Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვინ ვართ, ვერ გაგვიგია - არც იქით გვყავს პატრონი და არც აქეთ“


თხილის მიმღები პუნქტი ზუგდიდში
თხილის მიმღები პუნქტი ზუგდიდში

ოკუპირებულ აფხაზეთში, თითქმის მთლიანად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის მცხოვრებნი ამბობენ, რომ წელს თხილის კარგი და მაღალი ხარისხის მოსავალი აქვთ. მიუხედავად ამისა, იძულებულნი არიან თხილი ადგილზე უფრო იაფად გაყიდონ, ვიდრე ამას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეძლებდნენ.

როგორ ვიქნებით კმაყოფილი, როცა იქით ხუთ ლარს იძლევიან და აქეთ სამამდე არ არის მისული. დიდი ხარჯები გვაქვს.

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, დე ფაქტო ხელისუფლებას დანარჩენ საქართველოსთან „საზღვარი“ ხუთ თვეზე მეტია დაკეტილი აქვს. ამიტომ, სურვილის მიუხედავად, გალელებს მოსავალი ვერ მიაქვთ მეზობელ სამეგრელოს რეგიონში და იძულებული არიან ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო დათმონ იმ ფასად, რასაც აფხაზეთში ადგილობრივი მყიდველები შესთავაზებენ.

თუ დღეს ზუგდიდში 1 კილოგრამი თხილი, ხარისხის მიხედვით, 4-5 ლარი ღირს, ოკუპირებულ აფხაზეთში კილოგრამის ფასი დაახლოებით 35-70 რუსული რუბლი, ანუ 1.50-3 ლარია.

„როგორ ვიქნებით კმაყოფილი, როცა იქხუთ ლარს იძლევიან და აქეთ სამამდე არ არის მისული. დიდი ხარჯები გვაქვს. მუშებსაც ხომ უნდათ... იქით გადატანა არ შეიძლება... გადატანა კი არა, გადასვლასაც ვერ ვახერხებთ. ჩვენ ვართ მიტოვებულები ყველასგან. თხილია ჩვენი შემოსავალი. მეტი სამუშაო არაფერი აქ არ არის. ხარჯი მდენი აქვს და შემდეგ სამად რომ ჩააბარებ, რა უნდა დაგრჩეს?!“, - გვითხრა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრებმა ქალმა, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ. ისიც დაამატა, „ჩვენ ვინ ვართ ვერ გაგვიგია - არც იქით გვყავს პატრონი და არც აქეთ“-ო.

გალელები ამბობენ, რომ მარტის შუა რიცხვებიდან, როცა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაკეტა, რაიონის სოფლებში მცხოვრებთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ისინი თხილის მოსავალზე ამყარებდნენ იმედს, რომელიც არ გამართლდა.

თხილის ფასმა დაიწია. მანამდე 70 რუბლი [3 ლარი] ღირდა და გუშინ მითხრეს 35 რუბლი ღირსო [1.50 ლარი]

აფხაზეთში მოწეული თხილი მთლიანად რუსეთში გადის. ამ საქმით დაკავებული პირები დაინტერესებულნი არიან, რომ ადგილზე თხილი რაც შეიძლება იაფად იყიდონ. დღეს, როცა დანარჩენი საქართველოსკენ გზა დაკეტილია, მათ აფხაზეთში მთლიანად უკონკურენტო გარემო აქვთ. ადგილობრივ მოსახლეობას კი სხვა არჩევანი არ გააჩნია.

გალის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი მისი ანონიმურობის დაცვის პირობით გვიყვება, რომ კერძო პირების წარმომადგენლები სოფლებში სატვირთო ავტომანქანებით დადიან და თხილს პირდაპირ ეზოებიდან იბარებენ: დაივლის ქუჩას, შენს კართან გაჩერდება და წაიღებს. ქალაქშიც არის მიმღები პუნქტები, მიხვალ და ჩააბარებ. თხილის ფასმა დაიწია. მანამდე 70 რუბლი[3 ლარი] ღირდა და გუშინ მითხრეს 35 რუბლი ღირსო [1.50 ლარი]“.

ოკუპირებული აფხაზეთისგან განსხვავებით, სამეგრელოს რეგიონში თხილის ფასი მზარდია. ზუგდიდში მიმღები პუნქტები და საწარმოები კარგი ხარისხის კილოგრამ თხილს 5 ლარად იბარებენ და შემოდგომის ბოლოსთვის ფასის გაზრდას ელოდებიან. ვარაუდობენ, რომ მაქსიმალური ფასი 8-9 ლარი იქნება.

თხილის ჩამბარებელი პუნქტი
თხილის ჩამბარებელი პუნქტი

ამ მოლოდინის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი მოსავლის რეალიზაციას არ ჩქარობს. მიმღებ პუნქტებს აკითხავენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც სხვებზე უფრო მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და შემოდგომის ბოლომდე მოცდას ვერ შეძლებენ.

ზუგდიდის ერთ-ერთი მიმღები პუნქტის თანამშრომელი მამუკა თორდია გვეუბნება, რომ წელს აფხაზეთიდან თხილი არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ წინა წლებშიც, როცა ე.წ. საზღვარი გახსნილი იყო, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ დანარჩენ საქართველოში თხილი შემოვლითი გზებით გადმოჰქონდათ და არა ენგურთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტით, რადგან დე ფაქტო ხელისუფლება ასეთ საქმიანობას უკრძალავს.

„შარშან თხილის გული მოჰქონდათ, რომ რაოდენობით დიდი არ ყოფილიყო. მთელი კაკალი რომ წამოეღოთ, ამდენს ხომ ერთად ვერ გადმოიტანდნენ. ამიტომ გატეხავდნენ და მერე ერთი ტომრის მესამედი იქნებოდა გული და ის მოჰქონდათ. წელს ასეთი რამე არ მინახავს“, - გვითხრა მამუკა თორდიამ.

როდის გაიხსნება ე.წ. საზღვარი არავინ იცის. ენგურის ხიდი, რომელიც გალის რაიონს ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს, ცარიელია.

მარტის შუა რიცხვების შემდეგ, ამ ხიდზე ხალხმრავლობა 4-ჯერ იყო, როცა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დანარჩენ საქართველოში მყოფ მოქალაქეებს „საზღვარი“ დროებით და ცალმხრივად გაუხსნა, ამას „ჰუმანიტარული დერეფანი“ დაარქვა და განაცხადა, რომ „აფხაზეთის მოქალაქეებს“ მისცა სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG