მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა კავკასიაში ძალთა (რამდენადმე) ახალი კონფიგურაცია შექმნა. კამათის საგნად იქცა, კონკრეტულად როგორია ის და რა მოაქვს მას ჩვენთვის.
მეც ვფიქრობ, რომ შედეგები ცალსახა არ არის, მაგრამ მაინც შევეცდები წინასწარი ბალანსის გამოყვანას.
დიდი მოთამაშეები
რუსეთი ამ ეტაპზე აშკარა გამარჯვებულია. ისე გამოვიდა, რომ მან ომი მაშინ გააჩერა, როცა თავად ჩათვალა საჭიროდ. ამავე დროს, მან გადალახა წარმოდგენა, თითქოს ამ კონფლიქტში სომხეთის „პატრონია“; ის ორივე მხარის პატრონობს და ისე უნაწილებს წყალობებს, როგორც სწორად მიაჩნია. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, ვინაა უფროსი ამ რეგიონში.
შეიქმნა ახალი, მყიფე ბალანსი: სომხეთს სასიცოცხლოდ სჭირდება კორიდორი მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ნაწილთან, ხოლო აზერბაიჯანს - ნახჭევანთან; ორივეს რუსეთი გააკონტროლებს.
სომხებს სრული საფუძველი აქვთ, მოტყუებულად იგრძნონ თავი: ისინი რუსეთისგან გაცილებით მეტს ელოდნენ. მაგრამ რუსეთის ჩარევა რომ არა, მთიანი ყარაბაღი მთლიანად აზერბაიჯანული გახდებოდა, მისი სომხური მოსახლეობა კი ლტოლვილად იქცეოდა. სომხეთისთვის რუსეთი, ერთდროულად, მოღალატეცაა და მხსნელიც. მასზე დამოკიდებულების ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა.
რუსეთმა აზერბაიჯანზე გავლენის ახალი სერიოზული ბერკეტიც მოიპოვა. აზერბაიჯანი მანამდეც უწევდა ანგარიშს რუსეთს, მაგრამ აქამდე მეტად შეეძლო, დამოუკიდებელი თამაში ეთამაშა.
რუსეთს საფასურის გადახდაც მოუწია: კონფლიქტის დარეგულირებაში თურქეთის როლის ლეგიტიმაცია. თუმცა, ჯერ არ არის ცხადი, კონკრეტულად როგორი იქნება ეს როლი. თურქეთი მონაწილეობას მიიღებს კონფლიქტის მონიტორინგის ცენტრის მუშაობაში: მაგრამ რაში იქნება ამ ცენტრის ფუნქციები (თუკი საერთოდ ექნება რეალური ფუნქცია)? ეს ჯერ არ ვიცით; სამაგიეროდ, ვიცით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსულ ენაზე შედგა, კონფლიქტის უშუალო მხარეებთან ერთად, მას პუტინმა მოაწერა ხელი და არა ერდოღანმა და მასში რუსეთის და არა თურქეთის სამშვიდობო ძალებზეა ლაპარაკი.
ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთის როლის ზრდა ანგარიშგასაწევ ცვლილებად არ მივიჩნიოთ. თურქეთის როლის თუნდაც სიმბოლური აღიარება რუსეთის მხრიდან იძულებითი ნაბიჯია. თურქეთის პროტეჟემ, აზერბაიჯანმა, სერიოზულ სამხედრო წარმატებას მიაღწია. ადამიანების მეხსიერებაში ჩაიბეჭდა, რომ მისი (ისევე როგორც ისრაელის) იარაღი რუსულს ჯობია. არავინ იცის, როგორი იქნება ამ ორი ძალის ბალანსი სამხრეთ კავკასიაში; მათ შორის მეტოქეობა, როგორც ამერიკელები იტყვიან, ამ რეგიონის „ახალი ნორმალური ვითარებაა“.
