლოდ გარეგნულ სახეს ატარებს და წესით, პარტიაში ყველაფერს კარგად უნდა აცნობიერებდნენ.

„ყულფი, რომელიც იკვრება“

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძისთვის, „ქართული ოცნების“ არაადეკვატური რეაქციები კუთხეში მიმწყვდეულის პოზიციიდან გამომდინარეობს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, დასავლეთის გზავნილები სრულიად ნათელია.

„დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული თამაშის წესებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რაც პირველ რიგში, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტრუქციული ნაბიჯებით უნდა გამოიხატოს“.

თუკი ეს არ მოხდება, პოლიტოლოგი „ქართული ოცნებისთვის“ არცთუ სახარბიელო მომავალს ხედავს:

  • „ეს არის ყულფი, რომელიც იკვრება „ქართული ოცნების“ კისერზე“;
  • „თუკი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც იგივენაირი მკაცრი ტონი მოიმარჯვა, იმის იქით უკვე სანქციების დაწესებაღა რჩება“.

სანქციების დაწესების მოსალოდნელობას არც საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე გამორიცხავს. მისთვის ცხადია, რომ „ბოლო დროს „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები დასავლურ საზოგადოებაში არადემოკრატიულად, ნეგატიურად აღიქმება“ და „ერთგვარ კულმინაციას“ აღწევს არცთუ ახლო წარსულში გამოთქმულ სხვადასხვა კრიტიკული შეფასებებთან კავშირში.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს დასავლეთი ახლა ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება. მაგრამ თუკი იმედი საბოლოოდ გადაიწურება, შესაძლოა ამ პროცესში არა თუ მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ საქართველოც დაზარალდეს.

გიორგი მუჩაიძის თქმით, არ არის გამორიცხული:

  • „გარკვეულწილად საერთაშორისო დახმარებების დაბლოკვა და მათი მიღებისთვის გარკვეული პირობების წამოყენება“;
  • „შეფერხდეს საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე - რაც საგარეო უსაფრთხოების პრიორიტეტებს წარმოადგენს“.

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერ ისევ დიალოგის შედეგებს ელოდება და შემდგომი მოვლენებიც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ დასრულდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

„პროპორციული არჩევნების იდეა არ არის იდეაფიქსი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დიქტატის რეჟიმშია გადასული და გავლენიან პირებს ძალაუფლების ყველა შტო პრაქტიკულად ხელში აქვთ ჩაგდებული და ეს მოცემულობა როგორმე უნდა შემცირდეს. ამას ცდილობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - ეუბნება გამზარდია რადიო თავისუფლებას.

ევროპელი და ამერიკელი კანონმდებლების მიერ გაკეთებული განცხადებები, გამზარდიას თქმით, ნამდვილად ყურადსაღები უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“:

  • „არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპარლამენტარები თუ კონგრესმენები არიან წარმომადგენლობითი სტატუსის მქონე პირები. ისინი წარმოადგენენ სახელმწიფოებრივ პოზიციასაც. ისინი არ ლაპარაკობენ როგორც მოქალაქეები, რაც არ უნდა მყარი პირადი კავშირები ჰქონდეთ ვიღაცეებთან“
  • „კრიტიკული სიგნალების მიზანი ის არის, რომ ნახონ, როგორ აირეკლება ეს სიგნალები საზოგადოებაზე, ხელისუფლებაზე და შემდეგ მოჰყვება ხოლმე ამას ყველაფერი დანარჩენი“.

„ქართული ოცნება“ ჯერჯერობით არ აპირებს უკან დახევას პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით. ასეთ მოცემულობაში გამზარდია საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას მოელის, მაგრამ ასეთ შედეგს ძირითადად იმ შემთხვევაში პროგნოზირებს, თუკი „მაღალი იქნება შიდა წინააღმდეგობა და საზოგადოების საპროტესტო მუხტი".

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG