უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ თვეებში, რაიან უესლი როუთს ხშირად ხედავდნენ კიევში. ის კიევში, ცნობილ ხრეშჩატიკის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებს ელაპარაკებოდა, ინგლისურად მიმართავდა, ტელეფონის ნომრებს იწერდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
კიევში ჩასული მოხალისეები მას უკრაინელი სამხედროების ერთგვარ თილისმად აღიქვამდნენ, თქვა კრისტოფერ ლუცმა. ის გერმანელი გახლავთ და ხელმძღვანელობს დახმარების ორგანიზაციას სახელად PHOENIX. ლუცი როუთს 2022 წელს რამდენჯერმე შეხვდა.
„რეკრუტერი, რომელსაც კისერზე ამერიკული დროშა ჰქონდა მოხვეული - ასე მოიხსენიებდა მას ყველა“, უთხრა ლუცმა რადიო თავისუფლებას. „ის მარტოხელა მგლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. კოლეგები და მეგობრები არ ჰყავდა“.
ეს იყო ორი წლის წინ. ახლა კი 58 წლის როუთი ეჭვმიტანილია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობაში. როუთი პოლიციამ ფლორიდაში 15 სექტემბერს დააკავა, მას შემდეგ, რაც საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს, რომ ის, როგორც ჩანს, იარაღს უმიზნებდა ტრამპს, როდესაც რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი გოლფს თამაშობდა ვესტ პალმ ბიჩის კლუბში.
როუთი დააკავეს შემთხვევის ადგილიდან გაქცევის შემდეგ. აგენტებმა შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს „კალაშნიკოვის ტიპის“ იარაღი, ორ ზურგჩანთასა და GoPro-ს კამერასთან ერთად“, - განუცხადა ჟურნალისტებს პალმ ბიჩის ოლქის შერიფმა რიკ ბრედშომ.
ჯერ არ ჩანს რაიმე მტკიცებულება, რომელიც როუთის ძალისხმევას უკრაინაში დააკავშირებდა ფლორიდაში მომხდარ ინციდენტთან. მისმა დაკავებამ გააოგნა ისინი, ვინც მას უკრაინაში ხვდებოდნენ. ის ხომ ქაოტურად, მაგრამ გულწრფელად ცდილობდა დახმარებოდა უკრაინას რუსეთისგან თავის დაცვაში.
„ეს რა ხდება? ვერ ვიჯერებ“, - თქვა ლუცმა, როდესაც როუთის დაკავების ამბავი შეიტყო.
უკრაინის მოხალისეთა რამდენიმე საბრძოლო ქვედანაყოფი მაშინვე დისტანცირდა როუთისგან და განაცხადა, რომ მასთან რაიმე კავშირი არ ჰქონიათ.
„როუთს არასოდეს უმსახურია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატის საერთაშორისო ლეგიონში. მას არანაირი კავშირი არ გააჩნია დანაყოფთან“, - დაწერა „ტელეგრამზე“ „საერთაშორისო ლეგიონმა“, ოფიციალურმა ქვედანაყოფმა, რომელიც უცხოელი მოხალისეებისგან შედგება. „მედიაში გავრცელებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება“.
2022 წლის აპრილში, როუთი დაესწრო კიევში ჩატარებულ მიტინგს „აზოვის ბატალიონის“ მხარდასაჭერად - ამ სამხედრო შენაერთს, ბევრი პატივს სცემს მისი საბრძოლო ოსტატობის გამო. საპორტო ქალაქ მარიუპოლში ბატალიონის წევრები რამდენიმე კვირის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ რუსეთის ალყას. ბევრი მათგანი ტყვედ ჩავარდა. ოჯახის წევრები კი შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიას აწარმოებდნენ და აქციებს აწყობდნენ მათი გათავისუფლების მოთხოვნით.
Associated Press-მა მიტინგზე ვიდეო გადაიღო, სადაც როუთიც ჩანს. მას ლურჯი ჟილეტი აცვია, ზურგზე აშშ-ის დროშა აქვს გამოსახული და ხელში უჭირავს პლაკატი, რომელსაც აწერია: „კორუფციას და ბოროტებას კიდევ 50+ წლის განმავლობაში ვერ შევეგუებით. დაასრულეთ რუსეთი ჩვენი შვილებისათვის“.
როუთი ასევე ჩანდა ვიდეოში, რომელიც 2022 წლის მაისში „აზოვის“ წევრების ნათესავების „ტვიტერის“ ანგარიშზე გამოქვეყნდა.
„გვსურს ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ რაიან უესლი როუთს არანაირი კავშირი არ აქვს "აზოვთან" და არასდროს ჰქონია კავშირი "აზოვთან", - დაწერა ამ ჯგუფმა 16 სექტემბერს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, - მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელსაც ისიც ესწრებოდა, ყველასათვის ღია იყო და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ის პროტესტის მონაწილეებმა კადრზე შემთხვევით აღბეჭდეს“.