წაგებული დასავლეთია. აქამდე მინსკის ჯგუფი აღიარებული იყო კონფლიქტის გადაწყვეტის ძირითად საერთაშორისო ფორმატად, თუმცა ის დიდი ხანია, პასიური იყო. ახლა ის თამამად შეიძლება დავივიწყოთ. კონფლიქტის „მაყურებლებად“ რუსეთი და თურქეთი დარჩნენ; დასავლეთის მას ხელს ვერაფრით უშლის. როგორც ეს ორნი შეთანხმდებიან, ისე იქნება. თუ ვერ შეთანხმდნენ, მერე სანერვიულო გაგვიჩნდება.
ამ კონტექსტში თურქეთის ნატოს წევრობაც შეგვიძლია დავივიწყოთ: რეგიონში ის სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს და აზრად არც მოსდის, თავისი პოზიცია მოკავშირეებს შეუთანხმოს. კავკასიაში თურქეთის უფრო მეტად „შემოსვლა“ რუსეთს დიდად არ სიამოვნებს, მაგრამ მისი ნატოსგან ფაქტობრივი „მოწყვეტა“ საკმარისზე მეტი კომპენსაციაა.
უშუალო მონაწილეები
თუ ათვლის წერტილად სექტემბრის დასაწყისს, ანუ მეორე ომის დაწყების წინა პერიოდს ავიღებთ, ყველაფერი ცხადია: აზერბაიჯანმა მოიგო, სომხეთმა კი წააგო. პირველის კონტროლის ქვეშ მნიშვნელოვანი ტერიტორია გადავიდა. აზერბაიჯანელ ლტოლვილთა უდიდეს უმრავლესობას შეეძლება მშობლიურ მხარეებში დაბრუნება, თუ ამას მოისურვებს. ქვეყანა წაგებულის სინდრომისგან განიკურნა და საკუთარი ძალების რწმენა შეიძინა. ილჰამ ალიევის დიქტატურას არც მანამდე ემუქრებოდა რამე, ახლა კი ის ეროვნული გმირის სტატუსს შეიძენს და მამის ჩრდილიდან გამოვა.
სომხეთისთვის ომი, პირიქით, დიდი ტრამვაა. სასწაულის ტოლფასი იქნება, თუ ნიკოლ ფაშინიანის შედარებით უფრო დემოკრატიული და პროდასავლური მთავრობა მას არ გადაყვა. მაგრამ თუ ამოსავლად 9 ნოემბრის დილას ავიღებთ, მოგებულის და წაგებულის პოზიციები შეიძლება შეიცვალოს. აზერბაიჯანს ახალი აღებული ჰქონდა ქალაქი შუშა; სომხეთის დასუსტებული და დემორალიზებული არმია მისი გამჩერებელი აღარ ჩანდა. რეგიონის მის ხელში დარჩენილი ნაწილის მოსახლეობამ სახლებიდან მასობრივი გაქცევა დაიწყო. შეიქმნა წარმოდგენა, რომ ომის გამოცხადებულ მიზანს - ყარაბაღის მთელი ტერიტორიის დაბრუნებას - აზერბაიჯანს დღეები, ან, მაქსიმუმ, კვირები აშორებდა.
და სწორედ ამ დროს, აზერბაიჯანი გაჩერდა. არავინ იცის, ათწლეულების შემდეგ ისტორია როგორ განვითარდება, მაგრამ, დიდი ალბათობით, 9 ნოემბრის ღამის შეთანხმების ხელმოწერით ილჰამ ალიევმა უარი თქვა მთიანი ყარაბაღის პრობლემის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტის უკანასკნელ შანსზე. პირიქით, ნიკოლ ფაშინიანმა ამ ნაბიჯით იხსნა „არცახი“, როგორც სომხები მთიან ყარაბაღს უწოდებენ. სომხეთმა ომი წააგო, მაგრამ თავი დააღწია მოახლოებულ ეროვნულ კატასტროფას.
