Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სახლში ვბრუნდებით“ - აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის „საზღვარი“ ისევ დროებით გაიხსნა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის  პანდემიის მიზეზით დანარჩენ საქართველოსთან მარტიდან ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი ბოლო 5 თვის განმავლობაში უკვე მეოთხედ გახსნა. ამჯერადაც, მხოლოდ ცალმხრივად და დროებით. 

5 აგვისტოს გახსნილი „საზღვარი“ 9 აგვისტოს, საღამოს ჩაიკეტება და ენგურის ხიდი ისევ დაცარიელდება. როგორც დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, „საქართველოში დარჩენილებს“ შინ დაბრუნების შესაძლებლობას კიდევ ერთხელ აძლევს. ოკუპირებულ აფხაზეთში, ძირითადად, გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები დანარჩენ საქართველოში, უმეტესად, სავაჭრო და სამედიცინო მიზნებით იმყოფებიან.

მათთვის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, ამიტომ „საზღვრის“ გახსნის პირველ დღეს, 5 აგვისტოს, შინ დაბრუნების შესაძლებლობით ბევრმა ვერ ისარგებლა. როგორც ზუგდიდში მყოფი გალელები ამბობენ, დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილება წინასწარ არ გამოუცხადებია, ამიტომ არაფერი იცოდნენ.

დღეს, 6 აგვისტოს ენგურის ხიდთან შედარებით ხალხმრავლობა იყო. ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებთა ნაწილი სახლში 5 თვის შემდეგ პირველად ბრუნდება. მათ შორისაა ია გადელია. „გზა ხო გადაკეტილი იყო და ჩავრჩი. ახლა გახსნეს ცალმხრივად და სახლში ვბრუნდებით“, - გვითხრა ენგურის ხიდზე ია გადელიამ. მისი შვილები ზუგდიდში ცხოვრობენ. იას გალის რაიონში, საკუთარ მიწაზე თხილის მოსავლის აღება და გაყიდვა სურს, რათა შვილებს დაეხმაროს. წუხს, რომ ოკუპირებულ რეგიონში თხილი გაცილებით იაფია, ვიდრე, მაგალითად, ზუგდიდში: „იქ ჩალის ფასად უნდა გაყიდო. აქეთ თუ იქნება 10 ლარი, იქეთ იქნება 2. აქეთ ვეღარ გადმოიტან, მაგას გავყიდი და თუ გზა ისევ გაიხსნა, წამოვალ, მივუტან ჩემს შვილებს“.

გალის რაიონში თხილის მოსავლის ასაღებად ბრუნდება მარინა ზუხბაიაც. ოკუპაციის გამო, მისი ოჯახიც ორად გაიყო. შვილები ზუგდიდში ცხოვრობენ და განათლებას იღებენ, დანარჩენები კი, გალის რაიონის სოფელ ჩხორთოლში არიან და მიწას ამუშავებენ. მარინა ზუხბაია 6 თვეა შინ არ ყოფილა. „დეკემბრის ბოლოდან აქ [ზუგდიდში] ვარ. ვერ გადავედი, რაღაც გასაჭირი მქონდა, მერე კორონავირუსმა მომისწრო და დავრჩი. იქ მელოდება ჩემი ძმა“, - გვითხრა მარინამ. კიდევ როდის ნახავს ზუგდიდში მცხოვრებ შვილებს, არ იცის: „თუ გზა იქნა, გადმოვალ, თუ არა - დავრჩები იქ“.

ოკუპირებული აფხაზეთისკენ მიმავალმა მოქალაქეებმა ენგურის ხიდის მახლობლად, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან განთავსებულ საველე ჰოსპიტალში თერმოსკრინინგი გაიარეს. ასეთივე პროცედურის გავლა უწევთ ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, ე.წ. გამშვებ პუნქტთან, სადაც აფხაზ „მესაზღვრეებთან“ ერთად გალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებიც მორიგეობენ. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთ „საზღვრის“ გადაკვეთისას თან უნდა ჰქონდეთ „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი“, „უცხო ქვეყნის მოქალაქის, ან მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა“ და „ფორმა ნომერი ცხრა“.

საველე ჰოსპიტალი
საველე ჰოსპიტალი

სურვილის მიუხედავად, სახლში დაბრუნების შესაძლებლობით ყველა არ სარგებლობს. გალელების ეს ნაწილი ამბობს, რომ არ იციან, როდის მისცემს დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აფხაზ „მესაზღვრეებთან“ მოლაპარაკება და ქრთამის სანაცვლოდ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა შეძლეს, 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა ზუგდიდში მოუწევთ.

გალელებმა იციან, რომ ეს კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად კეთდება, მაგრამ მათთვის მიუღებელია, რადგან ასე ხშირად გადაადგილებას ვერ შეძლებენ. „ახლა რომ გადავიდე, აქეთ რომ დავბრუნდები, კარანტინში გამიშვებენ, რად მინდა ასეთი გადასვლა?! ეს ჩვენი ხელისუფლება გვიშლის ხელს. ასე ცხოვრება შეუძლებელია“, - გვითხრა გალელმა ვახტანგ ორჟონიამ.

გალელების ინფორმაციით, ზოგიერთი მათგანი სწორედ 14-დღიანი კარანტინის თავიდან ასაცილებლად აყენებს თავის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე და მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობს ოკუპირებული რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში მალულად გადმოსვლას. ამ გზით თავს არიდებენ არა მხოლოდ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან, არამედ ქართველ პოლიციელებთან შეხვედრასაც.

XS
SM
MD
LG