ლუცმა, რომელიც რადიო თავისუფლებას გერმანიიდან ტელეფონით ესაუბრა, თქვა, რომ როუთს 2022 წლის ივნისში შეხვდა, როდესაც პირველად ჩავიდა კიევში.
„ძალიან კომუნიკაბელური და ექსტრავერტული ჩანდა. ჰიპერფოკუსირებული იყო უცხოელების უკრაინის ჯარში ჩართვის საქმეზე“, - თქვა ლუცმა.
„ერთხელ მე მას კიევში მანქანით ვატარებდი, როდესაც იდეა გაუჩნდა მოეძებნა ქარხანა უპილოტო თვითმფრინავების ასაგებად, დრონების მწარმოებელი ქარხანა“, - თქვა მან. „ჯარისკაცთან ერთად ვმგზავრობდით. რამდენიმე დაბალი რანგის ჯარისკაცი იყო. სახელი არ მახსოვს. ჯარისკაცი მას ისე, უბრალოდ ეხმარებოდა“.
ლუცმა თქვა, რომ მოგვიანებით როუთი სოციალურ მედიაში დაბლოკა, რადგან, მისი თქმით, როუთმა ის მესიჯებით აიკლო.
როუთის დაჟინებულობამ და მისმა მცდელობებმა მედიის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის იყო „ნიუზუიკი“ (Newsweek), რომლის რუმინულმა გამოცემამ მასთან მოკლე ინტერვიუ გამოაქვეყნა.
„ეს ნამდვილად შავ-თეთრი კონფლიქტია, - ეს მისი ციტატაა ჟურნალიდან, - ეს არის კეთილისა და ბოროტის ბრძოლა“.
უკრაინაში გამგზავრებამდე როუთი მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ გრინბოროში სახლების გადამხურავად მუშაობდა. აშშ-ის არმიაში არასოდეს უმსახურია.
გაზეთ Greensboro News & Record-ის თანახმად, მამაკაცი, რომელიც გაზეთში იდენტიფიცირებული იყო, როგორც როუთი და რომლის ასაკიც ემთხვევა, პოლიციამ 2002 წელს დააკავა მას შემდეგ, რაც ავტომატური იარაღით შენობაში გამაგრდა.
აშშ-ის მედიის ცნობით, ის მოგვიანებით ჰავაიზე გადავიდა.
როუთის სოციალური მედიის ანგარიშები - X-სა და ფეისბუკზე - 16 სექტემბრისთვის დახურული იყო. მაგრამ არქივში განთავსებული პოსტებიდან ჩანს, რომ ის ძირითადად ამერიკულ პოლიტიკასა და უკრაინის ომზე წერდა.
2023 წელს X-ზე პოსტების სერიაში როუთი ამტკიცებდა, რომ ის ეძებდა ავღანელ ჯარისკაცებს, რომლებიც მზად იყვნენ ემსახურათ ტაივანში ან ჰაიტიში.
სამუშაო ქსელის საიტ „ლინკდინზე“ როუთის სახელით გახსნილია პროფილი, რომელზე განთავსებული ინფორმაციაც ემთხვევა მის ბევრ ბიოგრაფიულ დეტალს. იქ ნათქვამია, რომ ის თვითდასაქმებული იყო ჰავაიზე დარეგისტრირებულ კომპანიაში, სახელად Camp Box Honolulu.
2023 წლის მარტში მან „ლინკდინზე“ გამოაქვეყნა ორი დაუთარიღებელი ფოტო. ერთზე, როუთი ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ დგას, მეორეზე კი - კიევის მაიდანზე. ფოტოებს ახლავს წარწერა: „ვაშინგტონსა და კიევში, ომისათვის ჯარისკაცების უზრუნველსაყოფად“.
როუთმა, როგორც ჩანს, „ამაზონზე“ თავისი სახსრებით გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „უკრაინის მოუგებელი ომი“ - ეს თავდაპირველად Associated Press-მა აღმოაჩინა.
„ამაზონის“ ვებსაიტზე წიგნი ახლაც იყიდება. მის შესავალში როუთი ვრცლად და ზოგჯერ აბდაუბდად წერს, თუ რატომ მიაჩნია უკრაინის დაცვა მნიშვნელოვნად:
„ვვარაუდობ, რომ მკაფიო უნდა ვიყო - ამჟამინდელ გზაზე უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მსოფლიოსთვის აუცილებელია, რომ გაიმარჯვოს და ამიტომ არის ეს წიგნი ასე მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველამ გავაცნობიეროთ, რომ წაგება გამორიცხულია და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ“, - წერია შესავალში.