შეგვიძლია მხოლოდ ვიმარჩიელოთ, კონკრეტულად რატომ მიიღო ილჰამ ალიევმა ეს გადაწყვეტილება: რა ბერკეტები აამოქმედა რუსეთმა, რამდენად იყო ეს შეთანხმება თურქეთთან მოლაპარაკების შედეგიც. ეს შეიძლება ოდესმე გავიგოთ, ან ვერც გავიგოთ. ჩვენ მხოლოდ Pax Russica-ს, რუსეთის დამყარებული მშვიდობის, პირობები ვიცით.
მთიანი ყარაბაღი გაყინულ კონფლიქტად რჩება, თუმცა ახალი ფაქტობრივი საზღვრებით. აზერბაიჯანი განაგრძობს ლაპარაკს, რომ მთიანი ყარაბაღი მთლიანად მისია, სომხეთი „არცახის“ დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისთვის იბრძოლებს. მაგრამ არსებობს რეალური სტატუსიც, რაც ნიშნავს არა მხოლოდ ტერიტორიის სამხედრო კონტროლს, არამედ მისი სიმყარის აღქმას სხვადასხვა მოთამაშის მიერ. ამ აზრით, მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ნაწილის მდგომარეობა ჩვენი ოკუპირებული რეგიონებისას მიუახლოვდა. ცხადია, არის მნიშნელოვანი განსხვავება: არც რუსეთს და არც სხვა არავის ნარჩენი ყარაბაღის დამოუკიდებლობა არ უღიარებია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ, მოხილვად მომავალში, ცვლილებას არც ერთ ამ შემთხვევაში აღარავინ ელის. ყარაბაღის ახალ ომს დიდხანს ელოდნენ; ახლა ამაზე აღარავინ იფიქრებს (შორეულ და გაურკვეველ მომავალზე არაფერს ვამბობ). ამ ნიშნით 2020 წლის აზერბაიჯან-სომხეთის ომის ობიექტური შედეგი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას ჰგავს.
თუმცა, განსხვავებაც დიდია. ამას ხმამაღლა არავინ აღიარებს, მაგრამ ნარჩენი ყარაბაღის ახალი ფაქტობრივი სტატუსი ორივე მხარისთვის ფსიქოლოგიურად შედარებით მისაღებია. აზერბაიჯანი აკონტროლებს თითქმის ყველა რეგიონს, სადაც პირველი ომის დაწყებამდე (1980-იანების მეორე ნახევარში) უმრავლესობას აზერბაიჯანელები შეადგენდნენ; ძირითადი დასახლებული პუნქტები, სადაც მაშინ სომხური უმრავლესობა იყო, რუსულ-სომხურ ხელშია. ორივე ომის შედეგად სახლი ბევრმა ადამიანმა დაკარგა, მაგრამ ლტოლვილთა რაოდენობა მაინც რადიკალურად შემცირდა პირველი ომის შემდგომ პერიოდთან შედარებით და გაცილებით ნაკლებია, ვიდრე აზერბაიჯანის სრული გამარჯვების შედეგად იქნებოდა. ობიექტურად, ბოლო ომის შედეგად ორივე მხარემ რაღაცა მიიღო: აზერბაიჯანმა - დაკარგული ტერიტორიები, სომხეთმა - ნარჩენი ყარაბაღის დაცულობის შედარებით უფრო მაღალი ხარისხი. გულის სიღრმეში ორივეს ეცოდინება, რომ „ესაა, რაცაა“ და ამ მდგომარეობას უნდა შეეგუოს.
