შპს „აერო ჰოლდინგ ჯორჯია“ (Aero Handling Georgia), რომელიც პრორუსი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის, ვალერი კვარაცხელიას შვილს, დავით კვარაცხელიას ეკუთვნის, 2023 წლის 21 აპრილს დარეგისტრირდა - 19 დღით ადრე, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებდა.
Aero Handling Georgia-ს მეორე მეწილე - დავით წივწივაძე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, „საქართველოს ავიახაზების“ დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის ახლო ნათესავია.
მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენას მალე „საქართველოს ავიახაზებიც“ განაახლებს.
რუსული „აზიმუტის“ მომსახურება
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ მიწისზედა მომსახურებას (ე.წ. Ground Handling) არა თავად „ტავი“, არამედ - კომპანია Aero Handling Georgia გაუწევს. კონკრეტულად რა ნებართვით და აეროპორტთან რა შეთანხმების საფუძველზე მოხდება ეს? – „ტავ ჯორჯიაში“ არ გვპასუხობენ.
რას გულისხმობს მიწისზედა მომსახურება?
ავიაგზამკვლევების თანახმად, Ground Handling-ი გულისხმობს სერვისების ფართო სპექტრს: მგზავრებისთვის ბილეთების შემოწმებას, რეგისტრაციას, ბარგის მიღებას თუ თვითმფრინავში მგზავრების ჩასხდომის პროცესის უზრუნველყოფას. კომპანიას შეუძლია მგზავრებისთვის VIP სერვისების შეთავაზებაც.
ასევე „მიწისზედა მომსახურებაში“ შედის აეროპორტში თვითმფრინავის გადაადგილება, შესაბამისი ადგილის დასაკავებლად თუ ლაინერების ტრაპით მომსახურება. სერვისი ხორციელდება როგორც თვითმფრინავების გაფრენამდე, ასევე - ჩამოფრენის შემდეგ, მხოლოდ - ხმელეთზე.
2000 წელს დაარსებული კომპანია „Aerohandling“-ი, რომელიც ისრაელის აეროპორტში ოპერირებს, Ground Handling-ის ჩამონათვალში კლიენტებს, ხელისუფლების ორგანოებთან მათი ინტერესების დაცვასაც ჰპირდება. ამ კომპანიის კლიენტების ჩამონათვალში „საქართველოს ავიახაზებიცაა“ (Georgian Airways).
წილები და მეწილეები
17 მაისს, რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო დაკავშირებოდა „საქართველოს ავიაზახების“ დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს - Aero Handling Georgia-სთან შესაძლო კავშირების გასარკვევად. მედიის თანახმად, სწორედ მისი დისშვილია დავით წივწივაძე, ამ კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი და ვალერი კვარაცხელიას ვაჟის - დავით კვარაცხელიას (60%) პარტნიორი.
იმავე ცნობებით, ისევე როგორც დავით კვარაცხელია და ვალერი კვარაცხელია, თამაზ გაიაშვილი და დავით წივწივაძეც ერთ საცხოვრებელ მისამართზე არიან დარეგისტრირებული.
იმისათვის, რომ ესა თუ ის კომპანია ამა თუ იმ ქვეყნის აეროპორტში, მეტად საპასუხისმგებლო Ground Handling-ს შეუდგეს, სპეციალური ნებართვა, ლიცენზიაა საჭირო, რაც მის შესაბამის მზადყოფნას დაადასტურებდა. ამ ლიცენზიებს საქართველოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უნდა გასცემდეს.
სააგენტოსგან ჯერჯერობით ვერ მივიღეთ პასუხი - როდის და რის საფუძველზე გაიცა შესაბამისი ლიცენზია ახლად დაფუძნებული Aero Handling Georgia-სთვის?
დავით კვარაცხელიასა და დავით წივწივაძის გზები სხვა ბიზნესშიც, მათ შორის, „საქართველოს ავიახაზებთანაც“ (Georgian Airways) იკვეთება.
- საჯარო რეესტრის ბაზაში არსებული დოკუმენტების მიხედვით, 2023 წლის თებერვალში დარეგისტრირებული კომპანიის - შპს „ბიზნეს ავია საქართველოს“ თავდაპირველი მეწილეები იყვნენ - Georgian Airways-ი (49%) და ნინო გაიაშვილი (51%), ხოლო კომპანიის დირექტორად მითითებული იყო - დავით კვარაცხელია.
- 2023 წლის მაისში კი, დავით კვარაცხელია „ბიზნეს ავია საქართველოს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა და დირექტორობაც შეინარჩუნა; ხოლო დარჩენილი 20% - დავით წივწივაძის საკუთრებაში გადავიდა.
ავიაციის სფეროს საექსპერტო წრეში „ბიზნეს ავია საქართველოს“ შესახებ ვერაფერი გვითხრეს. ინტერნეტში იძებნება მსგავსი სახელწოდების კომპანია - „ ბიზნეს-ავიაცია საქართველოში“, რომელიც კლიენტებს თვითმფრინავების ყიდვასა და დაქირავებასაც სთავაზობს. პორტალზე მითითებულია მისი ფრანგული წარმოშობა, თუმცა დიდწილად რუსულენოვანია და ოფისების ჩამონათვალში - საქართველოს შემთხვევაში მითითებული ტელეფონის ნომერი გვხვდება კიდევ არაერთ რუსულენოვან ვებპორტალზე - სხვადასხვა სერვისის შეთავაზების დროს.
რას აპირებს თავად „აზიმუტი“?
რუსული ავიაკომპანია პირველ რეისებს (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი) 19 მაისს შეასრულებს, ზუსტად 9 დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და 4 დღეში მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
„აზიმუტის“ ყველაზე მსხვილი მეწილე და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, უკრაინაში სანქცირებული პაველ უდოდი რუსეთის მედიასთან განმარტავს, რომ ავიაკომპანიამ ქართულ მხარეს წარუდგინა ხელშეკრულებები თვითმფრინავების მიწისზედა მომსახურებისა და საწვავით შევსების შესახებ.
რაც ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას შეეხება, უდოდი ამბობს, რომ „პირველ ეტაპზე“ საქართველოში გამოყენებული იქნება აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ტაჯიკეთში გამოყენებული პრაქტიკა, როცა რეისებს ბორტზე ინჟინერი დაჰყვება.
ერევანსა და სტამბოლში, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე რეისს ასრულებს, "აზიმუტს" ტექმომსახურების საკუთარი სადგურები აქვს.
„თბილისის აეროპორტში Superjet-ების [რუსული წარმოების თვითმფრინავი] ტექნიკური მომსახურება Transit Check-ის სახით (მომსახურების ყველაზე იოლი ფორმა) მოხდება, რომელსაც შეასრულებენ პილოტები. აუცილებლობის შემთხვევაში, თვითმფრინავს თავად მოვემსახურებით“, - ამბობს უდოდი.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ 17 მაისს განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენის ნებართვა მთავრობამ უფრო წინ დააყენა და ევროპარლამენტში პრეზიდენტის ვიზიტის ნებართვაზე ადრე გასცა.
„15 მაისს ძალაში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.
27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
19 მაისს, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განახლების პირველ დღეს თბილისში საპროტესტო აქცია იგეგმება.