თუ ასეა, როგორიც არ უნდა იყოს მხარეების ოფიციალური რიტორიკა, ყარაბაღის პრობლემა თანდათან ორივე ერის ყურადღების პერიფერიაზე გადაინაცვლებს. ომისთვის მუდმივი მზადყოფნა ნაკლებად იქნება უპირობო პრიორიტეტი. როგორც აზერბაიჯანს, ისე თურქეთს უფრო გაუადვილდება სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ფიქრი; ეს უფრო მტკივნებული შეიძლება აღმოჩნდეს სომხეთისთვის, მაგრამ პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, ნორმალიზაციის ხიბლმა შეიძლება გადასძალოს. ვიცით, რომ ორ ქვეყანას შორის მშვიდობა რუსეთის ინტერესებში არ შედის, მაგრამ ისტორია პარადოქსულია: იქნებ, „რუსულმა მშვიდობამ“ უფრო გრძელვადიანი დარეგულირების უკეთესი პირობები შექმნას. ცხადია, ეს მხოლოდ ვარაუდია.
შედეგები საქართველოსთვის
არც ომი და არც მისი დასრულების პირობები უშუალოდ არ შეგვხებია. საქართველოს როგორც ეთნიკურად სომხური, ისე აზერბაიჯანული თემი ცალ-ცალკე თავ-თავის თანამოძმეებს გულშემატკივრობდა, მაგრამ ერთმანეთთან მათ პრობლემები არ შექმნიათ. ომის ორივე მონაწილე საქართველოსგან მის მხარეზე ყოფნას მოითხოვდა და მოწინააღმდეგის ფარულ დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა ვერაფერს ამტკიცებდა. ისეთი არაფერი მომხდარა, რაც რომელიმე ქვეყანასთან საქართველოს ურთიერთობას სერიოზულად გაუფუჭებდა. ორივე მათგანს კვლავ სჭირდება საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და თითოეულ შემთხვევაში ეს ინტერესი ორმხრივია. ქვეყანას ომისგან სერიოზული მოკლევადიანი ზიანი არ მიუღია.
ცხადია, საქართველოსთვის არ არის სასურველი რუსეთის პოზიციების შემდგომი გაძლიერება რეგიონში, ისევე როგორც მისი ტრადიციული სტრატეგიული პარტნიორების, აზარბაიჯანის და თურქეთის, რუსეთთან მეტი დაახლოება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომის შემდეგ საქართველო, თავისი პროდასავლური კურსის გამო, კიდევ უფრო იზოლირებულია რეგიონში, ვიდრე აქამდე იყო.
მეორეს მხრივ, თუ დასავლეთი, ამერიკისა და ევროპის სახით, დაინტერებულია, რომ სამხრეთ კავკასიაში რაღაც ზომით გავლენა შეინარჩუნოს, საქართველოს ღირებულება მისთვის უნდა გაიზარდოს. ვერ გამოვრიცხავ, რომ მაიკ პომპეოს მოსალოდნელი ვიზიტი ამის აღიარებასაც ემყარებოდეს. წარმავალი ადმინისტრაციის ნაბიჯებს შეიძლება დიდი მნიშვნელობა არც მივანიჭოთ; მაგრამ ეს ვიზიტიც აჩვენებს, რომ ვაშინგტონის საგარეო-პოლიტიკური ისტებლიშმენტი საქართველოს მნიშვნელობას ხედავს. თუ ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წარსული გამოცდილებით ვიმსჯელებთ, შეიძლება იმედი გვქონდეს, რომ ის რეგიონის მიმართ შედარებით აქტიური პოლიტიკის მომხრე იქნება. ევროპა, ტრადიციულად, ნაკლებ მოქნილია, მაგრამ მეტად სტაბილურიც; არც მას უნდა მოსწონდეს რუსეთ-თურქეთის ახალი შეხმატკბილება სამხრეთ კავკასიაში; ამ კონტექსტში საქართველოს მიმართ ინტერესი მასაც უნდა გაეზარდოს. ვნახოთ.
ომის შედეგებმა საქართველოს ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები მოუტანა. მას სჭირდება მოქნილი, პრაგმატული, მრავალწახნაგოვანი და, ამავე დროს, აქტიური პოლიტიკა. რამდენად მზადაა ის ამისთვის? ეს უკვე სხვა თემაა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლების მოსაზრებებს.